ღირსშესანიშნავი ამბები უცნობი ეგვიპტელი ბერების ცხოვრებიდან

იმპერატორ თეოდოსის მეფობისას, კონსტანტინოპოლის მახლობლად, პატარა სენაკში ერთი ბერი ცხოვრობდა. მისი საცხოვრებელი ქალაქის იმ კარიბჭესთან იყო, საიდანაც იმპერატორები ქალაქგარეთ სასეირნოდ გადიოდნენ ხოლმე. როდესაც თეოდოსიმ დაყუდებულის შესახებ შეიტყო, სეირნობის დროს ამალა დატოვა, სენაკთან მარტო მივიდა და დააკაკუნა. ბერმა კარი გაუღო, მაგრამ ვერ მიხვდა, რომ მის წინაშე იმპერატორი იდგა, რადგანაც თეოდოსის, იმისთვის, რომ ვერავის ეცნო, სამეფო გვირგვინი მოხდილი ჰქონდა. ილოცეს, როგორც წესი იყო და დასხდნენ. იმპერატორმა ბერს ჰკითხა: როგორ ცხოვრობენ წმინდა მამები ეგვიპტეში? ბერმა მიუგო: ყველა ღმერთს თქვენს ცხონებას ევედრება. იმპერატორმა სენაკი ყურადღებით დაათვალიერა, კალათში ცოტაოდენი გამხმარი პურის მეტი ვერაფერი ნახა და თქვა: აბბა! რამე მაჭამე. ბერმა აიღო ჭურჭელი, შიგ ხმელი პური ჩაყარა, მარილი დაამატა, წყალი დაასხა და მათ ერთად მიირთვეს. შემდეგ ბერმა იმპერატორს ფიალით წყალი მიიწოდა. თეოდოსიმ დალია და ჰკითხა: იცი მე ვინ ვარ? ბერმა უპასუხა: არ ვიცი, ბატონო. – მე იმპერატორი თეოდოსი ვარ, შენი ლოცვის სათხოვნელად მოვედი. ამის გამგონე ბერი მუხლებზე დავარდა. იმპერატორმა განაგრძო: ნეტარნი ხართ, თქვენ, მონაზვნები, ამქვეყნიური საზრუნავი არ გაწუხებთ! მშვიდი, აუღელვებელი ცხოვრებით ტკბებით, მხოლოდ სულის ცხონებაზე, მარადიულ ცხოვრებასა და ზეციური ჯილდოს მიღებაზე ზრუნავთ. დამერწმუნე, მე მეფის შვილი ვარ და თავადაც ვმეფობ, მაგრამ ასე გემრიელად არასოდეს მიჭამია. შემდეგ იმპერატორმა განსაკუთრებული პატივისცემით მოუხარა ბერს თავი და გავიდა.

იმ ღამეს ღვთის მონა ასე ფიქრობდა: ჩემი აქ დარჩენა არ ივარგებს; ახლა იმპერატორის მსგავსად, სხვებიც დაიწყებენ ჩემთან სიარულს, არამარტო უბრალო ხალხი, არამედ სამეფო კარის წარმომადგენლები და სენატორები. ყველა პატივს მომაგებს, როგორც ღვთის მსახურს. მართალია, ამას ღვთის გულისთვის გააკეთებენ, მაგრამ მეშინია, ეშმაკმა შეუმჩნევლად არ მაცდუნოს, ცნობილი ადამიანების მიღებამ სიამოვნება არ მომგვაროს, პატივმა და ქებამ გული არ დამიტკბოს და თავმდაბლობა არ დავკარგო. ღვთის კაცმა ეს ყველაფერი განსაჯა, იმ ღამესვე ეგვიპტეში გაიქცა და უდაბნოში წმინდა მამებთან მივიდა.

ერთ ძმას (მონაზონს) სიძვის დემონი ებრძოდა. ის ერთ ძალიან გამოცდილ ბერთან მივიდა და სთხოვა: უნეტარესო მამაო! ჩემთვის ლოცვა იტვირთე; სიძვის ვნება არ მასვენებს. ბერი დათანხმდა და მისთვის გულმოდგინე ლოცვას შეუდგა. გარკვეული დროის შემდეგ მონაზონი ისევ მივიდა მასთან და კვლავ სთხოვა ლოცვა. ბერი ლოცვას კიდევ უფრო მეტი გულმოდგინებით შეუდგა. მონაზონი მასთან მესამედაც მივიდა, იგივე თხოვნით. შემდეგ კი ხშირად მიდიოდა და თხოვნას იმეორებდა. ბერი დამწუხრდა, გაუკვირდა, მის ლოცვას უფალი რატომ არ ისმენდა. ღამით ღმერთმა მას გამოუცხადა, რომ დაუდევრობით შეპყრობილი ეს მონაზონი, სუსტი ნების მიზეზით, ხორციელი გულისთქმებით ტკბებოდა. მისი სულიერი მდგომარეობა წმინდა ბერს ასე ეჩვენა: დაინახა, რომ ეს მონაზონი იჯდა და სიძვის დემონი მის წინ თამაშობდა, სხვადასხვა ქალების სახეს იღებდა, მონაზონი კი მათი მზერით ტკბებოდა. ისიც დაინახა, რომ უფლის ანგელოზიც იქ იყო და ძალიან ბრაზდებოდა მონაზონზე, რომელიც, იმის ნაცვლად, რომ ამდგარიყო და გულმხურვალედ ელოცა, მეტად და მეტად ტკბებოდა ცოდვილი გულისსიტყვებითა და ოცნებებით. აი ასეთი ხილვა ჰქონდა წმინდა ბერს. ის მიხვდა, რომ მისი ვედრება ლოცვის მთხოვნელი მონაზვნის დაუდევრობის გამო არ იქნა შესმენილი. როდესაც მონაზონი კვლავ ესტუმრა, მან უთხრა: ძმაო! სიძვის ვნების მოქმედებაში შენ ხარ დამნაშავე, რადგან ბილწი გულისსიტყვებით ტკბები. სხვების ლოცვით სიძვის უწმინდური სული არ მოგშორდება, თუკი თავად არ იტვირთავ მარხვის, ლოცვისა და მღვიძარების ღვაწლს, თავად არ შესთხოვ ცრემლით უფალ იესო ქრისტეს, რომ წყალობა მოგანიჭოს, თავისი მადლი შემწედ მოგივლინოს, რომლის თანამოქმედებითაც შესაძლებელი იქნება შენთვის ცოდვილი გულისთქმების წინააღდგომა. ექიმებიც ადამიანის სხეულის განკურნებისთვის წამლებს ამზადებენ, მაგრამ მათზე დაკისრებული საქმე დიდი რუდუნებითაც რომ აკეთონ, შედეგს ვერ მიაღწევენ, თუკი ავადმყოფი არ მოისურვებს თავის შეკავებას მავნე საკვებისა და იმ ყველაფრისგან, რაც ხელს უშლის მკურნალობას. სულის მკურნალობის დროსაც იგივე ხდება. წმინდა მამები – ეს სულიერი მკურნალები – რაგინდ დიდი გულმოდგინებით ლოცულობდნენ და მოწყალებას სთხოვდნენ უფალს იმათთვის, ვინც ლოცვით შეწევნას ითხოვს, ვერაფერს მიაღწევენ, თუ ისინი, ვისთვისაც ლოცულობენ, უდებებაში არიან და საკუთარი სულის ცხონებაზე სრულიად არ ზრუნავენ. ამ სიტყვებმა ძმას გული მოულბო და ბერის ხელმძღვანელობით მარხვას, ლოცვასა და მღვიძარებას შეუდგა; ამით ღვთის წყალობა მოიპოვა და უწმინდური ვნების სული განეშორა.

