ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის
„შენ ხარ ვენახის“
მიერ აღსრულებული სასწაულები

პირველი სასწაული ხატისა ,,შენ ხარ ვენახი“

ვიყავი ათეისტი. ეჭვი მეპარებოდა ღმერთის არსებობასა და ყოვლისშემძლეობაში. ვგმობდი ღმერთს. ხშირად მითქვამს, ჩემი თავის ღმერთი მე ვარ. მყავს მორწმუნე მეუღლე. მაღიზიანებდა მისი ლოცვა, განსაკუთრებით, მუხლის მოდრეკა. არაფრად მიმაჩნდა ეკლესია. პატივს არ ვცემდი მღვდლებს. მეგონა, ისინი ხალხს ატყუებდნენ.

მიუხედავად ჩემი დაჟინებული მოთხოვნისა, მეუღლემ არ მიატოვა ეკლესია. ზოგჯერ მიყვებოდა უფლის, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ან რომელიმე წმინდანის მიერ მოხდენილ სასწაულებს. ყოველივე სისულელედ მიმაჩნდა, ხალხის მოსატყუებელად მოგონილი მეგონა.

ქრისტეშობის წინა დღეს, 6 იანვარს (25 დეკემბერი) მეუღლე შემეხვეწა, მხოლოდ ერთხელ წავყოლოდი ტაძარში საღამოს ლოცვების მოსასმენად. დავეთანხმე და წავედი მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში. ვიგრძენი მორწმუნეთა გასაოცარი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ინვალიდი ვარ, ფეხი მტკივა და წელის არეშიც ძლიერი ტკივილები მქონდა, ლოცვისას ფეხზე დგომა არ გამჭირვებია.

ამ საბედნიერო დღეს ერთ-ერთი მორწმუნის მიერ დაწერილი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ ხატი აკურთხეს.

ლოცვამ ჩემზე გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. პირველად დავესწარი რა ლოცვას ეკლესიაში, პირველად ვემთხვიე ხატებს. პირველი ხატი, რომელსაც ვემთხვიე ზეთისცხების წინ, იყო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი „შენ ხარ ვენახი“. ამ დღის შემდეგ მე წელი არ მტკივა. ვირწმუნე ღმერთი.

ოტია ნაჭყებია. 24.01.96

P.S. მეორე კურნების შესახებ, რომელიც იმ საღამოს მოხდა და უხერხულობის გამო ვერ ჩაწერა განკურნებულმა, ტაძრის წინამძღვარს უშუალოდ ამცნო პირად საუბარში.

 

* * *

14 იანვარს მეორედ ვიყავი მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში და ვისმენდი თქვენს მიერ აღვლენილ წირვას. ,,რომელი ქერუბიმთას“ გალობისას თქვენ რომ აკმევდით, დავინახე საკურთხეველში დაბრძანებული ღმრთისმშობლის ხატი „შენ ხარ ვენახი“ მთლიანად გაბრწყინდა არაჩვეულებრივი ბრწყინვალებით. ჩემს დას, რომელიც ჩემს გვერდით იდგა ვკითხე, ხედავდა თუ არა ხატის ბრწყინვალებას, მიპასუხა, ვერ ვხედავო. ვიფიქრე, შეიძლება მზის სხივია-მეთქი, მაგრამ კვლავ განმეორდა. საკურთხეველში რომ ეზიარებოდით, ღმრთისმშობლის ხატი კვლავ მთლიანად გაბრწყინდა. მრევლის ზიარებისას ბრწყინავდა მხოლოდ ღმრთისმშობლის გვირგვინი. ეს უჩვეულო გაბრწყინება ნელ-ნელა გამოკრთებოდა და მეორდებოდა.

მეორე გაბრწყინებისას ისევ მივმართე ჩემს დას, კვლავ მითხრა, არ დამინახავსო.

წირვის შემდეგ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი მზის სხივის ზემოქმედებით ხდებოდა, თუმცა მზის სხივი არც ერთი მხრიდან არ ეცემოდა ხატს. ეს აზრი ჩემს დას გავუზიარე. მან მიმითითა სხვა ხატზე, რომელსაც მზის სხივი ეცემოდა და მკითხა, ასეთი ნათელი ხომ არ ჰქონდა იმ დროს ღმრთისმშობლის ხატსო. მე უარვყავი, ვინაიდან ის იყო უჩვეულო, სხვანაირი ბრწყინვალება.

ჯვრის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ბასილის
სულიერი შვილი ნაირა დიასამიძე საგურამო.
17.01.96

 

* * *

მოციქულთა თავთა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში ვნახე საკურთხეველში დაბრძანებული ახლადნაკურთხი ღმრთისმშობლის ხატის ,,შენ ხარ ვენახის“ გაბრწყინება. განათდა ღმრთისმშობლის სახის ნახევარი იესოსთან ერთად. ვიფიქრე სარკმლიდან შემოსული მზის სხივი ხომ არ ეცემა-თქო, მაგრამ როდესაც შევადარე მზის სხივით განათებულ სხვა ხატს, ისინი ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდებოდა. ღმრთისმშობლის სახეს, ყრმით, თეთრი ღრუბელივით ნათება ედგა და ნახევრად ბუნდოვნად ჩანდა სახეები. რასაც ვხედავდი, თვალი მოვარიდე, ისევ შევხედე, ხატი ისევ ისე იყო განათებული. ჩავაშტერდი, კარგად დავაკვირდი და ვიგრძენი, როგორ მომაწვა თვალებზე რაღაც ძალა და თითქოს თვალებში შემოჭრას ლამობდა, ვერ გავუძელი, თვალი ავარიდე, მეგონა გადავვარდებოდი, ისე შემაწუხა თვალებზე მოწოლილმა ძალამ. კვლავ შევხედე ხატს. განათებული იყო, ცოტა ხნის შემდეგ ნათება გაქრა.

ვიფიქრე, ალბათ მომეჩვენა, ჩემისთანა ცოდვილი ასეთი სასწაულის ხილვის ღირსი როგორ გავხდებოდი-თქო. ეს ყველაფერი გადამავიწყდა. რამოდენიმე კვირის შემდეგ მოძღვარმა ამბიონიდან თქვა, რომ მრევლს ჰქონდა ხილვა ამ ხატიდან. არც მაშინ გამახსენდა, რაც ვნახე. მხოლოდ გაზეთ „7 დღის“ 1996 წლის პირველი ნომრის მეორედ გადაკითხვის შემდეგ, სადაც დაბეჭდილი იყო წერილი ამ ხატის სასწაულებზე, გადავწყვიტე მომეთხრო ყოველივე.

ლილი, ტაძრის მრევლი
19.05.96

 

* * *

აპრილის შუა რიცხვებში პირველად ვიყავი მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში, სადაც საკურთხეველში დასვენებულია ღმრთისმშობლის ახალი ხატი ,,შენ ხარ ვენახი“, რომლის დანახვა მხოლოდ მგალობელთა ქორედიდან შეიძლება.

შთაბეჭდილება და რწმენა იმდენად დიდი იყო, რომ იმ ღამეს სიზმარში ვნახე, თითქოს ამ ეკლესიაში დიდი ზეიმი იყო. უამრავი ხალხი მოსულიყო სალოცავად. ეკლესიის შიგნით თუ გარეთ ხალხის ტევა არ იყო. ირგვლივ ისმოდა გალობა, ლოცვა, ინთებოდა სანთლები. ხალხს ეკლესიაში შესვლა უნდოდა, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ ახერხებდნენ. მე მოვახერხე შიგნით შესვლა. ტაძარში ფეხის წვერებზე ვიწეოდით ღმრთისმშობლის ახალი ხატის ,,შენ ხარ ვენახის“ დასანახად. მაგრამ ხატი არ ჩანდა, ხალხი ვერ ხედავდა და იძახდნენ ადგილი უნდა შეეცვალოს, ისეთ ადგილზე უნდა დაასვენონ, რომ ყველამ დაინახოსო.*

მზია ივანეს-ას ხუროშვილი
18.05.96

 

* * *

მე, ჩემი შვილები და შვილიშვილები მივდიოდით მანქანით. მუხრუჭმა უმტყუნა. სიჩქარის შენელება და მანქანის გაჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. ქუჩა საკმაოდ ვიწრო იყო და ჩახერგილი ორივე მიმართულებით მიმავალი მანქანებით. ერთდროულად რამდენიმე მანქანა უნდა შეჯახებოდა ერთმანეთს და შედეგიც უმძიმესი იქნებოდა. თითქმის სასოწარკვეთილებმა შევყვირეთ და შემწეობა ვთხოვეთ ღმრთისმშობლის ხატს ,,შენ ხარ ვენახი“ (ეს ხატი, უკურთხებელი, უბეში ედო ჩემს შვილს). არანაირი გამოსავალი არ ჩანდა... არც ადამიანის გონებას, არც მოხერხებას არ შეეძლო ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა. ჩვენ არ ვიცით, როგორ გავიარეთ ერთმანეთთან მიჯრილ მანქანებში და აღმოვჩნდით უსაფრთხო ადგილას. დიდხანს ვისხედით მანქანაში მომხდარი სასწაულით გაოგნებულები და ხმას ვერ ვიღებდით, მხოლოდ შეშინებული ბავშვის ტირილმა გამოგვაფხიზლა.

დიდება უფალს.

მანანა არჩვაძე

 

* * *

16 აპრილს, ღამით, საავადმყოფოში მივიყვანეთ ახლობელი, რომელსაც ნეკნების მოტეხილობა და ფილტვის ქსოვილის დაზიანება დაუდგინდა. მოსალოდნელი იყო შემდგომი გართულებები. მდგომარეობა საკმაოდ მძიმე და სახიფათო იყო. თითქმის უჩერდებოდა სუნთქვა. საჭირო გახდა ძლიერი ტკივილგამაყუჩებლის გაკეთება.

საავადმყოფოში წავაბრძანეთ ხატი ,,შენ ხარ ვენახი“, აღვავლინეთ ღმრთისმშობლის პარაკლისი. შუაღამისას მორიგე ექიმმა რომ გასინჯა, მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო. დილით კვლავ გასინჯა ორმა სხვა ექიმმა. ავადმყოფის მდგომარეობა დილით და მდგომარეობა რენდგენის მიხედვით, რომელიც მას საავადმყოფოში მიყვანისთანავე გაუკეთდა, შეუსაბამო იყო. დილით ის თითქმის ჯანმრთელად გრძნობდა თავს. ჩვენ კი ეჭვი არ შეგვპარვია, რომ კურნება მოგვიხდინა ხატმა ,,შენ ხარ ვენახი“.

მანანა არჩვაძე

 

* * *

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის „შენ ხარ ვენახის“ კურთხევას ვერ დავესწარი.

შობას წირვაზე აღსავლის კარი რომ გაიღო, ხატი პირველად მაშინ ვიხილე. სიხარულით ამევსო გული. ჩუმად, ხელებაფარებული ვტიროდი. ხატს შუბლსა და თვალებზე ცისფერი ნათელი ედგა. ბოლოში ვიდექი და მხოლოდ ღმრთისმშობლის სახეს ვხედავდი. წირვა რომ დამთავრდა და ჯვარს ვუახლოვდებოდი, ვნახე ხატს მთლიანად ცისფერი ნათელი ედგა ისე, რომ მაცხოვარი ვერ შევნიშნე. მეორედ რომ მივედი ტაძარში, მხოლოდ მაშინ დავინახე მაცხოვარი. ნათლისღების დღესასწაულზე ხატი ვიხილე ისევ ცისფერ ნათელში. 18 თებერვალს კი ჯვარზე მთხვევისას თვალებზე ედგა მკრთალი ცისფერი ნათელი. ჯვრის მთხვევა რომ მთავრდებოდა, ხატი მთლიანად მოიცვა ცისფერმა ნათელმა.

ქეთევან ღამბაშიძე
18.02.96

 

ყოფილი ,,იეღოველის“ მონათხრობი

ურწმუნო არასოდეს ვყოფილვარ, რაღაცის ყოველთვის მწამდა და მჯეროდა. ამ ბოლო დროს ძალიან ვირწმუნე ღმერთის, რომელსაც იეღოვას ეძახიან. წავიკითხე ძველი და ახალი აღთქმა. ვკითხულობდი ყოველგვარ ჟურნალებსა თუ ბროშურებს, რომელსაც ,,საგუშაგო კოშკს“ ეძახიან. ვისმენდი სისტემატიურად მათ ქადაგებებს, რომელიც მომწონდა და მიზიდავდა. ბოლოს ვირწმუნე კიდეც. როცა ჩემი მეზობელი გიორგი მართლმადიდებლობაზე მესაუბრებოდა, ვუსმენდი, მაგრამ არაფერი მჯეროდა. არ მჯეროდა არც ხატების, სანთლების, ეკლესიის და მღვდლების. ვერც სულის უკვდავება ვირწმუნე, სასაცილოდ მეჩვენებოდა.

ერთხელ ეზოში გიორგი რაღაცას წვავდა. შევეკითხე რას წვავ-მეთქი. ეკლესიიდან ღმრთისმშობლის ხატი ,,შენ ხარ ვენახი“ მოვიტანე, გარშემო ზედმეტი ქაღალდები შემოვაჭერი და იმას ვწვავო. ამ ხატმა ბევრი სასწაული მოახდინა და მომავალშიც მოახდენსო.

სასაცილოდ არ მეყო, როგორ ყველაფრის სჯერა-თქო. დახატულ ხატს რა უნდა შეეძლოს, მოიგონებენ რაღაცას და ირწმუნებენ-თქო.

