რომანოზ ტკბილადმგალობელის თანამედროვე მემკვიდრე

მე ყველა იმ დღეს დავდიოდი ეკლესიაში, როცა კი ღვთისმსახურება აღესრულებოდა. მგალობლებმა შემამჩნიეს და კლიროსზე მიმიწვიეს, იმ ადგილას სადაც გუნდი გალობს. მანამდე არასოდეს მეგალობა, არც მემღერა როდესმე და არც მიყვარდა სიმღერა, რადგან სმენაც არ მქონდა. მაგრამ უფლის გულისთვის გადავწყვიტე საეკლესიო გუნდში მეგალობა.

და რაკი არც გალობისა გამეგებოდა რამე და არც სხვადასხვა ხმები ვიცოდი, მე მხოლოდ „უფალო შეგვიწყალე“-სა და „ამინ“-ს ვგალობდი. ყველანაირად ვცდილობდი სწორად ამეღო ბგერა და მომდევნოც გამომეცნო, რომ დროზე გამეღო პირი, და როგორც მეგონა, ასე თუ ისე გამომდიოდა რაღაც. თუმცა სხვები ასე როდი ფიქრობდნენ. გავიდა ორი თუ სამი დღე, ზუსტად არ მახსოვს, შეიძლება მეტიც, და აი, მედავითნე ქალი, ჩვენი გუნდის რეგენტი, მეუბნება:

- შენ არც ხმა გაქვს და არც სმენა!

მე არ მწყენია - ეს სრული სიმართლე იყო.

მაგრამ მოხუცმა მგალობლებმა დამიცვეს. მთავარია, რწმენა ჰქონდეს და მონდომება, უფალი კი ხმასაც მისცემს და სმენასაც. ყველაფერი ხომ შეიძლება განუვითარდეს კაცს?!

- როგორ არა! - შეეპასუხა მათ მედავითნე ქალი. - თუკი ბუნებით სმენა არა გაქვს, საიდან გაიჩენ?! ხოლო თუკი ღმერთმა ხმაც არ მოგცა, გასავითარებელიც არაფერი გექნება!

რას ვიზამთ, ყველაფერი ეს მართალი იყო. „ან კი რა მინდოდა გუნდში?!“ - დამწუხრებული ვსაყვედურობდი თავს შინისაკენ მიმავალი. - „არც ხმა მაქვს, არც სმენა, მე კი საეკლესიო მგალობლობა მოვინდომე! ღმერთო, შემიწყალე! ახლა რაღა ვქნა?!“

საშინლად გუნებაწამხდარი მივედი შინ და კანონის - ძილად მისვლის ლოცვების კითხვა დავიწყე. უგუნებობის გამო, არც კი მესმოდა, რას ვკითხულობდი: ლოცვათა სიტყვები არაფერს ეუბნებოდნენ არც ჩემს გულს და არც გონებას. ძლივს ჩავიკითხე კანონი ბოლომდე. მერე კი გულით მივმართე ღვთისმშობელს და მხურვალედ ვევედრე:

- დედაო ღვთისაო! შენს ტაძარში მოვედი, გუნდში მიმიწვიეს, მე კი გალობა არ ვიცი. გევედრები, მომეცი ხმა, რომ ჯეროვნად შევძლო ღმერთის - შენი ძის იესო ქრისტეს განდიდება!

განუწყვეტლივ ვლოცულობდი, სულ ამას ვევედრებოდი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს - ხმა და სმენა მომანიჭე-მეთქი, თან მეტანიებსაც აღავასრულებდი. ასე დავყავი რამდენიმე საათი. მერმე საკვირველი კეთილსურნელება შევიგრძენი - ნაზი, დახვეწილი, თუმცა კი მაინც ძალუმი. იგი ყოველივეს აღავსებდა ჩემს გარშემო. საღმრთო მადლის ზემოქმედებას გვრძნობდი სხეულშიც და სულშიც. ისეთი ნეტარებითა და სიყვარულით აღვივსე, როგორცი აქამდე არასოდეს არ განმიცდია.

მივხვდი, რომ უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება, და მეც კვლავ და კვლაც მხოლოდ ამას ვიმეორებდი: „დედაო ღვთისა, მომანიჭე სმენა და ხმა!“

და აი, ანაზდად ვიგრძენი, რომ ხმა მომივიდა. ყელში რაღაც განსაკუთრებულ ძალას შევიგრძნობდი. და როცა დილით ტაძრისკენ მივდიოდი, გზად სულ ვგალობდი. ტაძარში კი აღმოჩნდა, რომ ორ ხმაზე შემეძლო გალობა - ტენორით და ბარიტონით!

გუნდის ყველა მგალობელი უზომოდ გახარებული იყო ჩემს გამო. მთხოვდნენ, ხან პირველი ხმა მეთქვა, ხანაც ბანი მემღერა, იმისდა მიხედვით, თუ რა იყო საჭირო გუნდისთვის.

- აი, ღმერთმა ხმა მოგმადლა! - ამბობდნენ ისინი. - ლამაზი, ძლიერი ხმა, თითქმის ისეთი, როგორიც ჩვენს პეტრეს აქვს.

პეტრე - ბანია ჩვენს გუნდში, უკვე თითქმის 90 წლისაა.

ჩვენს მედავითნეს კი, გუნდის ხელმძღვანელს, აღარც ახსოვს თავისი შავბნელი წინასწარმეტყველებანი ჩემს შესახებ და წამდაუწუმ მეკითხება ნოტის აღებისას:

- სწორად ვიღებ ბგერას?

აქამდე კი თვლიდა, რომ სულ არ მქონდა სმენა! ჰოდა, ასე აღსრულდა ჩემზე საღმრთო წერილის სიტყვები: „ძალა ღმრთისა უძლურებათა შინა სრულ-იქმნების“-ო. სადაც არანაირი ხმა არ იყო, იქ ორი გაჩნდა, ხოლო სადაც სმენის ნატამალიც კი არ მოიძევებოდა, ის სრულყოფილი მუსიკალური სმენა გაჩნდა! კაცთაგანა არავისგან მისწავლია, ღმერთის შეწევნით ავითვისე რვახმა (პარაკლიტონი) და ტიბიკონი (თუ რა ძნელი საქმეა ეს, ნებისმიერ მგალობელს ჰკითხეთ ეკლესიაში)! და აი, მე ჩვენი გუნდის ხელმძღვანელსაც კი ვცვლიდი ხოლმე, როცა ის შეუძლოდ იყო.

მსგავსი ამბები სხვებისგანაც მსმენია. თუკი ღმერთი რაიმე ადგილზე ან სამსახურებლად დაგადენს, ყველაფერსაც მოგანიჭებს, რაც კი ამ მსახურებისთვისაა აუცილებელი. ოღონდ კი რწმენა გქონდეს და რაც გინდა სთხოვე უფალს ეკლესიის სარგებლობისათვის. ის უსათუოდ შეისმენს შენს ვედრებას!..

„დედა ღვთისმშობლის სასწაულები“
მართლმადიდებელი სარწმუნოება XX საუკუნეში, კრებული მეორე, თბილისი, 1997 წ.