ალექსანდრიის საზღვრებს გარეთ ფიცხი და სულმოკლე ბერი ცხოვრობდა. ერთმა ახალგაზრდა მონაზონმა მის შესახებ შეიტყო და უფლის წინაშე ასეთი პირობა დადო: უფალო! ჩემს მიერ ჩადენილი ყველა ცოდვის მოსანანიებლად, წავალ და იმ ბერთან ვიცხოვრებ, ყველაფერს დავითმენ და მონასავით მოვემსახურები. ასეც მოიქცა: ბერთან წავიდა და მასთან ცხოვრება დაიწყო. ბერი მას ძაღლივით ეპყრობოდა, ყოველდღე დასცინოდა. ღმერთმა მიხედა ახალგაზრდა მონაზვნის მოთმინებას. ბერთან ექვსი წლის ცხოვრების შემდეგ მას სიზმარში საშინელი არსება გამოეცხადა, დიდი გრაგნილით ხელში, და აუწყა, რომ გრაგნილში ჩაწერილის ნახევარი წაშლილი იყო. შემდეგ უთხრა: აი, შენი ვალის ნახევარი მეუფემ აღხოცა! ახლა დანარჩენზე იზრუნე.

მათ მეზობლად მეორე ბერი ცხოვრობდა, სულიერი, რომელსაც სულ ესმოდა, ბერი მორჩილს როგორ ამცირებდა, ძმა შენდობისთვის ფეხებში უვარდებოდა, მაგრამ ბერი არ პატიობდა. როდესაც სულიერი ბერი ახალგაზრდა ბერს ხვდებოდა, ეკითხებოდა: რაო, შვილო, როგორ ჩაიარა დღემ, რამე შევიძინეთ? გრაგნილიდან რამე ამოვშალეთ? ისიც, რადგან იცოდა, რომ ეს ბერი დიდი სულიერების მქონე იყო, პასუხობდა: დიახ, მამაო, დღეს ცოტა გავისარჯეთ. ხოლო თუ დღე მშვიდად, შეურაცხყოფის, შენერწყვის, ცემისა და გაძევების გარეშე ჩაივლიდა, ის სულიერ ბერთან ატირებული მიდიოდა და ეუბნებოდა: აბბა, სამწუხაროდ, ვერაფერი შევიძინეთ, დღევანდელმა დღემ მშვიდად ჩაიარა. შემდეგი ექვსი წელი რომ გავიდა, ახალგაზრდა მონაზონი გარდაიცვალა. და სულიერი ბერი ჰყვებოდა, რომ იგი მოწამეთა დასში, უფლის წინაშე მდგომარე იხილა; მონაზონი თავისი ბერისთვის დიდი კადნიერებით ლოცულობდა: ღმერთო, როგორც მისი მეშვეობით მე შემიწყალე, ასევე ისიც შეიწყალე, შენი მოწყალებით და ჩემი გულისთვის! ორმოცი დღის შემდეგ ძმამ ბერიც თავისთან წაიყვანა, განსასვენებელში. აი, რა დიდი მეოხება აქვთ ღვთის წინაშე, მისი გულისთვის მწუხარებათა მომთმენებს.

ძმაო! შენი თავი ყოველდღიურად გამოსცადე, შენი გული უფლის წინაშე გამოიკვლიე, ხომ არ ბუდობს იქ მოყვასის დამცირება, სიძულვილი, ავსიტყვაობა, შური, ეჭვი ან საცდური? თავს დაუკვირდი, გულში რაიმე ცოდვილი შხამი არ ჩაგენერგოს. გახსოვდეს ნათქვამი: „უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თვისსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი“, მამამან ჩემმან ზეცათამან მიგცეს სატანჯველსა. (მათ. 18, 34). ვისაც გეენიაში ჩავარდნის ეშინია, ის ყოველგვარ სიბოროტეს გულიდან იგლეჯს, რომ ეს სიბოროტე მისი გეენიაში ჩაგდების მიზეზი არ გახდეს. საკუთარ თავს დაუკვირდი, რომ რაიმე ცოდვამ ღვთის სიყვარულს არ განგაშოროს.

ორი ძმა ერთმანეთს მტრობდა. ისინი ქრისტიანთა დევნისას წმინდა სარწმუნოებისთვის შეიპყრეს, აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ერთმა მეორეს უთხრა: ძმაო! უნდა მივუტევოთ ერთმანეთს და შევრიგდეთ, რადგან ხვალ სიკვდილით დაგვსჯიან და უფლის წინაშე წარვდგებით. მაგრამ მეორე ძმამ შერიგება არ ისურვა. დილით ისინი საპყრობილიდან გამოიყვანეს. პირველად თავი იმ ძმას მოჰკვეთეს, რომელსაც შერიგება სურდა, ის უფალთან რწმენით ავიდა. მეორემ კი უარყო ქრისტე. მტარვალმა ჰკითხა: გუშინ რატომ არ უარყავი, ტანჯვას ხომ გადარჩებოდი? მან უპასუხა: მე ჩემი უფლის მცნება დავარღვიე, ძმას არ შევურიგდი; ამისთვის უფალმა მიმატოვა და აღარ მეხმარება. უფლის შეწევნის გარეშე დარჩენილმა, ქრისტე უარვყავი.