დავიწყე რომანის კითხვა. გული ვერ დავუდე. რატომღაც ძალიან მინდოდა ხატის ნახვა. თან მეშინოდა. რაღაცამ მძლია და ავედი გიორგისთან. ვუთხარი მაჩვენე შენი ხატია თუ სურათი მეთქი, თან მეცინებოდა. ხატს რომ დავხედე, ფერები მომეწონა, კარგი ნამუშევარია-თქო და მაგიდაზე დავდე. მერე ჩემდა უნებურად ისევ ავიღე და დავაკვირდი, მომეჩვენა თითქოს ხატმა ფერი იცვალა, თვალები დაახამხამა, თვალის გუგა გაუცისფერდა. ყურადღება არ მივაქციე, მომეჩვენა-თქო და გავიცინე. შემდეგ გიორგის ძმას ვაჩვენე, თემო, კარგად დააკვირდი, თუ ამჩნევ რაიმეს? მაგრამ ისევ გამოვტაცე და კარგად დავაკვირდი, იგივე დავინახე, ოღონდ ახლა ღმრთისმშობელს თავსაბურავი გადაუსრიალდა და დიდი ნაწნავები გამოუჩნდა. შიშმა ამიტანა, თავბრუ დამესხა, ცუდად გავხდი და გარეთ გავვარდი. შევედი მეზობელთან, რომელიც იეღოვას მორწმუნეა, სულმოუთქმელად მოვუყევი, რაც ვიხილე. ისტერიულად ვტიროდი. მან დამიყვირა, გადი აქედან, არ დამენახო, ეშმაკები დაგეუფლა, სად გინახავს სურათი თვალებს გიპაჭუნებდესო.

ტირილით შევედი სახლში ჩემს დასთან, ვკანკალებდი. რომ დავმშვიდდი, ავედი გიორგისთან. გიორგიმ მაჩვენა ხატი, მაგრამ ვერ დავხედე. მეორე დღეს მეზობლის მოცემული ,,იეღოვას“ ჟურნალები და წიგნები მათვე დავუბრუნე. ხოლო დანარჩენი ეკლესიაში წავიღე და დავწვი. 17 წლის ვარ და მონათვლაზე არ მიფიქრია, არც ვაპირებდი, მშობლებსაც არ დავემორჩილე. ვარ ლტოლვილი გალიდან, რატომღაც მჯერა, იქნებ მართლაც დამიბრუნოს რწმენა ღმრთისმშობლის ამ ხატმა. ერთი სული მაქვს, როდის მოვინათლები. სისტემატიურად ვივლი ეკლესიაში. ეს ხატი ყოფილიყოს ჩემი მფარველი.

ნანი უზარაშვილი
11.04.96.

P.S. – გარკვეული მომზადების შემდეგ ნანა მოინათლა და მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მრევლი გახდა (დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი)

 

* * *

ქრისტეს შობის წინა დღეს, 6 იანვარს, ახლად შექმნილი ხატის ,,შენ ხარ ვენახის“ კურთხევამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

იმ დღეებში ბებია შეუძლოდ იყო, აღარ ჭამდა და სარეცელიდან წამოდგომაც უჭირდა. მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, ლოგინს მიეჯაჭვა. ღმერთს სთხოვდა, ამ ქვეყნიდან გამიყვანეო. ოჯახს იმედი გადაეწურა.

შაბათი იყო. ლოცვაზე მაგვიანდებოდა. ჩვეულებისამებრ, სახლიდან გასვლის წინ ბებიას ვეუბნებოდი – წავედი-თქო, ის კეთილ მგზავრობას მისურვებდა. არც ამჯერად ვუღალატე ჩვეულებას, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე, მისუსტებული იწვა და ხმას არ იღებდა.

დამწუხრებული წავედი ტაძარში. ლოცვა დაიწყო, საკურთხევლის კარი გაიღო და აცრემლებულმა ღმრთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ ხატს შევევედრე ბებიას განკურნება, ვთხოვდი ფეხზე დაეყენებინა.

ლოცვის შემდეგ სახლში რომ დავბრუნდი, კარის გაღებისთანავე გაკვირვება ვერ დავმალე. ბებია მაგიდასთან მიმჯდარიყო და მადიანად მიირთმევდა, დამინახა და შემომძახა, ნუ გეშინია, კარგად ვარო და ჭამა გააგრძელა.

გაოცებული ხმას ვერ ვიღებდი. შემდეგ ვკითხე, ვინ წამოგაყენა, სუფრა ვინ გაგიშალა? ომახიანად მიპასუხა, რომ ყველაფერი თვითონ შეძლო, დაუხმარებლად. თან დააყოლა, შენ რომ ეკლესიაში წახვედი, ნახევარ საათში ძალ-ღონის მომატება ვიგრძენიო.

ეს ნახევარი საათი დაემთხვა ზუსტად იმ დროს, რაც მე მჭირდებოდა ეკლესიამდე მისასვლელად და ზუსტად იმ მომენტს, როცა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელ მარიამს შევევედრე. თხოვნა და განკურნება ერთდროულად მოხდა.

სიხარულს ვერ ვფარავდი, დიდება ღმერთს, მადლობა ღმრთისმშობელს.

ეს ამბავი ზოგმა დაიჯერა, ზოგმა არა, შემთხვევითობას მიაწერდნენ ყველაფერი დაემთხვაო, მაგრამ მწამს, რომ ბებია ახლად შექმნილმა ხატმა განკურნა.

 

* * *

შობის წინა დღეს ლოცვისას ,,შენ ხარ ვენახის“ ღმრთისმშობლის დიდებული ხატი მოაბრძანეს. როგორც შევხედე, ვიცანი, ეს ის ხატი იყო, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ სიზმარში გულზე დამაბნია. მის მერე გულში ვატარებ. მეტი სიხარულისაგან ამ ხატის მომხატველ ირაკლის ვეამბორე. მას შემდეგ ძალიან ხშირად მახსენდებოდა ჩემგან სიზმრად ნანახი და მინდოდა, ჩემი მოძღვრისთვის მეთქვა. ერთხელაც სიზმარში იგივე ხმამ მომიყვანა ტაძარში, დამაყენა აღსავლის კართან და ვთქვი: მამაო, ეს ის ხატია, უფალმა გულზე რომ დამაბნია, ოღონდ ის პატარა იყო-მეთქი.

მეორე დღეს გვეუბნებით, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ამ დიდებული ხატის რეპროდუქცია, სახლში სალოცავად გექნებათ. კიდევ არ ვაპირებდი ნანახის მოყოლას, მაგრამ ახლა კი სიზმარში სახელით მომმართა: მასტრიდია, უთხარი მოძღვარს, რატომ არ ეუბნები? და მეც გიამბეთ, როგორც იყო.

მასტრიდია გობეჯიშვილი-რეხვიაშვილი

 

* * *

ამა წლის 21 აპრილს, კვირაცხოვლობას, დიდი გამოსვლის შემდეგ, უეცრად დიდმა სინათლემ მიიქცია ჩემი ყურადღება: იგი აშკარად ღმრთისმშობლის ,,შენ ხარ ვენახის“ ხატიდან გამოდიოდა. გაკვირვება ვერ მოვასწარი, რომ ღმრთისმშობლის მარჯვენა მხარე ზღვისფერი ნისლით დაიბურა. იგი იწყებოდა ნორჩი რტოდან და ნახევარ სახეს ფარავდა; ცოტა ხანში მარცხენა მხარეს გადაინაცვლა, შემდეგ კი თითქოს მსუბუქი, გამჭვირვალე ცისფერი პირბადე ჩამოეფარა დედაღმრთისას და მხოლოდ თვალები უჩანდა. გაოგნებული მივჩერებოდი ხატს და ცრემლები ღაპა-ღუპით მდიოდა. ,,ლია, ხატს შეხედეო“ – სწორედ ამ დროს მითხრა იამ. ,,შენ რას ხედავ?“– ჩუმად ვკითხე. ,,ცისფერი მოსახვევი ჩამოიფარა სახეზეო“ – მითხრა. მანაც ზუსტად იგივე დაინახა, რაც მე. ერთი წუთით თვალები დავხუჭე. როცა გავახილე, შარავანდედი და თავსარქმელიც ოქროსფრად უციმციმებდა. იაც ხედავდა. სხვებისთვის არაფერი მითქვამს. იმ დილით, ძლივს მოვედი ეკლესიაში, ყველა სახსარი მტკიოდა, ახლა კი მხოლოდ ტერფების ტკივილს ვგრძნობდი. ,,რა იქნება, ისეთი ფეხსაცმელი მქონდეს, ტერფები არ მტკიოდეს-მეთქი“ – უნებურად გავიფიქრე და 100-ჯერ ვთქვი სკვნილზე ,,შენ ხარ ვენახის“ იამბიკო.

სახლში დაბრუნებულს, ჩემი ქალიშვილი ნათია მრავალმნიშვნელოვანი ღიმილითა და გაბრწყინებული სახით შემხვდა: „აბა ნახე, დედიკოო!“ – და ჩანთიდან „ამოაძვრინა“ ძალიან რბილი, დაბალ ქუსლიანი ფეხსაცმელი. ჩავიცვი დასიებულ ფეხებზე და ჩუსტივით მომერგო. უდიდესი სიხარული დამეუფლა: ჯერ ერთი, დავრწმუნდი, რომ ღმრთისმშობელმა ნამდვილად მაჩვენა თავისი ბრწყინვალების რაღაც ნამცეცი, რადგან ასე უცებ ამისრულა ის უნებური ნატვრა, ტერფების ტკივილმა რომ წამომაცდენინა; და მეორეც, ჩემი გოგონას ყურადღებამ გამახარა: მადლობა ღმერთსა და ღმრთისმშობელს ასეთი მეგობარი შვილები რომ მაჩუქეს!

ლია ბარბაქაძე

 

* * *

მარტის შუა რიცხვებში სამხრეთ აფრიკაში გასამგზავრებლად ვემზადებოდი. ჩემმა მეუღლემ, რომელიც გაზეთ ,,7 დღის“ მორიგე რედაქტორი იყო, გაზეთის ახალი ნომერი მოიტანა და მირჩია წამეკითხა სტატია ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატზე, რომელიც მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს დაეწერა სპეციალურად ,,7 დღისათვის“. სტატიის წაკითხვა აფრიკაში ჩასვლიდან მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ მოვახერხე, ინდოეთის ოკეანის ნაპირზე მდებარე ქალაქ ისთ-ლონდონის სასტუმროში, სადაც ჩვენი სემინარი ტარდებოდა.

ერთ საღამოს, აფრიკული ნაკრძალიდან ახლად დაბრუნებულმა დიდი შთაბეჭდილებებით და საკმაოდ დაღლილმა, პირველად იქ ყოფნისას, მოვინდომე ოკეანეში ბანაობა. თითქმის ძალით წავიყვანე ჩემი მეგობარი – რუსი კოლეგა.

ოკეანე ღელავდა, როგორც მერე გავარკვიე, მიქცევა დაწყებულიყო, მობანავენი არ ჩანდნენ. ჩვენ საკმაოდ შორს შევცურეთ და უკან რომ მოვცურავდით, სისუსტე ვიგრძენი. აღმოჩნდა, რომ ნაპირიდან ძალიან შორს ვიყავი.

ჩემი მეგობარი კი უკვე ნაპირზე გასულიყო.

ძლიერი ტალღები მირტყამდა. წყალიც ვყლაპე. პანიკამ მომიცვა. ვგრძნობდი, წინ ვერ მივიწევდი, ყვირილი დავიწყე, შველას ვითხოვდი. ჩემი მეგობარი მოცურდა, გამამხნევა და ისევ ნაპირისაკენ გაცურა. სასოწარკვეთილს ნაპირი ძალიან შორს მეჩვენებოდა... ამ დროს მეხსიერებაში ამოტივტივდა და ცაზე გამოჩნდა ,,შენ ხარ ვენახის“ ხატი, რომლის შესახებ წინა დღეს ვკითხულობდი. შველა ვთხოვე... ცოტა ხნის შემდეგ ფეხქვეშ სილა ვიგრძენი. რის ვაი-ვაგლახით ნაპირზე გავედი და ქვიშაზე დავეგდე... იმ ღამეს სიცხე მომცა.

ეს ამბავი ჩემს მეუღლეს ვუამბე და ვთხოვე ,,შენ ხარ ვენახის“ ხატი ტაძარში ერთად გვენახა. ორჯერ მივედით მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში, მაგრამ ხალხმრავლობის გამო შიგნით ვერ შევედით. მესამედ მოძღვარს შევუთანხმდით და მივედით მთელი ოჯახი ჩვენს პატარა გოგონასთან ერთად. საუბრის შემდეგ მამა არჩილმა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მცირე ასლი გადმოგვცა.

მოხდა საოცარი დამთხვევა – სანამ ხატს სახლში შევასვენებდით, ეზოში შესვლისას დავინახე, რომ უსინათლო მოხუცმა მეზობელმა, რომელიც ფანჯრიდან იყურებოდა, ჩვენს შესვლას ჯვარი გადასახა და დაილოცა. შემდეგ დავადგინე, ის თურმე ასე გადაწერს ხოლმე პირჯვარს თავის ვაჟს სახლიდან გასვლისას.

დიდება უფალს.

მიხეილ ადეიშვილი
თბილისი, ივნისი, 1996 წ.

 

* * *

1999 წლის 20 იანვარს ვიყავი აღსარებაზე მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში. მოძღვარმა მომისმინა და მირჩია, მიმეტოვებინა სიგარეტის წევის მავნე ჩვევა იმიტომ, რომ სიგარეტი არა მარტო ორგანიზმს აავადებს, არამედ სულსაცო. მოვისმინე ეს კარგი დარიგება, მაგრამ ყურად არ ვიღე. ეკლესიიდან წამოსვლის შემდეგ კვლავ იმ ტემპით ვეწეოდი, როგორც ადრე. დამეწყო კუჭიდან ფარული სისხლდენა. ავად გავხდი, რადგან მოძღვრის რჩევა არაფრად ჩავაგდე და გულგრილად მივუდექი. ფარულმა სისხლდენამ ძალიან დამასუსტა და ადგომის თავიც აღარ მქონდა.

