„მუნჯი“ მონაზონი

ერთი მამა ჰყვებოდა, რომ ვინმე სწავლული, კეთილმსახური თეოპოლელი (ალექსანდრიელი) კაცი ემუდარებოდა ერთ დაყუდებულს, მიეღო თავისთან და ბერად აღეკვეცა.

– წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაგაჩნია, უფლის მცნების თანახმად გლახაკებს დაურიგე და მერე მიგიღებ. – უთხრა ბერმა.

ის კაცი წავიდა, შეასრულა რაც უთხრეს, და უკან დაბრუნდა.

მაშინ ბერი ისევ ეუბნება:

– აი კიდევ რა მცნება უნდა აღასრულო: არ ილაპარაკო.

ის დათანხმდა და ხუთი წლის განმავლობაში მდუმარებას იმარხავდა. მაშინ ყველამ, ვინც კი იცნობდა, მისი განდიდება დაიწყო. ბერმა შეიტყო ამის შესახებ და უთხრა:

– შენთვის აქ ყოფნა სასარგებლო არ არის. გაგზავნი ეგვიპტეში, საერთო საცხოვრებელ მონასტერში.

იგი ასეც მოიქცა, მაგრამ როდესაც მიდიოდა, ბერმა არ უთხრა, გაეგრძელებინა დუმილი თუ არა. და მანაც განაგრძო დუმილი მცნების მიხედვით.

აბბას, რომელმაც იგი მიიღო, სურდა შეემოწმებინა, მართლა მუნჯი იყო თუ არა. მან ის წერილით გაგზავნა მდინარის ადიდების დროს, რომ ის უკან მობრუნებულიყო და ნებით თუ უნებლიედ ეთქვა, რომ ვერ შეძლო გადასვლა. მაგრამ ის მივიდა მდინარესთან და მუხლი მოიდრიკა. ამ დროს მოცურდა ნიანგი, მონაზონი ზურგზე შეისვა და მეორე ნაპირზე გადაიყვანა. ამასთანავე, თვითონ აბბამ მას ერთი ძმა გააყოლა, რომ ენახა რას იზამდა. ამ ძმამ ყველაფერი დაინახა, დაბრუნდა და მოუყვა აბბას და ძმებს. მათ მოისმინეს და შეძრწუნდნენ.

მოვიდა დრო და ის მონაზონი აღესრულა. მაშინ აბბამ მის გამომგზავნელ დაყუდებულს შეუთვალა: „ის მუნჯი, რომელიც შენ გამოგზავნე, ღვთის ანგელოზი იყო“. დაყუდებულმა უპასუხა: „ის მუნჯი არ იყო, უბრალოდ იცავდა იმ მცნებას, რომელიც სულ თავიდან მივეცი, ამიტომაც რჩებოდა მუნჯად“.

როდესაც ეს ყველამ მოისმინა, გაოცდნენ და ღმერთი ადიდეს.

„ევერგეტინოსი“