ერთმა მონაზონმა, რომელიც მონასტერში ცხოვრობდა და ხშირად მარცხდებოდა მრისხანებისგან, საკუთარ თავს უთხრა: უდაბნოში წავალ, იქ ვერავის წავეჩხუბები და ამ ვნებისგან მოვისვენებ. მონასტერი დატოვა და უდაბნოში დასახლდა. ერთხელ ჭურჭელი წყლით აავსო და მიწაზე დადგა. ჭურჭელი უეცრად გადაყირავდა. ეს მეორედაც განმეორდა და მესამედაც. მონაზონი გაბრაზდა და ჭურჭელი მიწას დაანარცხა. დოქი გატყდა. უკანა გზაზე მონაზონი დაფიქრდა, მიხვდა, რომ მტერმა დასცინა და თქვა: აი მარტო ვარ, მაგრამ მრისხანების ვნებამ მაინც დამამარცხა. მონასტერში დავბრუნდები: როგორც ჩანს, საკუთარ თავთან ბრძოლა და მოთმინება, განსაკუთრებით კი ღვთის შეწევნა ყველგან საჭიროა. და მონაზონი თავის მონასტერში დაბრუნდა.

თავმდაბლობაში წარმატებული ერთი მონაზონი ეგვიპტეში განმარტოებით ცხოვრობდა. ქალაქში მას მეძავი და ჰყავდა, რომელმაც მრავალი სული დაღუპა. ბერები ხშირად ეუბნებოდნენ, რომ დასთან მისულიყო და რჩევა-დარიგებით ცოდვილი ცხოვრებისგან ჩამოეშორებინა. როგორც იქნა დაითანხმეს, და მონაზონი დასთან გაემგზავრა. როდესაც მის საცხოვრებელს მიუახლოვდა, ერთ-ერთმა ნაცნობმა შეამჩნია, დასთან შევიდა და გააფრთხილა, რომ უდაბნოდან მისი ძმა ჩამოსულიყო. გახარებულმა დამ სტუმრად მყოფი საყვარლები დატოვა და ძმის შესახვედრად თავშიშველი გამოვარდა. როდესაც მიუახლოვდა და მოხვევა სურდა, ძმამ უთხრა: ჩემო საყვარელო დაო! შენი სული შეიბრალე, რადგან შენი მიზეზით მრავალნი იღუპებიან. წარმოიდგინე, რა სატანჯველი გელის, თუ დაუყოვნებლივ არ შეინანებ. ქალი შეკრთა და ჰკითხა: დანამდვილებით იცი, რომ ჯერ კიდევ არის ჩემი ხსნის იმედი? ძმამ მიუგო: თუკი მოინდომებ, ხსნის იმედი ახლაც არის. და ძმას ფეხებში ჩაუვარდა და უდაბნოში წაყვანა სთხოვა. წადი, უთხრა მან, თავზე დაიფარე და წამომყევი. ჩქარა წავიდეთ, მირჩევნია ხალხში თავშიშველმა გავიარო, ვიდრე ცოდვის სახლში შევბრუნდე, – უპასუხა დამ. გზაში ძმა სინანულს ასწავლიდა. მათკენ მომავალი ბერები რომ დაინახა, უთხრა: ცოტა ხნით გზიდან გადადი, სანამ ბერები ჩაივლიან, ყველამ ხომ არ იცის, რომ ჩემი და ხარ. ისიც გადავიდა. ბერებმა გაიარეს და ძმამ დას დაუძახა: წამოდი, გზა გავაგრძელოთ. დამ არ უპასუხა. იგი მიუახლოვდა და ნახა, რომ მისი და გარდაცვლილიყო, ფეხები სულ მთლად დასისხლიანებული ჰქონდა, რადგან ფეხშიშველი იყო. მომხდარის შესახებ მან ბერებს ტირილითა და გოდებით უამბო. ისინი ერთმანეთში დის გადარჩენის შესახებ მსჯელობდნენ, მაგრამ ვერ თანხმდებოდნენ. ბოლოს ღმერთმა ერთ-ერთ მათგანს გამოუცხადა, რომ მეძავის სინანული მიღებულ იქნა, რადგან მან ყოველივე ამქვეყნიურზე ყველანაირი ზრუნვა უარყო, სულიერი წყლულის მოსარჩენად ყველაფერი უგულებელყო, ღრმად წუხდა თავისი ცოდვების გამო და დასტიროდა მათ.

ერთი თებაიდელი ბერი ჰყვებოდა, რომ მისი მამა ქურუმი იყო. ბავშვობაში მამას ხშირად დაჰყვებოდა ტაძარში და უყურებდა კერპებს მსხვერპლს როგორ სწირავდნენ. ერთხელ, მას შემდეგ, რაც მამამისი ტაძრიდან გამოვიდა, იგი ჩუმად შეიპარა იქ და ტახტზე მჯდომი სატანა დაინახა, მის მრავალრიცხოვან ჯართან ერთად. ჯერ ერთი მისი თავადი მიეახლა და თაყვანი სცა. სატანამ ჰკითხა: საიდან მოდიხარ? თავადმა უპასუხა: ერთ ქვეყანაში ვიყავი, დიდი ომი და არეულობა გავაჩაღე, დიდძალი სისხლი დავღვარე და მოვედი, რათა ამის შესახებ მოგახსენო. სატანამ ჰკითხა: ამ საქმეს რა დრო მოანდომე? მან უპასუხა: ოცდაათი დღე. სატანამ თქვა: ასეთ დიდ დროში სულ ეს მოასწარი? და მისი გამათრახება ბრძანა. შემდეგ მეორე გამოვიდა და თაყვანი სცა. ახლა ამას ჰკითხა: საიდან მოდიხარ? დემონმა უპასუხა: ზღვაზე ვიყავი, ქარიშხალი ავტეხე, გემები ჩავძირე, უამრავი ადამიანი დავახრჩვე და ამის სათქმელად მოვედი. სატანამ ჰკითხა: რა დროში გააკეთე ეს ყოველივე? მან უპასუხა: ოც დღეში. სატანამ თქვა: ამდენ დღეში ასე ცოტა რატომ გააკეთე? და მისი გამათრახებაც ბრძანა. მესამეც მოვიდა და თაყვანი სცა. მასაც ჰკითხა: საიდან მოდიხარ? დემონმა უპასუხა: ქორწილში ვიყავი, ხალხი ერთმანეთს წავაჩხუბე და დიდი სისხლისღვრა გამოვიწვიე, მერე სიძეც მოვკალი და მოვედი, შეგატყობინო. სატანამ ჰკითხა: ეს რამდენ დღეში გააკეთე? დემონმა უპასუხა: ათ დღეში. სატანამ ესეც გაამათრახებინა. თაყვანის საცემად კიდევ ერთი დემონი მოვიდა. სატანამ ჰკითხა: საიდან მოდიხარ? დემონმა უპასუხა: უდაბნოდან. აი უკვე ორმოცი წელია, რაც ერთ ბერს ვებრძვი და ძლივს გავიმარჯვე: ამ ღამეს სიძვის ცოდვაში ჩავაგდე. ამის გამგონე სატანა ტახტიდან წამოდგა, დემონი გადაკოცნა, თავიდან გვირგვინი მოიხსნა, მას დაადგა, გვერდით მოისვა და უთხრა: შენ დიდებული და სასახელო საქმე გააკეთე. – ქურუმის შვილმა, რომელმაც ეს ყველაფერი მოისმინა და დაინახა, გულში თქვა: როგორც ჩანს, მონაზვნობა დიდ რამეს ნიშნავს. მან ქრისტიანობა მიიღო და ბერად აღიკვეცა.