სისხლდენა 21 იანვარს დაიწყო. 23-ში საღამოს ოჯახში გადავწყვიტეთ, რომ მეორე დილით ექიმთან წავსულიყავი, მაგრამ მოხდა სასწაული. 23-ში ღამით ავიღე „შენ ხარ ვენახის“ ხატი, საწოლთან მოვათავსე და ჩაძინებამდე ვკითხულობდი ხატის ტროპარს. ძილში მეჩვენებოდა, თითქოს მოციქულთა თავთა წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში ვიდექი, ჩემს წინ ეს ხატი იყო დაბრძანებული და ვევედრებოდი შველას, გათენებისას აღმოჩნდა, რომ ხატს სასწაული მოეხდინა. არა მარტო სისხლდენა შემიჩერდა, კუჭიც აღარ მტკიოდა. მწამს, არ ამტკივდება, სანამ მოძღვრის რჩევა-დარიგებას დავუჯერებ.

გიორგი

 

* * *

დაახლოებით 15 წლის წინ მამაჩემმა, ჩვენი საცხოვრებელი სახლის ფანჯრის წინ, დარგო ვაზი. მახსოვს, თავიდან ვუვლიდით, ვრწყავდით, მაგრამ... ნაყოფს არ გვაძლევდა. ამის მიზეზად ჩავთვალეთ ადგილი, ვინაიდან ქუჩის პირია, საკმაოდ ხმაურიანი, მტვრიანი და მზე მხოლოდ 4-5 საათს უყურებს. ამ ვაზს ყოველ წელს რამოდენიმე მტევანი გამოჰქონდა, შემდეგ ეს მწვანე მტევნები ჭკნებოდა და ცვიოდა, მაგრამ სილამაზის გამო ვაზს არ ვჭრიდით.

მამის გარდაცვალების შემდეგ ეს ვენახი უფრო ძვირფასი გახდა. როდესაც ჩემს ცხოვრებაში ცვლილებები მოხდა, ისე აეწყო, რომ სალოცავი კუთხე სწორედ იმ ფანჯარასთან გაკეთდა, სადაც ვაზი იყო. ეკლესიური ცხოვრების სურვილმა, ჩემი ტაძრის გარდა, თქვენს ტაძარშიც მომიყვანა. იმ დღეს, პირველად რომ გამოთქვით „შენ ხარ ვენახის“ ხატის შექმნის სურვილი და მაშინაც, როცა ეს ხატი უნდა გეკურთხებინათ, თქვენს ტაძარში ვიყავი. მერე შევიძინე ამ ხატის ფოტოასლი, ფიცარზე დავამაგრე, ჩემს მოძღვარს ვაკურთხებინე და სახლში რომ დავასვენე, გადავწყვიტე, დილა-საღამოს, ლოცვებში შემეტანა ამ ხატის ტროპარი.

გაზაფხულზე ვენახი გავსხალი და ზაფხულში, როდესაც პატარა მტევნები გამოჩნდა, შევამჩნიე, რომ ადრინდელზე ძლიერი და ბევრი იყო. არ მეგონა, თუ შერჩებოდა და მით უმეტეს – დამწიფდებოდა.

აგვისტო-სექტემბერი ქალაქში არ ვიყავი, რომ დავბრუნდი, ხატების ოთახში შევედი, ფარდა გადავწიე და წარმოიდგინეთ, მამაო, ფანჯრიდან დამწიფებული, შავ მტევნებიანი ვენახი ჩანდა. ძალიან გამიხარდა. შემდეგ ბევრი ვიფიქრე ამ მოვლენაზე, ჩემს მეგობრებს მოვუყევი. მე მგონია, რომ ყოველივე „შენ ხარ ვენახის“ ხატის მადლით მოხდა მათთვის, ვისაც ეს ამბავი გააძლიერებს და გაამხნევებს.

გიორგი დუნდუა

 

* * *

1996 წლის სექტემბრის თვეში კისრის მარჯვენა მხარეს ამომჭრეს სამას გრამზე მეტი ქსოვილი. დროთა განმავლობაში ქსოვილი ისევ გაიზარდა და დამიჩირქდა. 1999 წელს განმეორებით გამიკეთდა ოპერაცია, ჩამიდგეს ჩირქის სადინარი. ჭრილობის გასუფთავების შემდეგ მესამე ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო. ქსოვილი დღითი-დღე იზრდებოდა. ტაძარში დავდიოდი უძლური, სიცხიანი, ღია ჭრილობით. არანაირი იმედი არ გამაჩნდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ სიმსივნე მქონდა. ერთხელ წირვის შემდეგ სასანთლეში შევიძინე „შენ ხარ ვენახის“ პატარა მოცულობის ხატი. როგორც კი ხატს შევეხე, კისერზე მწარედ მიპწკინა რაღაცამ და ამეწვა. ასე განმეორდა რამოდენიმეჯერ.

მე ტაძარში ამოვედი და ყველაფერი გიამბეთ, თან გთხოვეთ, გელოცათ ჩემთვის ამ ხატთან. თქვენ მაშინვე გადამიხადეთ პარაკლისი „შენ ხარ ვენახის“ ხატთან. ირინემ კი, თქვენი კურთხევით, გადამიწერა ტროპარი („შენ ხარ ვენახი“) და გამომატანა კანდელის ზეთი. თქვენ ხშირად მიხდიდით ხოლმე პარაკლისებს. სამ თვეში სავსებით განვიკურნე. ამ ტაძარში ძალიან ბევრს ვახსოვარ ღია ჭრილობით. ახლა მხოლოდ ორი ოპერაციის ნაიარებიღა მეტყობა. მესამე ოპერაციას გადავურჩი.

გულიკო ჯანაშია-გაჩეჩილაძე
19.12.2002

 

* * *

პატარა ბარბარე, სამი წლის, წირვაზე ყოველთვის მშვიდად და წყნარად იყო. პირველ იანვარს კი ვერ ისვენებდა, შფოთავდა, არ უჯერებდა თავის დას, რომელსაც ზიარება უნდა მიეღო, გამოვართვი ბავშვი და ჩავისვი კალთაში. ცოტა ხნის შემდეგ ბავშვმა მთხოვა, მგალობელთა ქორედიდან ძირს გადამახედეო. თხოვნა შევუსრულე. დავინახეთ „შენ ხარ ვენახის“ ხატი. მას და მფარველ ანგელოზს შევევედრე, დაწყნარებულიყო და დამშვიდებულიყო პატარა ბარბარე. „შენ ხარ ვენახის“ ხატს თვალები მოელვარე გაუხდა და ბარბარესკენ სხივები გამოუშვა. ბავშვი მოითენთა და მთხოვა, კალთაში ჩამესვა, შევამჩნიე, ეძინებოდა. გადავიწვინე მკლავზე და ჩაეძინა. ზიარებისას გამოვაღვიძეთ. წირვის დამთავრებამდე ბარბარე მშვიდად და წყნარად იყო. მამაო, ეს სასწაული ჩემი თვალით ვიხილე.

პატივისცემით ქეთევან მაისურაძე
1 იანვარი, 1998 წ.

 

* * *

ვარ პედიატრი. 8 წლის წინ სპეციალობა შევიცვალე – ახლა ვმუშაობ ბავშვთა თვალის ექიმად. ერთდროულად ორ სპეციალობაში მაღალი პროფესიული დონის მიღწევა ძნელია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პედიატრად აღარ ვმუშაობ, როცა დახმარებას მთხოვენ, უარს ვერ ვეუბნები და მივყვები.

დიდმარხვის მიწურულს ერთმა ნაცნობმა, 4 შვილის დედამ, შეწუხებულმა შვილის ავადმყოფობით, მთხოვა ბინაზე წავყოლოდი. 14 წლის გოგონა საწოლში იწვა და იღიმებოდა. სახეზე იყო კვებითი მოწამვლის ნიშნები. ანამნეზი მძიმე არ იყო, მაგრამ რაღაც სიმძიმე ვიგრძენი. შინ დაბრუნებული საკუთარი თავით უკმაყოფილო ვფიქრობდი, რომ რაღაც გამომრჩა. არც ადგილი მომეწონა, სადაც ბავშვი იწვა. თითქოს რაღაცაში ვერ გავრკვეულიყავი. დედა გავაფრთხილე, რომ დანიშნულება შეესრულებინა და საჭიროების შემთხვევაში დაუყონებლივ მოემართა. გავიდა 3-4 დღე. დიდ პარასკევს დედამ სამსახურში მომაკითხა ჩივილით, რომ მკურნალობა უშედეგოა. შემდეგი ნახვისას ვურჩიე ინფექციონისტისთვის მიემართა.

შაბათს ბავშვი ინფექციონისტისგან ქირურგთან, შემდეგ ექოსკოპისტთან, იქედან კი ჩირქოვანი პერიტონიტის დიაგნოზით საოპერაციო მაგიდაზე აღმოჩნდა. პერიტონიტის ნიშნები გასინჯვით არც ერთ ექიმს არ უნახავს, იმიტომ რომ სახეზე არ იყო. მუცელი რბილი იყო, თავისუფლად იძლეოდა პალპაციის საშუალებას.

შაბათს ბავშვის ამბავი რომ ვიკითხე, მითხრეს ოპერაციაზეა გაყვანილი გაურკვეველი დიაგნოზითო. მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მთელი უბანი შეწუხებული ტიროდა.

საავადმყოფოში ჩემმა მეუღლემ წამიყვანა. ბავშვი უკვე პალატაში იყო. ელდა მეცა, ისე დალეულ-გადათეთრებულიყო. ოპერატორმა თქვა, რომ მუცელში 1,5 ლიტრი ჩირქი იდგა. მოჭმული იყო საშვილოსნოს ფუძე, ნაწლავები ერთიანი შეხორცებული მასით იყო წარმოდგენილი. ასე რომ, ბავშვის გადარჩენა შეეძლო მხოლოდ უზენაესს.

აღდგომა თენდებოდა. ეკლესიიდან დაბრუნებული გავედი ახალ სახლში (სადაც ჯერ არ ვცხოვრობდით), გავიტანე ხატები – უფლისა, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა – „შენ ხარ ვენახი“, წმინდა სერაფიმე საროველისა, კელაპტარი და აკანკალებულმა დავიწყე ლოცვა. სასოწარკვეთილს ლოცვაც არ შემეძლო. ცრემლით შევთხოვე უფალს, რომ თავისი ბრწყინვალე აღდგომის მადლით აღედგინა გოგონა. გულში ვიხუტებდი ღმრთისმშობლის ხატს და ვთხოვდი, მოეხდინა სასწაული. ის ღამე საშინელ განცდაში გავატარე. ყეფდნენ ძაღლები, ისმოდა ხმები და მეგონა, რომ გარდაცვლილი გოგონა სახლში მიასვენეს და ხალხი ტიროდა. გამთენიისას დავბრუნდი ძველ სახლში, სადაც თურმე ჩემს მეუღლეს ღმრთისმშობლის პარაკლისი წაეკითხა.

შუადღემდე სახლიდან გასვლას ვერ ვბედავდი, მეგონა, გოგონა აღარ იყო ცოცხალი. ბოლოს, წავედით სანახავად. თან მქონდა „შენ ხარ ვენახის“ ხატი, კელაპტარი, სახარება. გასვლის წინ აღდგომის ხატს შევხედე. იქიდან უფალი მამხნევებდა, თითქოს მამცნობდა, რომ ბავშვი კარგად იყო.

მართლაც, გოგონა თითქმის ისეთივე იყო, როგორიც უწინ. თავთით დავუსვენე ხატი, სახარება, სანთელი, მივულოცე გადარჩენა და ვუთხარი, რომ ეს ღვთის წყალობა იყო. გახარებული, არ მოვერიდე ხალხს – ზოგს მორწმუნეს, ზოგს – ურწმუნოს, საწოლზე და ოთახში ვაპკურე ნაკურთხი წყალი, წავიკითხე ლოცვა ყოველგვარ სნეულებასა ზედა. გოგონა რამდენიმე დღეში სახლში დაბრუნდა.

* * *

ყოველივე ამაღლებულს ეჩვევა ადამიანი და „შენ ხარ ვენახის“ ხატიდან მომხდარი სასწაულებიც თითქოს ჩვეულებრივ ამბად გვექცა. თუმცა, სასწაული, რომელიც მინდა მოგითხროთ, ბევრს დააფიქრებდა.

შორიდან დავიწყებ:

რამოდენიმე წლის წინ, ჩემი დეიდაშვილის მეუღლეს მკერდზე აღმოაჩნდა სიმსივნე. ეჭვობდნენ, რომ მეტასტაზები უკვე მთელს ორგანიზმს მოსდებოდა და ამიტომ აუცილებელი გახდა სასწრაფო ოპერაცია (მარცხენა მხარეს მკერდი მთლიანად მოკვეთეს). ორიოდე თვის შემდეგ კი მეორე ოპერაცია დაჭირდა საშვილოსნოზე.

ახლობლებმა უარი თქვეს მეორე ოპერაციაზე, რადგან ვერ გადაიტანდა, მით უმეტეს, თუ ასე იყო მოდებული ორგანიზმში...

ოპერაციის შემდეგ 3-4 წელი მკურნალობა არ შეუწყვეტია, მაგრამ ეტყობა, პროცესი ფარულად მიმდინარეობდა, ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა. ბოლოს, სრული ერთი წელიწადი ლოგინად ჩავარდა.

თვალსა და ხელს შუა ქრებოდა ადამიანი; დაპატარავდა, დადნა, გვეგონა ძვალიც დნებოდა; ტკივილები ჰქონდა; საჭმელს ცოტას თუ მოითხოვდა, ხან ძალით აჭმევდნენ; ორგანიზმში წყალი ჩაუდგა. ბოლოს გაირკვა, რომ ორგანიზმში ჩირქიც დაგროვილიყო. ჩაუდგეს მილი, რომლის საშუალებით ჩირქი და წყალი გარეთ გამოდიოდა.

გამოჯანმრთელების იმედი არავის ჰქონდა. თვითონაც ყველაფერს ხვდებოდა და ბავშვებს მიმიხედეთო გვთხოვდა (2 შვილი ჰყავს, თვითონ 39 წლისაა).

