სიმდაბლის მაძიებელი ბერი

ეგვიპტის ერთ მრავალრიცხოვან საერთო საცხოვრებელ მონასტერში, ქალაქ პანეფისის სიახლოვეს, მოღვაწეობდა აბბა და პრესვიტერი (მღვდელი) პანუფი, რომელსაც ყველა პატივს სცემდა მისი ასაკის, ცხოვრებისა და სამღვდელო ხარისხის გამო. რაკი ხედავდა, რომ საყოველთაო პატივისცემით გარემოცული ვერ შეძლებდა სასურველ სიმდაბლესა და მორჩილებაში მოღვაწეობას, ფარულად გაემართა თებაიდის განაპირა მხარისაკენ. იქ განიმოსა სამონაზვნო შესამოსელი და საერო სამოსში შემოსილი მივიდა ტაბენისის მონაზონთა კინოვიაში, – იცოდა, რომ იქ ყველაზე მკაცრად მოღვაწეობდნენ და ადგილის სიშორის, მონასტრის სიდიდისა და ძმების სიმრავლის გამო ადვილად შეძლებდა ისე ცხოვრებას, რომ ვერავის ეცნო. ბერი ძალიან დიდხანს იყო ჭიშკართან და ყველა ძმას ფეხებში უვარდებოდა, მონასტერში მიღებას სთხოვდა. ბოლოს მიიღეს დიდი უგულებელყოფით – ფიქრობდნენ, რომ ის ღრმად მოხუცია, რომელმაც მთელი ცხოვრება ერში გაატარა და სიბერეში მოიფიქრა მონასტერში წასვლა, როცა აღარ ძალუძს მონურად ემსახუროს თავის სიამოვნებებს; ამბობდნენ, რომ ის მონასტერში მიდის არა კეთილმსახურების გრძნობით, არამედ საკვების გულისთვის. ის, როგორც მძიმე სამუშაოსთვის გამოუსადეგარი მოხუცი, ბაღში განამწესეს და ერთ უმცროს ძმას მიაბარეს. აქ იგი სანატრელ სიმდაბლეში იღვწოდა და თავის ზედამხედველს ისეთი გულმოდგინებით ემორჩილებოდა, რომ არა მხოლოდ ბაღს უვლიდა ბეჯითად, არამედ ასრულებდა იმ საქმეებსაც, რომლებიც ყველას ძნელად ან მდაბლად ეჩვენებოდა, ანდა რომელთა წამოწყებისაც ეშინოდათ; თანაც ბევრ რამეს ღამით და ფარულად ასრულებდა, ისე, რომ ვერ ხვდებოდნენ ვინ გააკეთა. ამგვარად, ბერი სამ წელიწადს იმალებოდა თავისი ძველი მონაზვნებისგან, რომლებიც მას მთელ ეგვიპტეში ეძებდნენ. ბოლოს ერთმა კაცმა, ეგვიპტიდან ტაბენისის მონასტერში მისულმა, ძლივს იცნო იგი, დამცრობილი შესახედაობისა და მდაბალი საქმიანობის გამო, რადგან ბერი მიწას ბარავდა ზეთისხილის ხეებთან და საკუთარი მხრებით მოტანილ ნაკელს მათ ფესვებს აყრიდა. როდესაც მოსულმა ის დაინახა, დიდხანს გაკვირვებული შესცქეროდა, ბოლოს მიუახლოვდა და როცა დანამდვილებით იცნო სახით და ხმით, იმწამსვე ფეხებში ჩაუვარდა. ამით მან ყველა შემხედვარე გააკვირვა, – რატომ დაუჩოქა იმას, ვინც როგორც დამწყები, ერიდან ახლად მოსული, მათთან უკანასკნელად ითვლებოდა; შემდეგ კი უფრო დიდად განკვირდნენ, როცა მოსულმა მისი სახელი გამოუცხადა, რომელიც მათთანაც განდიდებული იყო. როცა ყველა ძმა ბერისგან შენდობას ითხოვდა იმისთვის, რომ უმეცრების გამო ამდენ ხანს იგი ახლადმოსულთა წესში ამყოფეს, ბერი ტიროდა იმაზე, რომ ეშმაკის შურის გამო დაკარგა საშუალება სიმდაბლეში წვრთნისა და ცხოვრების მორჩილებაში დასრულებისა, რომლის დასამტკიცებლადაც მან ბევრი ძებნის შემდეგ ყველაზე კარგი საშუალება იპოვა. ამის შემდეგ ის, ნების საწინააღმდეგოდ, თავის კინოვიაში წაიყვანეს; გზაში დარაჯობდნენ, რომ არ გაქცეოდათ.

თუმცაღა ბერი, დამდაბლების დიდი სურვილით აღძრული, დიდხანს აღარ გაჩერებულა მონასტერში; როგორც კი ხელსაყრელი ჟამი ნახა, ღამით გაემართა არა ახლო, არამედ შორეულ უცნობ ქვეყანაში, – ჩაჯდა გემში და ჩავიდა პალესტინაში; ფიქრობდა, იქ უკეთესად მიიმალებოდა, რადგან იმ ქვეყანაში მისი სახელი ცნობილი არ იყო. იქ იგი ჩვენს მონასტერში დამკვიდრდა, რომელიც იმ გამოქვაბულის შორიახლოს მდებარეობდა, რომელშიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ შობა ინება. ვინაიდან მთის მწვერვალზე მდგომი ქალაქი ვერ დაიმალება, არც ბერი დარჩა დიდი ხნით შეუმჩნეველი – ეგვიპტელმა მონაზვნებმა, რომლებიც მუდმივად დადიოდნენ წმიდა ადგილების მოსალოცად, იცნეს იგი და შეევედრნენ – თავის კინოვიაში დაბრუნებულიყო.

წმ. კასიანე რომაელის სწავლებებიდან