ქვემო ეგვიპტეში დაყუდებული ცხოვრებით სახელგანთქმული ერთი განდეგილი ბერი ცხოვრობდა. სატანის მოქმედებით, ერთმა მსუბუქი ყოფაქცევის ქალმა განდეგილის შესახებ შეიტყო და თავის ნაცნობ ახალგაზრდა ყმაწვილებს ჰკითხა: ეს განდეგილი რომ დავამარცხო, რას მომცემთ? ისინი დიდ ჯილდოს დაჰპირდნენ. მეძავი, საღამოს ხანს, ვითომ გზა აებნა, სენაკთან მივიდა და დააკაკუნა. ბერი გამოვიდა, ქალი დაინახა, შეძრწუნდა და ჰკითხა: აქ როგორ მოხვედი? ქალი ატირდა და უპასუხა: გზა ამებნა და აქ მოვედი. ბერს შეებრალა იგი და სენაკის წინკარში შეიყვანა, თვითონ კი სენაკში შევიდა და კარი ჩაიკეტა. მაგრამ უბადრუკმა ქალმა ყვირილი დაიწყო: აბბა! აქ ნადირები შემჭამენ! კვლავ შეძრწუნდა ბერი, შეშინდა, სასტიკი საქციელის გამო, ღმერთს არ დაესაჯა; კარი გააღო და ქალი სენაკში შეიყვანა. მაშინ ეშმაკმა გულისთქმის ისრებით ბერის გულში ქალის მიმართ ლტოლვის აღგზნება დაიწყო. განდეგილი მიხვდა, რომ აქ ეშმაკი მოქმედებდა და საკუთარ თავს უთხრა: მტრის გზა წყვდიადია, ძე ღმრთისა კი სინათლეა. ამ სიტყვებით კანდელი აანთო. იგრძნო, რომ გულისთქმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა და თქვა: რადგან გულისთქმების აღმასრულებელნი სატანჯველში მოხვდებიან, – გამოსცადე, შესძლებ მარადიული ცეცხლის ატანას? ამ სიტყვებით ერთი თითი კანდელის ცეცხლს მიუშვირა. თითი ეწვოდა, მაგრამ არნახული ხორციელი ვნებით გახურებული, ტკივილს ვერ გრძნობდა და გათენებამდე ყველა თითი დაიწვა. როდესაც საცოდავმა ქალმა დაინახა, რას შვრებოდა განდეგილი, შიშისგან გაქვავდა. დილით ადრე ხსენებული ყმაწვილები ბერთან მივიდნენ და ჰკითხეს: გუშინ საღამოს აქ ქალი ხომ არ მოსულა? მან უპასუხა: დიახ, მოვიდა, აი იქ სძინავს. ყმაწვილები მიუახლოვდნენ, ნახეს ქალი გარდაცვლილიყო და თქვეს: აბბა! ქალი მკვდარია. მაშინ ბერმა მათ თავისი თითები აჩვენა და უთხრა, აი რა მიქნა ამ ეშმაკის ასულმა: ყველა თითი მომისპო, – მომხდარის შესახებ უამბო და დასძინა: წმიდა წერილი ამბობს: ბოროტებაზე ბოროტებით ნუ მიაგებ. ილოცა და გარდაცვლილი გააცოცხლა. მკვდრეთით აღდგომილმა შეინანა და მთელი დარჩენილი ცხოვრება კეთილმსახურებით გაატარა.

ბერები ჰყვებოდნენ, რომ ერთი მებაღე თავის ბაღს უვლიდა და მთელ მოსავალს ქველმოქმედებაში ხარჯავდა, თავისთვის მხოლოდ არსებობისთვის აუცილებელს იტოვებდა. სატანამ მას გულში აზრი ჩაუსახა: ცოტა ფული მოაგროვე, რომ სიბერეში ან ავადმყოფობისას არ გაგიჭირდეს. მან დაგროვება დაიწყო და თიხის თასი მონეტებით აავსო. ამის შემდეგ ავად გახდა: ფეხმა ლპობა დაუწყო. დაგროვილი ფული ექიმებს დაახარჯა, მაგრამ მათ ვერაფერი უშველეს. ერთმა გამოცდილმა ექიმმა უთხრა: თუ ფეხს არ მოიჭრი, სულ მთლად დალპება. შედეგად ფეხის მოსაკვეთად დღე დაინიშნა. წინა ღამეს მებაღე გონს მოეგო, თავისი საქციელი შეინანა, ტირილითა და ოხვრით ღმერთს შეევედრა: უფალო, მოიხსენე მოწყალება, რომელიც ადრე გავიღე, როდესაც ბაღში ვმუშაობდი და მოსავალს სნეულებს ვურიგებდი. ამ დროს უფლის ანგელოზი წარმოუდგა და უთხრა: სად არის ფული, რომელიც შენ დააგროვე? სად არის შენს მიერ არჩეული შენი სასოების საგანი? მებაღე ყველაფერს მიხვდა და თქვა: ღმერთო! შევცოდე. მაპატიე, ასე აღარ მოვიქცევი. მაშინ ანგელოზი მის ფეხს შეეხო და ისიც მაშინვე განიკურნა. მეორე დღეს ექიმი, როგორც დათქმული იყო, იარაღებით ხელში, ფეხის მოსაკვეთად მოვიდა. ავადმყოფი შინ არ დახვდა. კითხვაზე, სად იყო იგი, უპასუხეს, რომ მებაღე დილიდან ბაღში სამუშაოდ წავიდა. ექიმიც ბაღში გავიდა, დაინახა მომუშავე მებაღე და უკურნებელი სენის მყისიერად განმკურნებელი ღმერთი ადიდა.