წირვა-ლოცვაზე (კვეთაში) თუ ჯანმრთელობის პარაკლისების დროს ყოველთვის ვაგზავნიდი მის სახელს და იმედი მქონდა...

ვიხსენებდი ლოცვებში, მის გამოჯანმრთელებას შიშით ვთხოვდი უფალს, გულში კი ვნატრობდი, უზიარებელი არ წასულიყო ამ ქვეყნიდან.

წელს „შენ ხარ ვენახის“ პატარა ხატი გავუგზავნე და ვთხოვე, ამ ხატს შევედრებოდა (წაკითხული ჰქონდა ამ ხატიდან აღსრულებული სასწაულები). დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, ტაძრიდან სახლში მისულს, დედამ გამიღო კარი და მკითხა:

– აბა, თუ მიხვდები, ვინ არის ჩვენთან სტუმრად?

ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის ჩემი გაოგნება, როდესაც ოთახში შესულს, ეს მომაკვდავი ავადმყოფი დამხვდა, რომელიც მე-7 სართულზე საკუთარი ფეხით ამოვიდა და როგორც თვითონ თქვა, ოდნავ დაიღალა...

აი, რა მიამბო ავადმყოფმა: როგორც კი გადმომცეს ხატი, სიხარული ვიგრძენი, მაშინვე ადგილს დავუწყე ძებნა, სად დამესვენებინა, რომ ადვილად დამენახა და სულ თვალწინ მყოლოდა; ამიტომ ჩემს პირდაპირ, ტელევიზორზე დავდე.

ყოველ დილით, გავახელდი თუ არა თვალს, ამ ხატთან ვლოცულობდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირდა ფეხზე წამოდგომა, ლოცვის დროს მაინც ფეხზე ვდგებოდი. ამ ხატთან ლოცულობდნენ ჩემი შვილებიც: დედა გადაგვირჩინეო, ეხვეწებოდნენ.

იმ დღიდან, რაც ეს ხატი შემოვიდა ჩვენს ოჯახში, ვგრძნობდი ძალა მემატებოდა, ტკივილები ნელ-ნელა გადიოდა, ჭამის მადა დამიბრუნდა, მთელი დღე საჭმელს ვთხოულობ, – ნახე, ცოტა ხორციც გამიჩნდა, – გახარებული მაჩვენებდა მკლავს. უფრო მეტად კი ჩემს შიგნით ვგრძნობდი ძალას...

შემდეგ ფეხზეც წამოდგა. მკურნალობა არ შეუწყვეტია. გასინჯვისას აღმოჩნდა, რომ აღარც წყალი აქვს ორგანიზმში და აღარც ჩირქი; გადაწყვიტეს, მკურნალობა ბოლომდე გაეგრძელებინათ.

ხატი რომ გავუგზავნე, მისი და ქუთაისში იყო. როცა დაბრუნდა, ხატის შესახებ არაფერი იცოდა. როგორც ამბობს, ნამგზავრი, დაღლილი იყო და უფიქრია, ცოტას დავისვენებო.

წამოწოლას რომ ვაპირებდიო, – ამბობს, – უეცრად ტელევიზორის თავზე, პატარა ადგილიდან, ბრწყინვალე სხივები წამოვიდა, არ ვიცი, რას შევადარო, დაახლოებით მზის სხივებს, მაგრამ უფრო სხვა ელფერი დაჰკრავდა, უფრო ბრწყინვალე სინათლე ჰქონდა, ოქროსფერი, მოძრაობდა, ორი მხრიდან გამოდიოდა და მთელს ოთახში ვრცელდებოდა.

დავაკვირდი, მინდოდა გამეგო, რა იდო ტელევიზორზე. ვერ დავინახე. გაოცებულმა დას ვკითხე:

– რა დევს ტელევიზორზე, სხივები საიდან მოდის?

ის სხივებს ვერ ხედავდა და გაკვირვებულმა მიპასუხა:

– რა სხივები? ტელევიზორზე მხოლოდ ხატია.

მივუახლოვდი ტელევიზორს, სხივებს ვეღარ ვხედავდი, მაგრამ იმ ადგილას, საიდანაც სხივები გამოდიოდა, ღმრთისმშობლის პატარა ხატი იდო...

დამშვიდობებისას, ისევე, როგორც მისალმებისას, მთხოვა: ასეთი ხატი მეც მინდა ოჯახშიო და თან დაამატა: ისეთი რამ ვნახე ამ ხატიდან, ახლა ვინც რა უნდა თქვას, მე უკვე ვირწმუნეო.

ავადმყოფი ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა, თავს სუსტად გრძნობს, რა გასაკვირია, ერთი წელიწადი საწოლს იყო მიჯაჭვული.

ერთი კია, ტაძარში მოსვლის და ზიარების დიდი სურვილი აქვს.

მასტრიდია დემეტრაშვილი
1997 წ.

 

* * *

გავიგე, რომ მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში არსებობს სასწაულთმოქმედი ხატი ღმრთისმშობელისა – „შენ ხარ ვენახი“. მისი ასლი ჩემმა ახლობელმა ნახა წიგნის ყდაზე. ამ წიგნში აღწერილი იყო ხატიდან აღსრულებული სასწაულები. ძალიან მომინდა, ახლოს მენახა ხატი და მელოცა მის წინაშე, რადგან სირთულეებითა და განსაცდელებით იყო აღსავსე ჩემი ცხოვრება. მინდოდა, შემწეობა მეთხოვა, მაგრამ ტაძარში წასასვლელი ფული არ მქონდა. წიგნის ყდაზე აღბეჭდილ ხატს შევევედრე და მანაც არ დააყოვნა. ჩემს ბიჭთან ერთად მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში წავედი. ეკლესიის ეზოში რომ შევედით, ორივე მხარეს საფლავის ქვებზე მიცვალებულთა სურათებს ვაკვირდებოდი. ორიოდე ნაბიჯი იყო დარჩენილი ეკლესიამდე, რომ ვხედავ, ერთ-ერთ საფლავზე აღმართულა ღმრთისმშობლის ხატი, ზუსტად ისეთი, როგორიც წიგნის ყდაზე იყო. ხალხი მიმოდიოდა. მეგონა, ამას ყველა ხედავდა და ყურადღებას არავინ აქცევდა. გამიკვირდა, ამხელა ხატს საფლავზე რა უნდა-თქო. მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი რამ და ხელახლა რომ შევხედე, უცებ ხატი გაქრა მხედველობის არედან. ავფორიაქდი, მუხლები მომეკვეთა, ძლივს მივედი ეკლესიაში, სადაც ღმრთისმშობლის ხატი ვნახე. გახარებულმა ყველაფერი მოძღვარს ვუამბე. ამ სასწაულის შემდეგ ღმრთისმშობლის ხატთან პარაკლისი გადავიხადეთ და ზეთი ვიცხეთ. ვითხოვე წყალობა, შემწეობა მოევლინა. მანაც არ დააყოვნა, მოიღო მოწყალება, რისთვისაც ვმადლობ მას.

ხათუნა ფურცელაძე

 

* * *

15 თებერვალს მირქმის სადღესასწაულო წირვის დასასრულს, ჩამოლოცვისას, როდესაც თქვენ ჯვრით ხელში საკურთხევლიდან გამოხვედით, მთელი ტაძარი უჩვეულო ნათლით განათდა რომელსაც ღმრთისმშობლის ხატი ,,შენ ხარ ვენახი“ გამოსცემდა, უფრო ზუსტად, ხატი მთლიანად ვერცხლისფრად გიზგიზებდა.

საკურთხევლისაკენ შებრუნდით და ჯვრით გადასახეთ ჯვარი. ამ დროს აგიზგიზებული ხატი ძლიერ გამონათდა. შემდეგ ხალხისაკენ შემოტრიალდით და გადასახეთ ჯვარი. ამ დროსაც იყო ნათება. წირვა დასრულდა. ხატმა, ჩვეული სახე მიიღო.

ანალოგიური ნათება მოხდა მომდევნო კვირის წირვაზე. ჯვარზე მთხვევისას თითოეულ მორწმუნეზე ნათელი გადმოდიოდა. თუ ადამიანი შეყოვნდებოდა, ნათებაც შეყოვნდებოდა.

მესამე შემთხვევა სხვაგვარი იყო. მიცვალებულთა ხსენების დღეს მთელი წირვის განმავლობაში „შენ ხარ ვენახის“ ხატზე ღმრთისმშობელს ხელთ ეპყრა ჯვარცმის ხატი. უფალს კი შარავანდედი ადგა.

ელისაბედი

 

* * *

ჯანმრთელობის გაუარესების გამო გავიკეთე ოპერაცია. ღვთის შეწევნით და ლოცვის მადლით, არ მეშინოდა და არ ვნერვიულობდი.

ოპერაციამდე ვლოცულობდი: ,,ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ...“ ნარკოზის მოქმედების ქვეშ მყოფი ვხედავდი ენით აუწერელ ნათელს და მესმოდა გაურკვეველი ხმები. ვგრძნობდი, ხმამაღლა ვლოცულობდი – ,,ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ..“ და ვიხილე ხატი ,,შენ ხარ ვენახი“, რომელიც თანდათან მომიახლოვდა და მომმართა:

– ,,გიორგი ნუ გეშინია, მე შენთანა ვარ! მარიამს გადაეცი, ეკლესიაში მოვიდეს! ცოტა კიდევ მოითმინეთ, მე დავიფარავ საქართველოს!“

შემდეგ ნათელი გაქრა და ცხადში ექთანი ქალის ხმა გავიგონე. მე მას მივმართე, როგორც მარიამს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას მარინე* ერქვა. გულმა მიგრძნო, ეს ის მარიამი იყო, ვისთვისაც ღმრთისმშობლის ხატის დანაბარები უნდა გადამეცა. ამ საუბარს მარიამის და შეესწრო, რომელსაც მეორე საღამოს ჰქონდა ხილვა.

გიორგი ვაჩაძე

 

* * *

მარიამ-მარინეს და მაია გვიამბობს: ძილში ფეხზე ძლიერი დარტყმა ვიგრძენი. გამოვფხიზლდი, სახლში მარტო ვარ. მოვათვალიერე ოთახი, გამიკვირდა, რა ძალამ დამარტყა. ტკივილი არ მიგრძვნია. ჩამეძინა. სიზმარში ვხედავ: გზაზე მივდივარ და ხმამაღლა ვტირი, რადგან დედა მყავს ავად. ცაზე გამოისახა ღმრთისმშობლის ხატი „შენ ხარ ვენახი“ და მეუბნება: იარე ეკლესიაში და ილოცე, – დედაშენი კარგად იქნებაო. გამომეღვიძა. ოთახში ბნელა.

ჩემს საწოლ ოთახში, კედელზე, ჟურნალიდან ამოღებული ღმრთისმშობლის ხატია. ვხედავ, ღმრთისმშობელს ძვირფას ჩარჩოში, მოვერცხლილი, ძვირფასი თვლებით მოჭედილი ბრწყინავს. ხმამაღლა მეუბნება: მაია, იარე ეკლესიაში და ილოცე, სამჯერ გამიმეორა. მე გაოგნებული შევცქეროდი, მოვალ, მოვალ, ვილოცებ. ხატი მეუბნება: მაია, კიდევ მატყუებ. მე ვგრძნობდი, რომ თითქოს შებოჭილი ვიყავი, მინდოდა ეკლესიაში სიარული, მაგრამ ვერ მივდიოდი და ამიტომ მითხრა ხატმა, მატყუებო.

უეცრად ღმრთისმშობლის ხატზე გამოისახა იესო ქრისტე, მიყურებდა დიდხანს, შემდეგ ხატის ირგვლივ გამოისახნენ ანგელოსები და სხვადასხვა წმინდანები, შემდეგ კვლავ მაცხოვარი. ხატზე ანგელოსები მოძრაობდნენ. ვგრძნობდი, რომ ღმერთი ჩემთან იყო, არანაირი შიში არ მქონია. თვალებიდან ცრემლი წვიმასავით მდიოდა, ისე ძლიერ, რომ წელს ზევით დავსველდი. შევყურებდი ხატს და ვტიროდი ,,ნუთუ, ღმერთო, ეს ყველაფერი მე გამომიცხადე, ხვალ ამას რომ მოვყვები, არავინ დამიჯერებს“, ვიმეორებდი და ვტიროდი. ღმრთისმშობელი ისევ გამოისახა ძვირფას ჩარჩოში. გამოიწია კედლიდან და მითხრა: მაია, ირწმუნე ჩვენი ძალა, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ დიდი ძალა გვაქვს, მირწმუნე! მირწმუნე! ვხედავ კედლიდან ხატი დაიძრა. ნელნელა კედელზე წავიდა 3-ჯერ და უკან დაბრუნდა.

მაია კობახიძე
ასურეთი, 20.07.96

 

* * *

ვმსახურობ ქ. თბილისის ონკოლოგიის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. 18 ივნისს ოპერაციაზე მყავდა ავადმყოფი გიორგი ვაჩაძე. ნარკოზში მყოფი გიორგი იძახდა: მარიამ, მარიამ. მე შევეხმიანე. გიორგიმ მკითხა, ვინ ხარო. მძინარე მესაუბრებოდა. ვუპასუხე, შენი მომვლელი ექთანი მარინე ვარ. გამიბრაზდა, შენ მარინე არ ხარ, შენ მარიამი ხარო. მე ახლა ღმრთისმშობელი დამესიზმრა და მითხრა: გიორგი ნუ გეშინია, შენ კარგად იქნები. მე შენთან ვარო. საქართველოსაც დავიფარავო. მარიამს კი გადაეცი ჩემთან მოვიდესო*. ეს ჩვენება გიორგიმ ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგაც მიამბო.

მარიამ-მარინე კობახიძე
08.08.96

 

* * *

იანვრის პირველ რიცხვებში მოულოდნელად გავხდი საოპერაციო. აღმომაჩნდა საკვერცხის სიმსივნე. ოპერაციამდე არაეკლესიური ვიყავი. ოპერაციის შემდეგ დავიწყე სასულიერო ლიტერატურის კითხვა. ავადმყოფობას მშვიდად შევხვდი, არ მეშინოდა, არ ვნერვიულობდი. დამინიშნეს ქიმიო-თერაპია. პირველ ეტაპზე უნდა ჩამეტარებინა სამი კურსი, ყოველი ათი დღის შემდეგ.

