წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სასწაულები

კიბოთი დაავადებულის განკურნება

1927 წელს წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის ლოცვით განიკურნა ებრაელი მოსე კალმანოვიჩი, რომელმაც შემდეგ ქრისტიანობა მიიღო.

დალაქი მოსე კალმანოვიჩი კუჭნაწლავის კიბოთი იყო დაავადებული. ყოველგვარმა მკურნალობამ უშედეგოდ ჩაიარა, ავადმყოფობა დღითიდღე ძლიერდებოდა. საკვებად მხოლოდ სითხის მიღება თუ შეეძლო. ბოლოს ცოლთან ერთად მოსკოვში, ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში სამკურნალოდ გაემგზავრა. ხანგრძლივი და გულდასმით გამოკვლევის შემდეგ ექიმმა კალმანოვიჩის ცოლს უთხრა, რომ ავადმყოფი მხოლოდ ორ კვირას თუ იცოცხლებდა და შინ დაბრუნება ურჩია.

როდესაც კლინიკიდან სახლში ბრუნდებოდნენ, გზად წმიდა პანტელეიმონის სამლოცველოს ჩაუარეს. კალმანოვიჩმა მასში შესვლა მოისურვა. ცოლი დაბეჯითებით უმტკიცებდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, რადგან ეს მათ რელიგიას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ავადმყოფმა თავისი გაიტანა და სამლოცველოში შევიდა. იქ იმ დროს საზოგადო ლოცვა აღესრულებოდა. კალმანოვიჩი მივიდა წმიდა პანტელეიმონის ხატთან, დაიჩოქა და ღვთისმსახურების დამთავრებამდე არ ამდგარა. შემდეგ მიეახლა ხატს და ცრემლმორეული ემთხვია. სამლოცველოდან გამოსულმა კი ცოლს უთხრა: „სრულიად ჯანმრთელი ვარ, არაფერი მაწუხებს, ახლავე დავბრუნდეთ კლინიკაში და შევამოწმოთ“.

როდესაც პროფესორმა ავადმყოფის დაბრუნების შესახებ შეიტყო, განაცხადა, რომ მის მიერ დასმული დიაგნოზის გადამოწმებას საჭიროდ არ თვლიდა. მაგრამ ავადმყოფის მომაბეზრებელი თხოვნის შემდეგ თავის ერთ-ერთ ასისტენტს დაავალა, გაესინჯა იგი. ასისტენტმა კალმანოვიჩს დაავადების რაიმე ნიშანიც ვერ აღმოუჩინა და ამის შესახებ პროფესორს მოახსენა. პროფესორმა დაეჭვებით გადახედა მას და თქვა: „ან ეს კაცია შეშლილი, ან თქვენ“. მან კვლავ გასინჯა ავადმყოფი, სახეზე გაოცება აღებეჭდა და ასისტენტს უთხრა: „მართლაც, აბსოლუტურად ჯანმრთელია“.

ამ საოცარი განკურნების მიზეზი მხოლოდ კალმანოვიჩმა იცოდა. მშობლიურ სოფელში დაბრუნებული დაუყოვნებლივ წავიდა ეკლესიაში და სასწრაფოდ მოინათლა. ახლადმონათლულმა მოძღვარს უთხრა, რომ მზად იყო, ქრისტესთვის თავიც დაედო.

მოამზადა ხათუნა რაქვიაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 1 2005 წ.