 

ერთმა ბერმა თქვა: როდესაც ადამიანზე განსაცდელია დაშვებული, მასზე ყველა მხრიდან მრავლდება თავდასხმა, რათა ის სულმოკლეობასა და დრტვინვაში ჩავარდეს. შემდეგ ბერმა ასეთი ამბავი მოყვა: ერთი მონაზონი სენაკში მდუმარებდა და მასზე დაშვებულ იქნა განსაცდელი: საკუთარ სენაკში მისი მიღება არავის სურდა; თუ ვინმე გზად შეხვდებოდა, პირს იბრუნებდა და არ ესალმებოდა; როდესაც პური სჭირდებოდა, არავინ უნაწილებდა; ძმები მკიდან რომ ბრუნდებოდნენ, არავინ პატიჟებდა სატრაპეზოდ, როგორც იყო ჩვეულება. ერთხელ მკიდან დაბრუნდა და სენაკში ერთი პურიც არ ჰქონდა, მაგრამ მან, როგორც ყოველთვის, ღმერთს მადლობა შესწირა. მისი მოთმინების შემხედვარე ღმერთმა განსაცდელი განაშორა, – და აი, ვიღაცამ კარზე დაუკაკუნა. ეს იყო ეგვიპტიდან მოსული უცხო კაცი, რომელსაც პურებით დატვირთული აქლემი მოჰყავდა. ბერი ატირდა და თქვა: ღმერთო! მცირე განსაცდელის დათმენის ღირსიც არა ვარ. ამის შემდეგ მის მიმართ ძმები თავაზიანები გახდნენ სენაკებშიც და ტაძარშიც, მიპატიჟებაც დაიწყეს საკვებით გასამასპინძლებლად.

ერთ განდეგილთან უახლოესი ეკლესიიდან პრესვიტერი მიდიოდა და აზიარებდა. ერთხელ ვიღაცამ განდეგილთან პრესვიტერზე უარყოფითად ისაუბრა. როდესაც პრესვიტერი, ჩვეულებისამებრ, განდეგილის საზიარებლად მივიდა, საცდურით შეპყრობილმა ბერმა მას კარი არ გაუღო. პრესვიტერი წავიდა, განდეგილს კი ხმა ჩაესმა: ადამიანებმა მიიტაცეს ჩემი სამსჯავრო. ამის შემდეგ განდეგილს ასეთი ხილვა ჰქონდა: მან ოქროს ჭა, ოქროს ჭურჭელი, ოქროს თოკი, საუკეთესო თვისებების მქონე წყალი და იქვე ვიღაც კეთროვანი დაინახა, რომელსაც ჭიდან წყალი ამოჰქონდა და ჭურჭელში ასხამდა. განდეგილს დალევა სურდა, მაგრამ თავს იკავებდა, რადგან წყალს კეთროვანი ასხამდა. და კვლავ ჩაესმა ხმა: რატომ არ სვამ? რა მნიშვნელობა აქვს, წყალი ვის ამოაქვს? განდეგილი გონს მოეგო და ხილვის მნიშვნელობას მიხვდა. პრესვიტერი მოიხმო და როგორც ადრე, ახლაც სთხოვა ეზიარებინა.

ერთმა ბერმა თქვა: მონაზონი, რომელიც სულიერი მამის მორჩილებას მთელი გულით ეძლევა, უდაბნოში მცხოვრებ განდეგილზე მეტ ჯილდოს მიიღებს. შემდეგ დასძინა: ერთი მამა ჰყვებოდა, რომ ზეცაში ოთხი დასი იხილა: პირველს უფლის მადლობელი სნეულები შეადგენდნენ; მეორეს – მწირთა მიღებითა და მოყვასთა გულმოდგინე მსახურებით დაკავებულები; მესამეს – ადამიანთა საზოგადოებას მოშორებული უდაბნოში მცხოვრებნი; მეოთხეს – უფლის გამო სულიერ მოძღვართა მორჩილებაში მყოფნი. მორჩილთა დასი ოქროს ჯაჭვითა და გვირგვინით იყო დამშვენებული და დანარჩენ სამ დასზე აღმატებული დიდებით გამოირჩეოდა. მე ვიკითხე, ამ დასმა სხვებზე მეტი დიდება რით დაიმსახურა? მიპასუხეს: მწირების გამმასპინძლებელი ამას თავისი ნებით აკეთებს, განდეგილიც საკუთარი ნებით ტოვებს საზოგადოებას, მორჩილებაში მყოფი კი მთლიანად უფალზე და მოძღვარზეა დამოკიდებული, ამიტომაც უფრო მეტ დიდებას იმსახურებს. უფლის სახელით მორჩილება – სათნო საქმეა. შვილნო ჩემნო, ნაწილობრივ მაინც მოიხვეჭეთ ეს სათნოება! მორჩილება მაცხოვნებელია ყველა მორწმუნისთვის. მორჩილება ყველა სათნოების მშობელია. მორჩილება ცათა სასუფევლის კარია. მორჩილება ზეცას ხსნის და ადამიანს მიწიდან ამაღლებს. მორჩილება ანგელოზებთან ცხოვრობს. მორჩილება ყველა წმინდანის საკვებია: ამ საკვებით გამოზრდილებმა, სრულყოფილებას მისი მეშვეობით მიაღწიეს.