პირველი კურსის ჩატარებისას საავადმყოფოში წავაბრძანე „შენ ხარ ვენახის“ ხატი. დედა ღმრთისმშობელს ვევედრებოდი გამოჯანმრთელებას. ვლოცულობდი, აღვავლენდი ღმრთისმშობლის დაუჯდომელს. გადასხმამ საშინელი რეაქცია მომცა. მდგომარეობა უარესდებოდა და ექიმს ვთხოვე, სახლში გამოვეშვი. „შენ ხარ ვენახის“ ხატი ჩემს საწოლ ოთახში დავასვენე. მთელი ღამე ვევედრებოდი შველას. არა მარტო საწოლიდან წამოდგომა, არამედ გვერდზე გადაბრუნებაც კი მიჭირდა. მოხდა სასწაული, ერთ ღამეს შევძელი საწოლში გადაბრუნება. უფალს მადლობა შევწირე და ჩამთვლიმა, მაგრამ რაღაც ძალამ გამაღვიძა და ჩემს საწოლთან, ზუსტად ნაოპერაციებ ადგილას „შენ ხარ ვენახის“ ხატი გამომეცხადა და მითხრა: ნუ გეშინია, განგკურნავო. ეს იყო პირველი ღამე, როცა მშვიდად მეძინა. შევძელი თავისუფლად და დამოუკიდებლად მოძრაობა. სამი კვირის შემდეგ კვლავ წავედი ონკოლოგიურ საავადმყოფოში მეორე კურსის ჩასატარებლად, მაგრამ ექიმები გაოცდნენ. მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. ამ ხნის განმავლობაში, ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც აღვავლენდი ღმრთისმშობლის დაუჯდომელს „შენ ხარ ვენახის“ ხატთან. ვიყავი წმინდა ბარბარეს ტაძარში, სადაც მამა კახაბერმა გადამიხადა პარაკლისი. მოვედი მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში, სადაც მამა ილიამ ყურადღებით მომისმინა და „შენ ხარ ვენახის“ ხატთან გადამიხადა ჯანმრთელობის პარაკლისი. მომიხსნეს ქიმიო-თერაპიით მკურნალობა. მაგრამ მათი დაკვირვების ქვეშ უნდა ვიყო მთელი წელი, რადგან თვითონაც გაკვირვებულნი და გახარებულნი არიან. მე კი მწამს, რომ ეს სასწაული „შენ ხარ ვენახის“ ხატმა მოახდინა. მადლობა უფალს.

ლალი, 1999 წ.

 

* * *

ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის საძირკველის კურთხევაზე უნდა წავსულიყავით. ვიდრე ხატს გამოაბრძანებდით, შევხედე და ხატი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისა „შენ ხარ ვენახი“ პატარ-პატარა ცისფერი ქულებით იყო დაფარული. მეორედ შეხედვისას ელვასავით განათებულიყო. მაშინ ეს არ გავამხილე, გავჩუმდი.

ერთხელ, წირვა რომ აღავლინეთ თქვენ და მამა ილიამ, წირვის შემდეგ საუბრობდით მამა ილიას შესახებ. დავინახე, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატიდან „შენ ხარ ვენახი“ როგორ დაეშვა მსხვილი კონა ნათლისა ტრაპეზზე და იქ ისე გაბრწყინდა, რომ მთელი საკურთხეველი განათდა.

ქეთევან ღამბაშიძე
15.12.1996

 

* * *

1998 წლის 15 ნოემბერს დილაადრიან, გამოღვიძებისთანავე, გავაცნობიერე თუ არა, რომ წირვაზე უნდა წავსულიყავი, ვიგრძენი, სხვა დროს მქონდა დაუოკებელი სურვილი ტაძარში წასვლისა, დღეს კი – სხეული დამძიმებულა, გული ეურჩება გონებას. რამოდენიმე წუთს შევყოვნდი ლოგინში, მაგრამ გონებამ გაიმარჯვა და მცირეოდენი დაგვიანებით შევუერთდი ტაძარში მლოცველ მრევლს.

ქადაგებისას მოძღვარმა გვაუწყა, რომ „შენ ხარ ვენახის“ ხატის პერანგის მოჭედვა დამთავრდა. ამ ამბავმა სულიერად აღმაფრთოვანა, რაც კიდევ უფრო გაამძაფრა ხატის მიერ მოხდენილი სასწაულების მოსმენამ. სულიერმა მამამ ასე დაამთავრა (სიტყვებს ზუსტად ვერ ვიხსენებ) – იმედი ვიქონიოთ, ღმრთისმშობელი შეიწირავს ჩვენს მცირეოდენ ძღვენს.

ჯვარზე მთხვევისას ვხედავ, ხატი „შენ ხარ ვენახი“ ნათელს მოუცავს. ნათელმა ხატს მარჯვნიდან მარცხნივ რამოდენიმეჯერ გადაუარა. ამის შემდეგ თავდახრილი ვიდექი და ვლოცულობდი (მომერიდა, განუწყვეტლივ მეცქირა ხატისთვის). როცა შევხედე, ღმრთისმშობლის თავთან მარცხენა მხარეს შევნიშნე გაძლიერებული ნათელი, არათანაბარ კიდეებიანი, სფეროსებრი და გაძლიერებული ნათელი ღმრთისმშობლის მარჯვენა მხარეს. ძლიერი ნათელი თანდათან გაქრა, მაგრამ ხატი ნათელში დარჩა.

ყოველივე ამან ჩემში გაზარდა განცდა თვისთა ცოდვათა, გააღრმავა გრძნობა სინანულისა, რისთვისაც ვმადლობ უფალს.

მარიამ (შორენა) მესხია
15.11.1998 წ.

 

* * *

1998 წლის 5 ივლისი. ჩვეულებრივ წავედი წირვაზე, ფეხზე დგომა მიჭირდა, მთელი სხეული მტკიოდა.

დაიწყო ქადაგება... მოძღვარი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ ხატის სასწაულებზე საუბრობდა. გულით, გონებითა და სულით განვიცდიდი ყოველივეს. ამ დროს მეხსიერებაში ამოტივტივდა, რომ რამდენიმე დღის წინ ტაძარი გაძარცვეს, ლოცვაზე მოსულნი გულნატკენნი გამოვბრუნდით უკან, რადგან ტაძარში არავის უშვებდნენ. თავდაპირველად მეგონა, ხატი „შენ ხარ ვენახი“ მოიპარეს.

მოძღვარი ქადაგებდა... ფიქრი იმაზე, რომ ხატი „შენ ხარ ვენახი“ შეიძლება ტაძარში არ ყოფილიყო, გაუსაძლისი გახდა.

დაიწყო ჯვარზე მთხვევა და აი, გამოჩნდა ხატიც, საოცრად მბრწყინავი. ვხედავდი ფერთა არაბუნებრივ სიმკვეთრეს. ნათელი, რომელიც გარს ადგა ღმრთისმშობელს, ოქროსფრად ბრდღვიალებდა. თავდაპირველად, ყურადღება არ მივაქციე. ვიფიქრე, ალბათ, ასეა-მეთქი ყოველთვის.

ჯვარს ვემთხვიე და ცოტა ხნის შემდეგ შევხედე, ისევ ისე ბრწყინავდა. „ნუთუ ესაა გაბრწყინება?“ ფიქრი არ დამემთავრებინა, რომ თავსაბურზე ალაგ-ალაგ დაიწყო ნათება. ნათებას ისეთივე ფორმა ჰქონდა, როგორიც ღმრთისმშობლის შუბლზე გამოსახულ ჯვარს. ანათებდა სიღრმიდან (შიგნიდან) ზედაპირისაკენ. განათდებოდა – ჩაქრებოდა, განათდებოდა – ჩაქრებოდა, ისევ განათდებოდა – ჩაქრებოდა და ასე გრძელდებოდა. მცირე ხნის შემდეგ ნათებები შეწყდა, მაგრამ ვხედავ, ხატის მარჯვენა მხრიდან ნათელი თანდათან შემოდის და ზედაპირულად ეფინება ღმრთისმშობლის სახეს. ამის შემდეგ ისევ განათდა თავსაბურავი. ამ დროს ყრმა იესო საერთოდ არ ჩანდა.

მიმოვიხედე, ახლოს არავინ იყო. ხატს შევხედე, ისევ ისე გრძელდებოდა. ნათებებს ვხედავდი.

დამთავრდა ჯვარზე მთხვევა. ხატისკენ რომ შეტრიალდით და საკურთხეველში შეაბიჯეთ, ხატი მთლიანად ნათელმა მოიცვა. ფარდა რომ ჩამოაფარეთ, ხატი მაშინაც მთლიანად ნათელში იყო.

ტაძრიდან გამოსვლისას სხეულის საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი. ხმას ვერ ვიღებდი და საუბრის არანაირი სურვილი არ მქონდა.

 

* * *

12 ივლისს წირვის შემდეგ, სანამ ჯვარს ვემთხვეოდი, თვალი შევავლე ხატს „შენ ხარ ვენახი“. ღმრთისმშობლის სახე და ყრმა იესუ მთლიანად ნათელში იყო. გავიფიქრე, ნუთუ, ისევ განმეორდება? განმეორდა, მაგრამ ამჯერად განსხვავებულად. ღმრთისმშობლის თავსაბურავზე ალაგ-ალაგ რამდენიმე ადგილას ნათებები იყო. ნათდებოდა შიგნიდან ზედაპირისაკენ არა თეთრად, არამედ ოქროსფრად, რაც მეტ ბრწყინვალებას ანიჭებდა ხატს. ოქროსფრად განათდებოდა – ჩაქრებოდა, განათდებოდა – ჩაქრებოდა. ასე განმეორდა რამდენჯერმე.

ნათელი ეფინებოდა ხატს მარცხნიდან, უხილავი სივრციდან, ზემოდან. ღმრთისმშობლის სახე და ყრმა იესუ, როგორც ვთქვი, ნათელში იყო. ნათდებოდა მიდამო თავსაბურავისა. ზემოდან დაანათებდა ხატს, შემდეგ ნათება გადაუვლიდა, ისევ დაანათებდა, გადაუვლიდა და ასე გრძელდებოდა განუწყვეტლივ.

მოულოდნელად, ძლიერ განათდა. ნათება მოდიოდა არა სივრციდან, არამედ ყრმა იესუს შარავანდედიდან. ნათებას თან ახლდა ოქროსფერი სხივებიც, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებდა მის ბრწყინვალებას და ღმრთისმშობლის თავსა და სახეს ეფინებოდა მთლიანად. შემდეგ თანდათან გაიშვიათდა და შეწყდა ნათებები.

შორენა მესხია
14.07.1998 წ.

 

* * *

ერთ დღეს, სამსახურში მისულს, თანამშრომელმა შემომჩივლა, რომ გურიიდან უკურნებელი სენით შეპყრობილი დედამთილი ჩამოუყვანეს. წუხდა, რომ მისი დედამთილი „ორმოცდაათიანელი“ იყო. მე ვუთხარი, რომ გარდაცვლილ სექტანტს ვერც წესს აუგებდნენ, ვერც ილოცებდნენ მისთვის. ვუამბე „შენ ხარ ვენახის“ ხატის სასწაულებზე და შევთავაზე, რაც შეიძლება სწრაფად დაესვენებინათ ხატი მის სასთუმალთან. იმედი მქონდა, რომ მადლი გადმოვიდოდა მასზე და მოახდენდა სასწაულს. თანამშრომელი დამთანხმდა. მეორე დღეს მივაბრძანე, ტროპარიც გადავეცი და ვთხოვე, ელოცა დილა-საღამოს.

ზუსტად მესამე დღეს, ამაღლების დღესასწაულზე, დილით, გაუღვიძია თუ არა დედამთილს, უკვე გონზე მოსულს, მოუთხოვია, რომ მღვდელი მოეყვანათ. მისი სურვილი შეასრულეს, მოუყვანეს მღვდელი, მოინანია, ეზიარა და გურიაში თავისი ფეხით ჩავიდა.

ვერა

 

* * *

ეს მოხდა ერთი წლის წინ.

დაახლოებით სამი თვის განმავლობაში წელის არეში მაწუხებდა საშინელი ტკივილი. არანაირი წამალი არ მშველოდა. ჩემმა ნათლულმა მათხოვა „შენ ხარ ვენახის“ ხატი. თან ლოცვა ერთვოდა. ლოცვა წავიკითხე, ხატს სამჯერ ვეამბორე. ღამით საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა, თითქოს მუცელში რაღაც ჩამწყდა. ტკივილმა მალე გამიარა და დილით ჩვეულებრივ ავდექი, ტკივილს აღარ შევუწუხებივარ.

მ. ტატიშვილი

 

* * *

მე არა ვარ თქვენი ტაძრის მრევლი. მოძღვარი თელავში მყავს – მამა მიქაელ ჭაბაშვილი, ღვთაების ტაძრის, ასევე, წინანდლის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრის მოძღვარი. ორი წელია, რეგულარულად დავდივარ მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში. ძალიან დიდი მადლია აქ. გასული 2000 წლის გაზაფხულზე ავიღე კურთხევა, მგალობელთა ქორედიდან მომესმინა წირვა-ლოცვა, მაგრამ გამიჭირდა სიმაღლიდან სიწმინდეების ყურება.

