† წესი მომაკვდავის ნათლობისათვის ერისკაცის მიერ

აუცილებელია ყოველი ადამიანი მოინათლოს ეკლესიური წესით და სამღვდელო სასულიერო პირის მიერ, მაგრამ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ადგილმდებარეობის მიზეზით, ან სიჩქარის გამო არ ხერხდებოდეს მომაკვდავისათვის მღვდლის მოყვანა და მომაკვდავი ითხოვს, ან ჩვენს შეკითხვაზე თანახმაა, რომ მოინათლოს, მაშინ შესაძლებელია და აუცილებელიც, რომ მომაკვდავთან მყოფმა საერო ადამიანმა, ნებისმიერი ასაკის კაცმა ან ქალმა (მხოლოდ მონათლულმა) დაეხმაროს და მონათლოს მომაკვდავი, რომელიმე წმიდანის სახელის დარქმევით და ნათლობის შემდეგი ფორმულის დაცვით:

ნათელს იღებს მონა ღვთისა (ან მხევალი) სახელითა მამისათა (დავასხავთ თავზე წყალს) ამინ. და ძისათა, (დავასხავთ თავზე წყალს) ამინ. და სულისა წმიდისათა, (დავასხავთ თავზე წყალს) ამინ. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შესაძლებელია აგონიაში მყოფი მომაკვდავიც მოინათლოს, თუ კი გვსმენია, რომ მას ჰქონდა სურვილი ნათლობისა.

ასეთი ნათლობის შემდეგ, თუ მომაკვდავი გარდაიცვალა ის ითვლება მონათლულად, ხოლო გადარჩენის შემთხვევაში აუცილებელია მღვდელმა დაასრულოს ნათლობის წესი.

ხშირად ჩვენს თვალწინ იღუპებიან მოუნათლავი ადამიანები და არ ვიცით უმთავრესად რითი დავეხმაროთ. ზემოთხსენებული ცოდნისა და გულისხმიერების საფუძველზე კი მრავალი ადამიანი შეიძლება აშორდეს მარადიულ სატანჯველს. ჩვენ კი მომაკვდავის დახმარება დიდ სიკეთეში ჩაგვეთვლება.