ერთი ძმა მეორეზე ნაწყენი იყო. როდესაც მეორე ძმამ ამის შესახებ შეიტყო, პირველ ძმასთან შესარიგებლად მივიდა, მაგრამ მან კარი არ გაუღო. მეორე ძმა ერთ ბერთან წავიდა და მომხდარის შესახებ უამბო. ბერმა უთხრა: დაუკვირდი, ამის მიზეზი შენში ხომ არ არის? გულში ხომ არ ფიქრობ, რომ მართალი ხარ? ძმის გამტყუნების და თავის გამართლების განზრახვა ხომ არ გაქვს? ამ მიზეზით არ შეეხო მის გულს უფალი და ამიტომაც ძმამ კარი არ გაგიღო. მაგრამ ახლა გეტყვი, სწორად როგორ უნდა მოიქცე: თუნდაც მართალი იყო, ჩათვალე, რომ მტყუანი ხარ და შენი ძმა გაამართლე; მაშინ უფალი მას შენთან შერიგების სურვილს აღუძრავს. ამასთან ბერმა მას ერთი ამბავი უამბო: იყო ორი ღვთისმოსავი ადამიანი; ურთიერთშეთანხმებით ორივე ბერად აღიკვეცა. დაეშურნენ სახარების სიტყვის აღსრულებას, მაგრამ უგუნურად, თითქოსდა ცათა სასუფევლისთვის საკუთარი ნებით თავი დაისაჭურისეს. ამის გამო მთავარეპისკოპოსმა ისინი ეკლესიიდან განაყენა. მათ კი ეგონათ, რომ კარგად მოიქცნენ, ამიტომაც მღვდელმთავრის გადაწყვეტილებით აღშფოთებულებმა თქვეს: ჩვენ ცათა სასუფევლისთვის დავისაჭურისეთ თავი, მან კი განგვაყენა! იერუსალიმში წავიდეთ! სამართალი იერუსალიმის მთავარეპისკოპოსთან ვეძებოთ. მართლაც გაემგზავრნენ და საქმე იერუსალიმის მთავარეპისკოპოსს განსახილველად წარუდგინეს. მან უპასუხა: მეც განგაყენებთ თქვენ! განაწყენებულებმა ახლა ანტიოქიის მთავარეპისკოპოსს მიმართეს; მანაც ასევე განაყენა ისინი. მაშინ ერთმანეთს უთხრეს: მოდი, რომის პაპთან წავიდეთ, ის დაგვიცავს. რომის მთავარეპისკოპოსთან მივიდნენ, საქმის ვითარება აუხსნეს და უთხრეს: შენთან იმიტომ მოვედით, რომ ყველაზე უფროსი ხარ; პასუხი ასეთი მიიღეს: მეც განგაყენებთ – თქვენ შეცდომილები ხართ.

ყველას მიერ განყენებულები დამწუხრდნენ და თქვეს: ეს ეპისკოპოსები ერთი მეორეს იცავენ და ერთმანეთს უთანხმდებიან; მოდი, ღვთის კაცთან, კვიპროსის ეპისკოპოსთან – წმინდა ეპიფანესთან მივიდეთ, ის წინასწარმეტყველია და მიკერძოებით არ სჯის. როდესაც კვიპროსს უახლოვდებოდნენ, ეპიფანეს ეუწყა მათ შესახებ, მაცნე გაგზავნა და შეუთვალა, რომ ქალაქში არ შესულიყვნენ. მაშინ ისინი დაბრუნდნენ და თქვეს: ჭეშმარიტად ჩვენ ვართ დამნაშავენი; თავს რაღას ვიმართლებთ? დავუშვათ, იმათ ეკლესიიდან უსამართლოდ განგვაყენეს, ნუთუ წინასწარმეტყველიც ასე მოიქცა? მას ხომ ჩვენს შესახებ ღმერთმა აუწყა. და საკუთარ თავს ძალიან კიცხავდნენ. გულთამხილავმა (ღმერთმა) დაინახა, რომ მათ გულწრფელად შეინანეს და ამის შესახებ ეპიფანეს აუწყა. მან კვლავ გააგზავნა მათთან კაცი, თავისთან მოიხმო, დაამშვიდა და ერთობაში მიიღო. შემდეგ ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსს მისწერა: მიიღე შენი შვილები, რადგან გულწრფელად შეინანეს. ბერმა, რომელმაც ეს ამბავი მოყვა, დაურთო: ღმერთს სურს, რომ ადამიანმა თავი დაიდანაშაულოს და უფლის მორჩილებაში იყოს. ამის გამგონე მონაზონი ბერის რჩევის მიხედვით მოიქცა, თავის ძმასთან წავიდა და დაუკაკუნა. ძმამ კარი მაშინვე გაუღო და სანამ ახალმოსული ბოდიშს მოუხდიდა, მთელი გულით გადაეხვია. მათ შორის უდიდესმა მშვიდობამ დაისადგურა.

ერთ მონაზონს მეორე უპატივცემულოდ მოექცა. ის ბერთან წავიდა და ამის შესახებ უამბო. ბერმა უთხრა: შენი გულისსიტყვები იმით დაიმშვიდე, რომ ძმას არ სურს შენი შეურაცხყოფა, მაგრამ ამ მდგომარეობაში შენი ცოდვები გაგდებენ. ნებისმიერი განსაცდელისას ნურავის დაადანაშაულებ, ყოველთვის იმეორე: ეს ჩემი ცოდვების გამო მოხდა.