წირვის დასასრულს, ჯვარზე მთხვევისას, მცირედმორწმუნემ შევხედე რა „შენ ხარ ვენახის“ ხატს, გამიჩნდა კადნიერი თხოვნა, მთხვევისას სასწაული ეჩვენებინა, მაგრამ მივხვდი ჩემს დაეჭვებას და სასწრაფოდ მოვიცილე ეს აზრი. აი, მივეახლე „შენ ხარ ვენახის“ ხატს, ვემთხვიე ისე, რომ არც კი მახსოვდა ჩემი კადნიერი თხოვნა. ხატმა რაღაც ძალით მომიშორა. ბაგეებიდან მთელს სხეულში დენის მსგავსმა ძალამ დამიარა. ვიფიქრე, მომეჩვენა-თქო და კიდევ ვემთხვიე. იგივე განმეორდა. აღარც მახსოვს, შეშინებული როგორ გამოვედი ტაძრიდან. თავდაპირველად ვერავის ვუმხელდი. მოგვიანებით სულიერი მოძღვარი ვინახულე და ვუთხარი მამა მიქაელს. მან ადიდა ღმრთისმშობელი და შემაგონა: – „რაც სთხოვე, აგისრულა“. მთხოვა, თვითონაც და მრევლიც „შენ ხარ ვენახის“ ხატთან აღვლენილ ჯანმრთელობის პარაკლისებზე მომეხსენიებინა.

აქვე მინდა დავძინო, რომ ჩემმა სულიერმა დამ წინანდლის ტაძარს შეწირა „შენ ხარ ვენახის“ ხატი, რომელიც მამა მიქაელმა და მრევლმა დიდი სიყვარულით და მადლიერებით მიიღო.

ნანა ქევხიშვილი
30.06.2001

 

* * *

ერთი წლის წინ გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“ წავიკითხე მოციქულთა თავთა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში დასვენებული ღმრთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ ხატის მსწრაფლშემწეობაზე. მაშინვე წავედი სალოცავად. წავიკითხე დედის ლოცვა და ცრემლებით შევთხოვე ღმრთისმშობელს ჩემი შვილის ჩიყვისგან განკურნება. მეშინოდა, საოპერაციო არ გამხდარიყო. როგორც კი საშუალება მომეცა, გავუკეთეთ ანალიზები – გავასინჯეთ ექიმს „ლეჩკომბინატში“ – გადავიღეთ ექოსკოპია და ჩიყვი აღარ აღმოაჩნდა. მადლობა ღმრთისმშობელს და უფალს ყველაფრისათვის.

ქვაშვეთის ეკლესიის მრევლი მზია ჩიკვაიძე

 

* * *

დაახლოებით ერთი წლის წინ „შენ ხარ ვენახის“ პატარა ხატი ვაჩუქე ერთ მოხუცს – სონა ველთაურს (90 წლისას), რომელიც არსენას ქ. № 44-ში ცხოვრობს. იგი ღმრთისმოშიში ადამიანია. დადიოდა ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში, მაგრამ ბოლო ორი წელი სახლიდან ვერ გამოდის. რამდენიმე დღე ხატს სათანადო ადგილი ვერ მიუჩინა და ერთ დღეს ეს ხატი გაქრა. ძალიან ბევრი ეძება ყველგან, მაგრამ უშედეგოდ. გადის აივანზე და უცებ ესმის ხმა: „ნუ მეძებ, მე აქა ვარ“. აიხედა და ცაზე ხედავს ზუსტად „შენ ხარ ვენახის“ ღმრთისმშობელს.

პატიება სთხოვა მოხუცმა. ღმრთისმშობელმა უთხრა, ახლა აქ ვიქნები, რომ მთელი საქართველო დავიფაროო.

რამდენიმე დღე ასე ეცხადებოდა. ერთ დღეს ოთახში გაიგონა ბრახუნი, რაღაც დავარდა დიდი ხმაურით, გაიხედა და ხედავს, ძირს „შენ ხარ ვენახის“ ხატი აგდია. ახლა კი მიუჩინა ხატს შესაფერისი ადგილი.

 

* * *

ამა წლის სექტემბრის თვის დასაწყისში ავადმყოფობითა და უშვილობით სასოწარკვეთილი თავთა მოციქულთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში მივედი „შენ ხარ ვენახის“ სასწაულთმოქმედ ხატთან სალოცავად. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ისმინა უღირსი შვილის ვედრება: ორი თვის შემდეგ ტკივილები შემიმსუბუქდა და დავფეხმძიმდი.

ღმერთმა დაგლოცოთ და გააძლიეროს თქვენი უანგარო ძალისხმევა სულიერო მამებო.

მარიამ ხუციშვილი, 36 წლის
ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მრევლი
1999 წლის 8 დეკემბერი

 

* * *

ჩემს შვილს – გიორგის დაბადებიდან 10 თვის განმავლობაში მარცხენა თვალიდან ჩირქოვანი სითხე სდიოდა. კლასიკური თუ ხალხური სამედიცინო საშუალებებით მრავალგზის ჩატარებულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. ბოლოს, მივმართეთ ეკლესიას. სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ წინაშე ჩემმა სულიერმა მოძღვარმა ბავშვისათვის ღმრთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღავლინა, შუბლსა და თვალზე ხატთან დანთებული კანდელიდან ზეთი სცხო, რის შემდეგაც ჩირქოვანი გამონადენი მეყვსეულად შეწყდა.

მადლობას ვწირავ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელ დედას ამ დიდი სასწაულისა და ჩემი შვილის განკურნებისათვის.

ელენე ანჯაფარიძე
თბილისი, 1997 წელი

 

* * *

1997-98 წლებში მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში მსახურებისას სააღმსარებლოში შემოვიდა სიმსივნით დაავადებული გოგონა. უმძიმესი და უიმედო მდგომარეობის გამო, იგი ონკოლოგიური საავადმყოფოდან გამოეწერათ. ლოგინად ჩავარდნილ ავადმყოფს გადაბრუნებაც კი არ შეეძლო, სტანჯავდა ტკივილები.

სასთუმალთან ესვენა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი „შენ ხარ ვენახი“, რომელიც მეგობარმა აჩუქა. ავადმყოფი განუწყვეტლივ ევედრებოდა ღმრთისმშობელს შემწეობას.

ერთხელაც, ნახევრად ჩაძინებულმა იხილა, როგორ წამოიმართა მის საწოლთან „შენ ხარ ვენახის“ ხატი, რომელმაც ნაზი ხმით უთხრა: „მე შენ განგკურნავ“.

ამის შემდეგ ავადმყოფმა შეძლო ფეხზე წამოდგომა, მოვიდა მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში და გახდა აღმსარებელი. ეს გოგონა გამოჯანმრთელდა და განიკურნა სნეულებისაგან.

დეკანოზი ილია ნასიძე

 

* * *

2002 წლის ნოემბერში ვიმოგზაურე რუსეთში ხატმწერ ირაკლი ცინცაძესთან, დავით ბურდულსა და გ. კახნიაშვილთან ერთად. მოვილოცეთ მოსკოვის მახლობლად მდებარე ტაძრები, ასევე, ფსკოვო-პეჩორაც.

გადმოცემით ვიცოდით, რომ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ ხატის ასლებიდან, რომლებიც მღვდელმა თეოდორე გიგნაძემ ჩააბრძანა, დაიწყო მირონდენა. დიდი სურვილი გაგვიჩნდა, გვეხილა ეს სასწაული.

მონასტრის მახლობლად ცხოვრობს დეკანოზი ვასილი, 90 წლის. ვესტუმრეთ მას. ძალიან თბილად მიგვიღო. სანამ მამა ვასილის ოთახში სასაუბროდ შევიდოდით, მისმა სულიერმა შვილმა ჩვენი პირადი ჯვრები, გულსაკიდი ხატები „ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის“ მირონმდინარე ხატთან მოათავსა, შემდეგ მირონმდინარე ხატებთან ერთად პატარა ჯამში ჩააწყო. ჩვენ კი მამა ვასილთან შევედით სასაუბროდ. დაახლოებით ორმოცი წუთის შემდეგ გამოვედით და ვხედავთ: ჯამი, რომელშიც ხატები და ჯვრები ეწყო, მირონით ავსებულა. გვიამბეს, როგორ დაიწყო მირონდენა „შენ ხარ ვენახის“ ხატის ასლებიდან. ხატებს, ასევე, სდიოდა ზეთიანი წყალი, ხოლო პატარა გულსაკიდი ხატიდან 33 ლიტრი მირონი აიღეს. მამა ვასილის სახლში თითქმის ყველა ხატი მირონითაა დაცვარული. ჩვენს გაოცებასა და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ხატებიდან დადენილი ზეთიანი წყალი და მირონი, როგორც გვითხრეს, 200 ლიტრამდეა. მირონდენა ხატებიდან გრძელდება.

დეკანოზი ილია ნასიძე
23(10) ნოემბერი, 2002 წელი

* * *

ჩემი მეგობრის დედას ინსულტის გამო დაემართა სისხლჩაქცევა – ჰემოტომა – თავის არეში. უმძიმეს მდგომარეობაში მოათავსეს რეანიმაციაში. გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია, თავის ქალის ტრეპანაცია. იგი ასაკოვანია, დაავადებულია ჰიპერტონიით, აღენიშნება სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება, რამაც არაერთხელ შეუქმნა საფრთხე მის ჯანმრთელობას.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი გართულდა. ავადმყოფი ხუთი დღის განმავლობაში კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმების ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად, მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა. მაშინ თვით მკურნალმა ექიმმა თავისი ავადმყოფი მიანდო ღვთის ნებას, განგებას.

ჩვენი სურვილით საავადმყოფოში წავაბრძანეთ ხატი „შენ ხარ ვენახი“. დაუბრკოლებრივ დავასვენეთ სასთუმალთან. ავადმყოფს ხელზე გავუკეთეთ ნაკურთხი ჯვარი. რამოდენიმე საათის შემდეგ მკურნალმა ექიმმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, კერძოდ, ავადმყოფს გაუჩნდა რეფლექსი და თან გაიღიმა.

მეორე დღიდან ავადმყოფი კონტაქტური გახდა, დაიმედებულმა ოჯახის წევრებმა მოციქულთა თავთა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში მოსვლის სურვილი გამოთქვეს, მოძღვარს გადაახდევინეს პარაკლისი ღმრთისმშობლის ხატთან „შენ ხარ ვენახი“. საავადმყოფოში დაბრუნებულებს ავადმყოფის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებული დახვდათ. შვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ტაძარში ლოცვის შემდეგ, დედა სულ უკეთ და უკეთ ხდებოდა.

ავადმყოფის არაერთმა ახლობელმა აღიარა სასწაულებრივი შემობრუნება. მათ შორის ხანდაზმულმა ექიმმა აღფრთოვანებულმა აღნიშნა: „ალბათ არსებობს ღმერთი“.

ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ ავადმყოფი საავადმყოფოდან გაეწერა ყოველგვარი გართულების გარეშე. მას და მისი ოჯახის წევრებს ეკლესიური ცხოვრების სურვილი გაუჩნდათ. ავადმყოფმა სახლში მკურნალობისას მოძღვარს აღსარება ჩააბარა და ეზიარა. დღესდღეობით მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. მას და მის მეგობრებს სურვილი აქვთ, პირველივე შესაძლებლობისთანავე ოჯახებმა ერთად დაიწერონ ჯვარი ეკლესიაში.

ლია აბრამია
1999 წლის გაზაფხული

 

* * *

ჩემს გოგონას 1998 წლის ოქტომბერში დაუდგინდა ზურგის ტვინის ანთება. ექიმებმა საჭიროდ მიიჩნიეს, სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის ჩატარება.

გამოკვლევის შედეგად დადგინდა: ზურგის ტვინის ინტრამედულარული სიმსივნე (სავარაუდოდ, ასტროციტომა) კისრის მე-2, მე-3 მალების დონეზე. დაუნიშნეს მკურნალობა, ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესდა, მაგრამ ბავშვს მაინც უჭირდა ადგომა, დრო და დრო ჰქონდა ტკივილები. ოთხი თვე ლოგინს იყო მიჯაჭვული. ექიმებმა გვირჩიეს, ოპერაცია გერმანიაში გაგვეკეთებინა.

ერთ დღეს, მორიგი გამოკვლევის ჩასატარებლად, ბავშვი საავადმყოფოში უნდა წაგვეყვანა. რამდენჯერმე სცადა ადგომა, მაგრამ ვერ შეძლო. ამ დროს სანახავად მოსულმა მეგობარმა გოგონამ მოუტანა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „შენ ხარ ვენახი“. მოხდა სასწაული – ავადმყოფი წამოდგა ლოგინიდან და მეოთხე სართულიდან ფეხით ჩავიდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მატერიალურად დაგვეხმარა ბავშვის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გასაგზავნად და დალოცა ჩვენი შვილი. ამასთან, უწმიდესის ლოცვა-კურთხევითა და შეგონებით, ბავშვი მივიყვანეთ მოციქულთა თავთა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში იქაურ მოძღვრებთან, სადაც „შენ ხარ ვენახის“ ხატთან გადაუხადეს ღმრთისმშობლის პარაკლისი.

ხათუნა ყოველთვის მორწმუნე იყო, მარხულობდა, სჯეროდა, რომ ოპერაცია არ დაჭირდებოდა და ღმერთს სთხოვდა შემწეობას. ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატთან მიახლების შემდეგ განუმტკიცდა რწმენა. ესწრებოდა ლოცვებს, წირვებს, სამჯერ მიიღო წმიდა ზიარება. ბავშვი თანდათან გამომჯობინდა და დაუბრუნდა სიცოცხლის ხალისი.

გავუკეთეთ განმეორებითი გამოკვლევა სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც პროფესორებმა მ. ბერაიამ და მ. ოკუჯავამ სიმსივნე ვერ აღმოაჩინეს. ჩემი შვილი დღეს, პრაქტიკულად, ჯანმრთელია, რაც გამოკვლევამაც დაადასტურა.

მადლობას ვწირავ ღმერთს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს ასეთი სასწაულისათვის. ეს იყო ჩემი შვილის ხელმეორედ დაბადება.

აქვე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, თავთა მოციქულთა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მოძღვრებს ქრისტესმიერი სიყვარულისა და თანადგომისათვის.