ერთმა ბერმა, რომელიც ქალაქ ოქსირნიხის ეპისკოპოსობის ღირსი გახდა, თითქოს სხვისგან მოსმენილი ამბავი გვიამბო; სინამდვილეში ეს ამბავი მას თავად გადახდა. ერთხელ გადავწყვიტე, უდაბნოს სიღრმეში შევსულიყავი, რათა იქ ვინმე ქრისტეს მსახურთაგანი მეპოვა. ოთხი დღის შემდეგ საკვების მარაგი დამიმთავრდა. შევჩერდი, არ ვიცოდი რა მექნა, მაგრამ მალე უფალს მინდობილმა გზის გაგრძელება გადავწყვიტე. კიდევ ოთხი დღე მშიერმა ვიარე. ამის შემდეგ ჩემმა სხეულმა უჭმელობასა და გზის სიძნელეს ვეღარ გაუძლო: დავსუსტდი და მიწაზე დავწექი. მაშინ ვიღაც მოვიდა და ბაგეზე თითი შემახო. იმწამსვე ისე მოვძლიერდი, თითქოს არც მემოგზაუროს და არც მეშიმშილოს. გაძლიერებული წამოვდექი და გზა განვაგრძე. ოთხი დღის შემდეგ, დაღლილობისგან, კვლავ დავუძლურდი. ცისკენ ხელები აღვაპყრე და ისევ მოვიდა კაცი, რომელმაც პირველად გამაძლიერა, ისევ ბაგეებზე თითი გამისვა, თითქოს ხაზი გაავლო, და ძალ-ღონე კვლავ აღმიდგინა. უდაბნოში შესვლიდან ჩვიდმეტი დღის შემდეგ ქოხს მივადექი, ქოხთან იყო პალმა და იდგა კაცი, რომელსაც სამოსის მაგივრობას თმა უწევდა. საშინელი შესახედავი იყო. დამინახა თუ არა, მაშინვე ლოცვა დაიწყო. როდესაც ლოცვის ბოლოს წარმოვთქვი – ამინ, მომიახლოვდა, ხელი მომკიდა და მკითხა: აქ როგორ მოხვედი? ქრისტიანების დევნა ისევ გრძელდება? მე ვუპასუხე: ამ უდაბნოში უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ მსახურთა ლოცვებისთვის დავეხეტები; ქრისტიანთა დევნა კი შეწყვეტილია. ახლა, გთხოვ, შენ მიამბე, აქ როგორ მოხვედი? მან ტირილითა და ოხვრით დაიწყო საუბარი: დევნა რომ დაიწყო, ეპისკოპოსი ვიყავი, წამებას ვერ გავუძელი და კერპებს მსხვერპლი შევწირე; მერე გონს მოვეგე, ჩემი დანაშაული შევიგნე და ამ უდაბნოში დავიმარხე: უკვე ორმოცდაცხრა წელია, აქ ვცხოვრობ და ღმერთს ჩემი ცოდვის მოტევებას ვევედრები. უფალმა ამ პალმით საკვები გამომიგზავნა, მაგრამ ორმოცდარვა წელი შეწყალების ნუგეში არ მიმიღია, წელს კი მეუწყა, რომ მომეტევა. ამ სიტყვების წარმოთქმისას, მოულოდნელად წამოდგა, სწრაფად გავიდა ქოხიდან და დიდი ხანი ლოცვაში გაატარა, – ალბათ მასთან მოსული ზეციური ძალები იხილა. ლოცვის დასრულების შემდეგ მომიახლოვდა. შევხედე და შიშმა ამიტანა: სახე თითქოს ცეცხლოვანი გაუხდა. მაგრამ მითხრა: ნუ გეშინია, უფალმა ჩემს დასამარხად გამოგაგზავნა. თქვა თუ არა ეს, მაშინვე მიწაზე დაწვა, ხელ-ფეხი გაჭიმა და გარდაიცვალა. ჩემი ტანსაცმელი შუაზე გავხიე, ერთი ნახევარი ჩემთვის დავიტოვე, მეორეში კი წმინდა სხეული გავახვიე და მიწას მივაბარე. მისი დასაფლავებისთანავე პალმაც გახმა და ქოხიც ჩამოინგრა. ბევრი ვიტირე და ღმერთს ვემუდარე, ეს პალმა ჩემთვის ეჩუქებინა, რათა დარჩენილი ცხოვრება აქ გამეტარებინა. ჩემი სურვილი არ შესრულდა; მივხვდი, რომ უფლის ნება არ იყო. უკანა გზა, ადამიანთა დასახლებამდე, ლოცვით გამოვიარე. კვლავ გამომეცხადა ის კაცი, რომელმაც ორჯერ გამისვა თითი ბაგეზე, მან გამაძლიერა და ძმებთან დაბრუნება შევძელი, რომელთაც ეს ყველაფერი ვუამბე, თან ვარწმუნებდი, სასოწარკვეთას არასდროს მისცემოდნენ, არამედ ღმერთი სინანულით მოეპოვებინათ.

ერთმა ბერმა მოგვითხრო: იყო ასაკოვანი მონაზონი ქალი, ღვთის შიშში წარმატებული. ვკითხე, როგორ მოვიდა მონაზვნურ ცხოვრებაში. მან შემდეგი მიამბო: ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მშობლები რომ დამეხოცნენ. მამა, მშვიდი, მორიდებული კაცი, სუსტი აგებულებისა იყო; სულის ცხონებაზე ზრუნვაში ისე იყო ჩაფლული, რომ თანასოფლელები თითქმის ვერც ხედავდნენ. ხანდახან, როდესაც თავს ჯანმრთელად გრძნობდა, სახლში მისი შრომის ნაყოფი მოჰქონდა, უმეტეს დროს კი მარხვასა და ავადმყოფობაში ატარებდა. იმდენად მდუმარე იყო, რომ უცხო ადამიანს მუნჯი ეგონებოდა. დედაჩემი კი, პირიქით, მოუწესრიგებელ ცხოვრებას ეწეოდა, ჩვენს მხარეში მასზე გარყვნილი ქალი ვერ მოიძებნებოდა. იმდენს ლაპარაკობდა, კაცი იფიქრებდა, მის არსებას მხოლოდ ენა შეადგენდა. დროს გაუთავებელ ჩხუბში, ლოთობასა და თავშეუკავებელი კაცების საზოგადოებაში ატარებდა; ოჯახს რაც გააჩნდა, სრულად გაფლანგა; ქონება ჩვენს საჭიროებებს არ ჰყოფნიდა, მამაჩემმა კი სახლის მართვა დედაჩემს გადააბარა. დედა ისე ბილწად ცხოვრობდა, რომ ჩვენი სოფლის მცხოვრებთაგან ცოტანი თუ გაექცეოდნენ მასთან მრუშობას. ცხოვრებაში თითიც არ წამოსტკივებია, სიბერემდე სრულყოფილი ჯანმრთელობა ჰქონდა. ასე მიედინებოდა ჩემი მშობლების ცხოვრება. მამაჩემი, სნეულებით გათანგული, გარდაიცვალა. მის სიკვდილს სამდღიანი კოკისპირული წვიმა და ჭექა-ქუხილი მოჰყვა. უამინდობის გამო დაკრძალვა სამი დღით გადაიდო. მეზობლები, გაკვირვებულები, ერთმანეთში ამბობდნენ: ღმერთს ეს კაცი ისე არ მოსწონდა, რომ მიწაც კი არ იღებს დასამარხად. სამი დღის შემდეგ, სხეული რომ არ გახრწნილიყო, წვიმის მიუხედავად, როგორღაც დავმარხეთ. მამის გარდაცვალების შემდეგ, დედამ მეტი თავისუფლება იგრძნო, ავხორცობას მეტი გაშმაგებით მიეცა და ჩვენი სახლი გარყვნილების ბუდედ აქცია. ცხოვრება ფუფუნებასა და გართობაში გაჰყავდა. როდესაც გარდაიცვალა, დიდებული დაკრძალვა ეღირსა; გეგონებოდათ, მის სხეულს ჰაერიც კი მიაცილებდა. დედის სიკვდილის შემდეგ, ყმაწვილობის ასაკში, მარტო დავრჩი, ჩემში უკვე ხორციელი გულისთქმები იღვიძებდნენ. ერთ საღამოს ფიქრი დავიწყე, ვისთვის მიმებაძა: ნუთუ მამისთვის, რომელმაც ცხოვრება თავმდაბლობაში, სიმშვიდესა და თავშეკავებაში გაატარა, მაგრამ ავადმყოფობისა და მწუხარების გარდა კარგი არაფერი უნახავს, სიკვდილის შემდეგ კი მისი მიღება მიწასაც არ სურდა. თუკი ასეთი ცხოვრება უფლისთვის სათნო იყო, მაშინ ამდენი უბედურება რატომ დაატყდა თავს? სჯობს ისე ვიცხოვრო, როგორც დედა ცხოვრობდა, – მეუბნებოდა გულისსიტყვა, – მივეცე გულისთქმებს, ფუფუნებას, ავხორცობას. დედაჩემს ხომ ერთი საძაგელი საქმეც არ გამოუტოვებია! მთელი ცხოვრება ლოთობდა, მაგრამ სიკვდილამდე ჯანმრთელი და ბედნიერი იყო. უკეთესი იქნება, ის ვირწმუნო, რასაც საკუთარი თვალით ვხედავ, რაც აშკარაა, სჯობს ამ ყველაფრით დავტკბე, ვიდრე უხილავი ვირწმუნო და ამის გამო ყველაფერზე უარი ვთქვა. როდესაც მე საცოდავმა სულში დედაჩემის ცხოვრების გზის არჩევა გადავწყვიტე, დაღამდა და დამეძინა. სიზმარში მაღალი კაცი გამომეცხადა, მკაცრად და მრისხანედ მითხრა: აღიარე შენი გულის ზრახვები. მე შემეშინდა, მისთვის შეხედვასაც ვერ ვბედავდი. მან კიდევ უფრო ხმამაღლა გაიმეორა ბრძანება – მეთქვა, როგორი ცხოვრება ავირჩიე. დაბნეულსა და შეშინებულს ყველაფერი დამავიწყდა და ვთქვი, რომ ზრახვები საერთოდ არ მქონდა. მაგრამ მან ჩემი ნაფიქრი შემახსენა. მხილებულმა პატიება ვთხოვე და ჩემი არჩევანის მიზეზი ავუხსენი. მან მითხრა: მოდი, ორივე იხილე, დედაც და მამაც, – და ცხოვრების წესი მერე აირჩიე. ამ სიტყვებით ხელი მომკიდა და ენით აუწერელი სილამაზის, ბაღებით და ნაირ-ნაირი მხსმოიარე ხეებით სავსე დიდ მინდორში მიმიყვანა. იქ მამა შემხვდა და გადამეხვია. მეც ჩავეკარი და მასთან დარჩენის ნებართვა ვთხოვე. მან მიპასუხა: ახლა ეს შეუძლებელია, მაგრამ თუ ჩემი გზით ივლი, აქ არც თუ დიდი დროის შემდეგ მოხვალ. როდესაც კვლავ დარჩენა ვთხოვე, ჩემმა მეგზურმა ხელი მომკიდა, წამიყვანა და მითხრა: წამოდი, ახლა გაჩვენო, დედაშენი ცეცხლში როგორ იწვის – რომ იცოდე, რომელი მშობლის მიხედვით წარმართო შენი ცხოვრება. ბნელ, პირქუშ სახლში შევედით, სადაც კბილთა ღრჭენასა და ვაებას დაესადგურებინა. მან დამანახა ღუმელი, სადაც ცეცხლი გიზგიზებდა და კუპრი დუღდა. ღუმელთან ვიღაც საფრთხობელები იდგნენ. შიგნით შევიხედე და დედაჩემი დავინახე: კისრამდე ცეცხლში იყო, კბილებს აღრჭიალებდა, გარშემო საშინელი სიმყრალე იდგა. როგორც კი დამინახა, ქვითინით შეჰყვირა: ვაი ჩემს თავს, შვილო! ეს სატანჯველი ჩემი ცოდვების შედეგია. თავშეკავებას და ყველა სათნოებას დაცინვის ღირსად ვთვლიდი; მეგონა, რომ ჩემი ავხორცი, გარყვნილი ცხოვრება არასდროს დასრულდებოდა; ლოთობა და ღორმუცელობა ცოდვად არ მიმაჩნდა. და აი! გეენია დავიმკვიდრე, ცოდვებით ხანმოკლე ტკბობისათვის სასტიკი ტანჯვით ვისჯები; არაფრის მაქნისი მხიარულობისთვის საშინელი ტანჯვით ვზღავ. აი როგორ ჯილდოს ვიღებ ღმერთის უგულებელყოფისთვის! ყველანაირმა, დაუსრულებელმა უბედურებებმა მომიცვა. ახლა დახმარების დროა! გაიხსენე, რომ ჩემი გაზრდილი ხარ! თუკი ჩემგან როდისმე რაიმე მიგიღია, ახლა მომაგე! შემიბრალე! ეს ცეცხლი მწვავს და ვერ დამწვა. შემიბრალე! ამ ტანჯვაში სასოწარკვეთილება მჭამს. შემიბრალე, ჩემო შვილო, ხელი მომეცი და აქედან გამომიყვანე. როდესაც საშინელი მცველების შიშით უარი ვუთხარი, – კვლავ მოთქმას შეუდგა: დამეხმარე, შვილო! მშობელი დედის ტირილს ნუ უგულებელყოფ! გაიხსენე, რომ ჩემი დაბადებული ხარ! მიშველე, გეენიის ცეცხლში ვიღუპები! მეც ავქვითინდი, მასავით ვკვნესოდი და ვგოდებდი. ამ ტირილმა და ყვირილმა ჩემი შინაურები გააღვიძა; მათ სინათლე აანთეს და ტირილის მიზეზი მკითხეს. მე მათ ნანახი ვუამბე. მაშინ მამის გზა ავირჩიე, რადგან უფლის წყალობით დავრწმუნდი, ბიწიერი ცხოვრებით მცხოვრებთ რა სატანჯველი მოელით.

სწავლებები გამოკრებილია წმ. ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვის "ოტეჩნიკი"-დან

თარგმნა ნინო ახალაძემ