ნინო მენაბდე, თემურ დევდარიანი

 

* * *

ჩემი მისვლა მოციქულთა თავთა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში შემთხვევით არ მომხდარა. ვიყავი მძიმე ავადმყოფი – ხერხემლის სიმსივნით. ვემზადებოდი საოპერაციოდ გერმანიაში გასამგზავრებლად. მამაჩემი იყო უწმიდესთან და უნეტარესთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. უწმიდესმა დამლოცა, გამომიგზავნა ღმრთისმშობლის ხატი „სწრაფლშემსმენელი“ და მამას ურჩია, მივსულიყავით მოციქულთა თავთა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში. უთხრა, რომ იქ დასვენებული იყო სასწაულთმოქმედი ხატი „შენ ხარ ვენახი“. პირველად მისულს მამა თეოდორე დამხვდა. ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. ძალიან შეწუხდა, გამამხნევა და ღმრთისმშობლის პარაკლისი გადამიხადა. მოხდა სასწაული: პარაკლისის შემდეგ მარჯვენა ფეხის ტერფში დაკარგული შეგრძნება დამიბრუნდა.

შემდეგ შევხვდი წინამძღვარს, გავესაუბრე, გადამიხადა პარაკლისი, ლოცვებში მიხსენიებდა, სახლში გამომატანა „შენ ხარ ვენახის“ ხატის კანდელის ზეთი და ყოველთვის ძილის წინ სიმსივნეზე ზეთს ვიცხებდი. საოცარი გრძნობა მეუფლებოდა, სიტყვებით გამოთქმა მიჭირს. თითქოს ზურგზე უმძიმესი ტვირთი მეკიდა და უცებ მომხსნეს, ვგრძნობდი სასწაულს, რისი გადმოცემაც შეუძლებელია.

როგორც კი გერმანიაში წასვლას გადავწყვეტდით, ყოველთვის რაღაც პრობლემა ჩნდებოდა. ეს ღვთის ნება იყო.

ჩემი გამოჯანმრთელების პროცესი სასწაულებრივად წარიმართა. საოცარი იყო, რომ შემეძლო მთელი წირვა ფეხზე მდგომს მომესმინა, განსაკუთრებით, იმ დღეს, როცა ვეზიარებოდი, სხვა დროს სიარულიც მიჭირდა. ზიარებისას კი ისეთ ძალას ვგრძნობდი, რაც მანამდე არ მიგრძვნია. ექიმები გაოგნებულნი იყვნენ ჩემი მდგომარეობით. შემდეგ ახლობელი ექიმის რჩევით გავიკეთე მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა. მოხდა სასწაული: ორმა პროფესორმა სიმსივნის ადგილას ვეღარაფერი აღმოაჩინა და ერთმანეთს გაოგნებულები ეკითხებოდნენ, სად გაქრაო?!

ღვთის მადლით, დღეს ჯანმრთელი ვარ. მადლობა უფალს, რომ ასეთი სასწაულის ღირსი გამხადა. ღვთისმოშიში ყოველთვის ვიყავი, დავდიოდი ეკლესიაში, ვმარხულობდი, მაგრამ აღსარების თქმა და წმიდა ზიარების მიღება ვერ მომეხერხებინა, ყოველთვის რაღაც მიშლიდა ხელს, ამიტომაც ღმერთმა განსაცდელი მომივლინა, რისთვისაც მადლობას ვწირავ შემოქმედს.

მინდა აღვნიშნო, რომ სანამ „შენ ხარ ვენახის“ ხატის შესახებ შევიტყობდი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმთან უნდა წავსულიყავი. იმ პერიოდში ფეხზე თითქმის ვერ ვდგებოდი და ადგომა ძალიან გამიჭირდა. შემთხვევით ახლობელი გოგონა მოვიდა და „შენ ხარ ვენახის“ ხატი მომიტანა, თუმცა მაშინ არც მისი (ხატის) სახელი ვიცოდი და არც ადგილსამყოფელი. უბრალოდ მითხრეს, რომ სასწაულთმოქმედი ხატი იყო. მალე რაღაც ძალა ვიგრძენი, ჩვეულებრივად ავდექი და ოთხი სართული ისე ჩავიარე, არ გამჭირვებია.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მეგობრის ძმა მოულოდნელად ავად გახდა, წაერთვა ხელ-ფეხი, უჭირდა მეტყველება. კომპიუტერულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ტვინი ჰქონდა შეშუპებული. ძალიან შევწუხდი და „შენ ხარ ვენახის“ ხატის ასლს, რომელიც სახლში მქონდა, მისი გამოჯანმრთელება შევთხოვე. მეორე დღეს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ირაკლი კარგად იყო და განმეორებითი კომპიუტერული გამოკვლევისას აღარაფერი აღმოჩნდა. მაშინვე მივხვდი, რაც მოხდა. მადლობა შევწირე უფალს, „შენ ხარ ვენახის“ ხატს.

ხათუნა დევდარიანი
3 ივნისი, 1999 წელი

 

* * *

1999 წლის 14 იანვარს ჩემი და, მზია ნოდარის ასული მირძველი, დავაწვინეთ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში. ჰქონდა თირკმელების მწვავე შეტევა. რენდგენმა დაარწმუნა ექიმები, რომ მარცხენა თირკმლის საწვეთარზე ჰქონდა სიმსივნური წარმონაქმნი. მარჯვენა თირკმელი საერთოდ გაჩერებული იყო. 17 იანვარს მამაჩემის დეიდაშვილის შვილმა, რომელიც მოციქულთა თავთა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მრევლია, საავადმყოფოში მოგვიტანა ღმრთისმშობლის ხატი „შენ ხარ ვენახი“ და გვითხრა: ეს სასწაულთმოქმედი ხატია, უნდა დავასვენოთ ავადმყოფის საწოლთან და ვილოცოთ. ყოველდღიურად, მე, ჩემი და, დედაჩემი და ავადმყოფი მზია ვლოცულობდით. რამოდენიმე დღის შემდეგ ნათესავმა ნაკურთხი წყალიც მოგვიტანა, რომელსაც ყოველდღიურად ვასმევდით ავადმყოფს და საწოლის გარშემო და პალატაშიც მოვაპკურეთ. ნაკურთხი წყლის მიღების პირველსავე დღეს ამოქმედდა გაჩერებული თირკმელი. ავადმყოფს ღამეს მე და ჩემი და ვუთევდით. ხანგრძლივმა ღამისთევამ, ალბათ, ძალიან გადამღალა და ერთ ღამეს, როდესაც დაბალ, უზურგო, სკამზე ვისხედით ავადმყოფის საწოლთან გულწასული გადავვარდი, უმალ მოვედი გონს და დავრწმუნდი, რომ ძირს კი არ ვეგდე, სკამზე ვიყავი გადაწოლილი ჰორიზონტალურად, ტანი ჰაერში მქონდა, თითქოს რაღაც მაკავებდა, რომ არ დავცემულიყავი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავი გამიტყდებოდა, რადგან იატაკი ლინოლიუმ მოგებული ბეტონისაა. ექიმებმა 4 თებერვლისთვის დანიშნეს ოპერაცია, მანამდე, 1 თებერვალს საკონტროლო გასინჯვამ აჩვენა, რომ სადინარები სუფთა იყო და სიმსივნის არავითარი კვალი არ ჩანდა (ძველი და ახალი რენდგენის სურათები ჩემთანაა). 8 თებერვალს გამოჯანსაღებული ჩემი და საავადმყოფოდან გამოწერეს და უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ავადმყოფს დაუსვეს დიაგნოზი – თირკმელის ჭვალი.

ავადმყოფის დის, თინა მირძველის სიტყვებიდან ჩაიწერა დავით ელისაშვილმა

 

* * *

1998 წლის გაზაფხულზე დაგვიანებით შევიტყვე მარტოხელა პაპიდის ავადმყოფობის ამბავი. მეორე დღესვე სასწრაფოდ გავეშურე საავადმყოფოში მის სანახავად. პაპიდა ქეთევანს ჩემი ნახვა ძალიან გაუხარდა და მითხრა, რომ მთელი თვეა მელოდება და დარწმუნებულია, რომ მე უნდა მოვარჩინო.

ქეთევანი ძალიან ავად იყო. მისი დიაგნოზის ჩამოყალიბება ექიმებს ძალიან უჭირდათ. მკურნალობდნენ, როგორც დეკომპენსაციით მიმდინარე გულის უკმარისობას. პაპიდას თავისი ძმისშვილები ნახვას და პატრონობას არ აკლებდნენ, მაგრამ შედეგი მაინც არ ჩანდა. ავადმყოფი ისე იყო მისუსტებული, რომ ფეხზე დგომაც კი უჭირდა. მე ვუთხარი, რომ მეორე დღეს ვინახულებდი, წავიყვანდი სხვა საავადმყოფოში ექოსკოპიისათვის, სადაც მე ვმუშაობ და მივუტანდი „შენ ხარ ვენახის“ ხატს, რომელმაც მომაკვდავი გოგონა განკურნა.

მეორე დილას პაპიდა მანქანამდე სვენებ-სვენებით მივიყვანეთ და წავედით ექოს გადასაღებად. ექიმს წინასწარ ვთხოვე, რომ ურიგოდ გაეშვათ, რადგან ავადმყოფს არც დგომის და არც ჯდომის თავი არ ჰქონდა. ახალმა გამოკვლევამ დამატებითი ეჭვი წარმოშვა – კუჭის სიმსივნე.

დამშვიდობებისას პაპიდა ქეთევანს გადავეცი ხატი და ვთხოვე, გაფრთხილებოდა. მეორე დღეს ქეთევანმა თავისი მხნეობით გამაოცა. ხატი ტანსაცმლის ქვეშ, მკერდზე ჰქონდა მიხუტებული და არ იშორებდა. მასში მინავლებული სიცოცხლე თითქოს ხელახლა იწყებდა გამოცოცხლებას. პალატაში წავუკითხე „ლოცვა ყოველგვარ სნეულებასა ზედა“, ვაპკურე ნაკურთხი წყალი. პაპიდამ ლოცვანი დაიტოვა და ელვის სისწრაფით წაიკითხა. მესამე დღეს იგი ფეხზე დამხვდა. ამჯერად, დავუტოვე წიგნი „ჩვენთან არს ღმერთი“, რომელსაც ასევე ხარბად დაეწაფა. მომდევნო დღეს მისულს კი გასაწერად გამზადებული დამხვდა. აელაგებინა ლოგინი და დასამშვიდობებლად მიცდიდა. გასაკვირი ის იყო, რომ ქეთევანი გამოწერილ წამლებს არ სვამდა, ყრიდა და დიდი ხვეწნით თუ მიიღებდა რომელიმეს, ისიც აქა-იქ. მოკლედ, არ მკურნალობდა.

გავიდა რამდენიმე დღე. პაპიდასთან კავშირი გამიწყდა. ერთ შაბათს საღამოს ტაძარში ლოცვაზე მისული სახტად დავრჩი, როცა იგი წმინდა გიორგის ხატთან დავინახე. შეხვედრით ორივემ ძალიან გავიხარეთ. თურმე ქეთევანი მარტო წამოვიდა ძმისშვილის სახლიდან, რათა ლოცვას დასწრებოდა. გამოთქვა აღსარების სურვილი. მამა ალექსანდრემ სულ მალე აზიარა კიდეც.

შემდეგი ზაფხული პაპიდა ქეთევანმა მშობლიურ სოფელ ბერშუეთში გაატარა. ივლისში ჩვენს მიწას დიდი სიხარული მოეფინა. წმინდა ნინოს გზით მომავალი მეუფე ნიკოლოზის ჯგუფმა ძირითადი მარშრუტი განავრცო და ბერშუეთს ეწვია. ეს იყო 7 ივლისს – იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე. ჩვენი ზანტი ქართველები მეუფეს საკმაოდ უნდოდ შეხვდნენ, ფეხზეც კი არ წამოუდგნენ. საღამოს პარაკლისს მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარშიც ხმაურით დაესწრნენ, თუმცა წასაყვანი სტუმრები ყველამ დაითითოვა. ზოგს რომ არ შეხვდა სტუმარი, გულდაწყვეტილი დარჩა.

თითქოს ღრმა ძილიდან გამოფხიზლდნენო, მეორე დილას დიდიან-პატარიანად მიიჩქაროდნენ ეკლესიაში. მეუფემ ილოცა, იქადაგა. მიმსვლელნი ხატებითა და ლოცვის წიგნებით დაასაჩუქრა. განათებულ და გახალისებულ ბერშუეთელებს შორის ერია პაპიდა ქეთევანი, რომელიც მანძილის სიშორეს ვერ შეეშინებინა და ამ მთაზე ფეხით ამოსულიყო. მისი ავადმყოფობა უკვალოდ გაქრა. ისე რომ, შემოდგომაზე პაპიდა ქლიავის კრეფაშიც კი მოგვეხმარა.

ირინე (გორი)
27.01.99

 

* * *

ეს მოხდა 1997 წლის აპრილში, მოსკოვში, სადაც ჩემი ძმა იმყოფება დროებით საცხოვრებლად. ჩემმა ძმისშვილმა მარიამმა, თურმე, მონეტა გადაყლაპა. ბავშვი წლისა და ოთხი თვის იყო. მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა, დაეწყო ხორხის შეშუპება და ძილისკენ მიდრეკილება. მშობლებმა პირველი რჩევა-დარიგება სასწრაფო დახმარების ექიმისაგან მიიღეს. საავადმყოფოში 20 წთ-იანი ნარკოზის ქვეშ მონეტა სპეციალური აპარატით ამოუღეს და გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. მედპერსონალმა აღნიშნა, ბავშვი მთელი ღამე თქვენს ენაზე რაღაცას მღეროდაო (წლისა და 2 თვის მარიამი „მამაო ჩვენოს“ იმეორებდა მამასთან ერთად).

სახლში დაბრუნებისთანავე, როცა მამამ სანთელი აანთო და შვილის გადარჩენისათვის სამადლობელ ლოცვებს აღავლენდა, თურმე მარიამმა ყველა ხატზე მთხვევა მოითხოვა. შემდეგ ამოირჩია ხატი „შენ ხარ ვენახი“, გულში მაგრად ჩაიკრა და მთელი კვირა არ იშორებდა. ბავშვს ხატს ვერ ართმევდნენ. ღამითაც გულში ჰქონდა ჩაკრული და ისე იძინებდა. შემდეგ თურმე ძლივს დაიყოლიეს და ხატი თავის ადგილას დააბრუნეს.

ჩვენ გვჯერა, რომ პატარა მარიამი ღვთისმშობელმა მარიამმა დაიფარა.

დიდება უფალს!

მარიამ (შორენა) მესხია

 

* * *

ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „შენ ხარ ვენახის“ ხატმა ჩვენს ოჯახში სასწაული მოახდინა. ზაფხულში უმუშევარი დავრჩი და თქვენი კურთხევით სოფელში წავედი, ღმრთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ ხატი შევიძინე და ოჯახისთვის წავაბრძანე.

ყოველთვის, როდესაც ეკლესიაში ამ ხატის წინ ვლოცულობდი, პირად სათხოვარზეც ვევედრებოდი: „ღვთისმშობელო, მრავალი სასწაული მოახდინე, გთხოვ, მოიღო წყალობა და ეს სათხოვარიც ამისრულო, ეს ჩემთვის სასწაული იქნება“. (ბოლოს მივხვდი, რომ სასწაული მხოლოდ კურნების სახით უნდა ეჩვენებინა, რადგან უფალმა მას კურნების ძალა მიჰმადლა, რისთვისაც მრავალგზის მადლობას ვწირავ).

დავიწყებ იქიდან, რომ დედას ნერვიულობის ნიადაგზე, მაღალ წნევაზე გაჟონვა დაემართა. გაუჩერდა მარცხენა ფეხი და ხელი. წაერთვა მეტყველება, ძლივს გასაგებად ამბობდა სიტყვებს. მეხსიერება ჰქონდა. მოვიყვანეთ ექიმები. დიაგნოზი მძიმე იყო (უამრავი ჩამონათვალით). მკურნალი ექიმის თქმით, დედას ხელ-ფეხი დიდხანს არ აუმოძრავდებოდა, განსაკუთრებით ხელი. შესაძლებელი იყო, გართულებებიც მოჰყოლოდა. ავადმყოფობის მეორე დღეს სამი ან ოთხი საათი იქნებოდა, ღმრთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ ხატი ავიღე, ფრთხილად მივუახლოვდი დედის საწოლს, დავიჩოქე და ვუთხარი: „დედა, ეს ღმრთისმშობლის ხატია, შენი სიტყვებით შეევედრე, რომ ხელ-ფეხი აგიმოძრავდეს, გულით სთხოვე. ეს ხატი ყველა ავადმყოფობას კურნავს, ჩვენთან ეკლესიაში სიმსივნიანი ქალი განკურნა“. (დედა არაეკლესიურია). მან ხელის კანკალით გამომართვა ხატი, ეამბორა, შემდეგ გულში ჩაიკრა. ლაპარაკი ძალიან უჭირდა, მაგრამ მაინც შეევედრა ტირილით: „გეხვეწები, ხელ-ფეხი ამიმოძრავე, ღმრთისმშობელო“. სხვა ვერაფერი სთხოვა, ისე კი ტუჩებსა და სახეზე ეტყობოდა, რომ კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო. ხატი დიდხანს ჰქონდა გულში ჩაკრული. მიუხედავად იმისა, რომ მარტო ვუვლიდი დედასა და ოჯახს, ლოცვები არ შემიწყვეტია, განსაკუთრებით, ღმრთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ ხატთან. საღამოს ხუთი საათი იქნებოდა (ეს ხდება მეორე დღეს) დედას ხელი ნელ-ნელა აუმოძრავდა და ზემოთაც ასწია, შემდეგ – თითებიც და იმავე ღამეს, დაახლოებით, თერთმეტ საათზე ჯერ ფეხის თითები აამოძრავა, შემდეგ ფეხი ცოტათი ასწია. გახარებულმა აღარ იცოდა, რა ეთქვა, ბავშვივით უხაროდა. რაღა თქმა უნდა, ყველაფერს მივხვდი, უფალსა და ღმრთისმშობლის ხატს მადლობა შევწირე. დილას დედამ ხატი მომთხოვა, გულში ჩაიკრა და ტირილით მადლობას უხდიდა. მე კი მითხრა: „გეხვეწები, ეს ხატი აქ დატოვე, თბილისში არ წაიღო, ამან გადამარჩინა“. ათი დღის შემდეგ ჩემი დახმარებით ოთახებში დადიოდა. დაახლოებით მეთოთხმეტე დღეს კი დამოუკიდებლად, ხელ-ჯოხით შეეძლო ნელ-ნელა სიარული. დღეს, შეძლებისდაგვარად, ოჯახის საქმეებსაც აკეთებს.

მამაო, მინდა გითხრათ, რომ ათი დღის განმავლობაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ზოგი ახლობელი პირდაპირ მეუბნებოდა, ვერ გადაიტანსო. მე კი გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ დედა გადარჩებოდა. დღე და ღამ ტირილით ვევედრებოდი უფალს დედის სიცოცხლეს. ორი კვირა არ მძინებია. მადლობა უფალს და თქვენ, მოძღვარო, იმისათვის, რომ ჭეშმარიტების გზაზე დამაყენეთ.

 

* * *

2001 წლის 1 ოქტომბერს სრულიად ჯანმრთელი მივდიოდი ბაზარში და მეტროში გავხდი ავად. დავვარდი, გონება დავკარგე. მიმიყვანეს ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ბატონ თამაზ ოთარაშვილთან. კომპიუტერულმა გამოკვლევამ თავში სიმსივნური წარმონაქმნი აჩვენა. დამინიშნეს მკურნალობა, მაგრამ დღითი-დღე უარესდებოდა მდგომარეობა. პროფესორმა სოსო გვაზავამ ბატონ თამაზთან ერთად გადაწყვიტა ოპერაცია, მაგრამ მე უარი განვაცხადე. ამასობაში ხელ-ფეხი გამიჩერდა, წელს ქვემოთ მოვწყდი, სახე დეფორმირებული მქონდა.

ახლობლები ეკლესიაში დადიოდნენ და ღმერთს ეხვეწებოდნენ, რომ გადავრჩენილიყავი.

ბოლოს გადავწყვიტე ოპერაციის გაკეთება, მაგრამ ჯერ ეკლესიაში მინდოდა მისვლა და ჩემი თხოვნით, ჩემმა შვილებმა ხელში აყვანილი მიმიყვანეს მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში. იქ მოძღვარმა გამომკითხა, რა მჭირდა. მე ვუთხარი: მამაო, მგონი ავთვისებიანი სიმსივნე მაქვს. მან მანუგეშა, ღმრთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ ხატთან გადამიხადა პარაკლისი, მთხოვა, ყველა ცოდვა მომენანიებინა, მელოცა და მაზიარა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. რამოდენიმე ხნის შემდეგ გავიარე, მაგრამ მოულოდნელად მდგომარეობა გაუარესდა. ანალიზებმა მეორე სტადიის სიმსივნე აჩვენა. ყოველდღე ველოდებოდი სიკვდილს, დავიწყე გამუდმებული ლოცვები და ვთხოვდი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ ხატს გადარჩენას. მოხდა სასწაული. განვიკურნე „შენ ხარ ვენახის“ ხატის შემწეობით. რაც არ უნდა ავად ვიყო, ეკლესიაში შესვლისთანავე კარგად ვხდები, მაგრამ ერთ შაბათს ტაძრში ყოფნისას ვიგრძენი, რომ ხელში გრძნობა დამეკარგა, თითქოს გამიხმა. მიუხედავად ხალხმრავლობისა, მოვახერხე „შენ ხარ ვენახის“ ხატთან მიახლოება, ხელი მოვკიდე, ვემთხვიე და დავიწყე თუ არა ლოცვა, ცოტა ხანში გრძნობა დამიბრუნდა.

მადლობა უფალს.

ნათელა გაბიტაშვილი
19.03.2002

 

* * *

1999 წლის 8 იანვარს, ჩემს შვილს, ლევან ნაცვლიშვილს, სრულიად მოულოდნელად დაემართა ტვინში სისხლის ჩაქცევა. წაერთვა მარჯვენა ხელ-ფეხი და მხედველობა. სასწრაფოდ გაუკეთდა ოპერაცია. ანესთეზიიდან გამოსვლის შემდეგ დასჭირდა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჩართვა. ოპერაციის მეორე დღეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ექიმებს გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ.

რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემმა ახლობელმა, მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მრევლმა მანანა თათანაშვილმა გამომიგზავნა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ ხატი, რომელიც ლევანის სახელზე იყო ნაკურთხი. იგი ჩემი შვილის საწოლთან დავასვენე. სანამ ლევანი მდგომარეობიდან არ გამოვიდა, ღმრთისმშობლის ხატი არ მოშორებია ჩემი შვილის სასთუმალს. ეს ხატი მე დიდ ძალას მმატებდა. გულმხურვალედ ვკითხულობდი დედის ლოცვებს, დილა-საღამოს ლოცვებს და გულში ვევედრებოდი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს: „შვილი გადამირჩინე, ღმრთისმშობელო მარიამ“. მართლაც, ისმინა მარიამ ღმრთისმშობელმა ჩემი ვედრება. 19 იანვარს, ნათლისღების დღეს, დილიდან, ლევანი უკვე თავისით სუნთქავდა.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი „შენ ხარ ვენახი“ რომ არა, ვინ იცის ჩემი შვილის მდგომარეობა როგორ წარიმართებოდა.

მადლობა უფალს.

მარინე ნაცვლიშვილი
1999 წ.

 

* * *

1999 წლის თებერვალში დედა გაცივდა და ავად გახდა. მივმართეთ ექიმს. გასინჯა ავადმყოფი და დიაგნოზი საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა – ფილტვის ტუბერკულოზი სიმსივნის ნიშნებთან ერთად. დედისთვის არაფერი მითქვამს, სასწაფოდ ამოვედი თქვენთან ტაძარში, რადგან განსაკუთრებულად ვგრძნობდი ღმრთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ ხატის შემწეობას. მას შევავედრე დედაჩემი და ვთხოვე მისი გამოჯანმრთელება. შემდეგ თქვენ მოგმართეთ. დამამშვიდეთ და მაკურთხეთ, ავადმყოფი დედის სახელი ჩამეწერა მოსახსენიებელში, რომელსაც კითხულობდნენ ღმრთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ ხატის წინაშე აღვლენილ ლოცვებში. ამავე დროს მომეცით ღმრთისმშობლის კანდელიდან ზეთი, რომელსაც ყოველდღიურად ვასმევდი.

ზეთის მიღებიდან ოთხი დღის შემდეგ ექიმი შედეგით კმაყოფილი დარჩა. ოცი დღის შემდეგ კი გაოცებული გვეუბნებოდა: „ასეთი შედეგი საიდან მივიღე, არ ვიცი“. მე და დედამ ერთმანეთს გადავხედეთ, რადგან ჩვენ კარგად ვუწყოდით, ვისი მადლი და წყალობა იყო ყოველივე. სამი თვის შემდეგ დედა მთლიანად განიკურნა.

ღმრთისმშობლისადმი დიდი სიყვარული და მადლიერება მაბედინებს, მოგითხროთ ეს სასწაული, რათა იდიდებოდეს მისი ყოვლადწმიდა სახელი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გალინა
ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი
06.12.2002

 

* * *

2000 წლის 14 იანვრიდან, დეკანოზ გიორგი ფეიქრიშვილის ლოცვა-კურთხევით, ოქროყანაში დაბრძანდება ხატი „შენ ხარ ვენახი“.

1. როდესაც ხატი შემობრძანდებოდა ოჯახებში, პირველ რიგში, ხალხს უჩნდებოდა სინანული, ძირს ემხობოდნენ და ტიროდნენ. მოექცნენ და ეკლესიური ცხოვრება დაიწყეს.

2. ხატის შებრძანებისას ფარდებზე ისახებოდა როგორც შავი, ისე წითელი ფერის ჯვრები.

3. ოჯახში შებრძანებული ხატის წყალობით დავრდომილი მოხუცი განიკურნა.

4. ხატის წყალობით ბავშვი სიკვდილს გადაურჩა.

5. ხატის შეწევნით მომდურავები ერთმანეთს ურიგდებიან; სასმელს მიძალებულნი იკურნებიან.

6. ამ სასწაულების გარდა ხატს დიოდა ზეთოვანი სითხე.

ოქროყანის მოსახლეობა „შენ ხარ ვენახის“ ხატის წყალობას, მფარველობასა და შეწევნას ყოველთვის ვგრძნობთ. მადლობას ვწირავთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს. ამინ.

იაკობი, დავითი, იაკობი

 

* * *

ღმრთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ ხატის პერანგი სპილენძის ჟანგით იყო დაფარული და მოსაოოქროვებლად აუცილებელი იყო პერანგის გაწმენდა. რამდენიმე დღე ვიწვალე, ყველა ნაცადი მეთოდი გამოვიყენე, მაგრამ უშედეგოდ. ძალიან განვიცდიდი, შეპირებული დროისათვის მზად უნდა ყოფილიყო. გადავწყვიტე, მეცნობებინა ტაძრის წინამძღვრისთვის, რომ გაწმენდა შეუძლებელი იყო.

გამთენიისას ძილში დედაკაცის ხმა ჩამესმა: „ნიშადურის სპირტით გაწმენდ“. გამოღვიძებულმა სასწრაფოდ გადავუსვი ნიშადურის სპირტით დასველებული ბამბა. პერანგი გაპრიალდა.

გელა თოთლაძე, ოქრომჭედელი

 

* * *

ჩვენი ოჯახის სიწმინდეებს შორის ერთ-ერთი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი „შენ ხარ ვენახის“ ხატის ასლია. მიუხედავად იმ მრავალი სასწაულისა, რომელთა შესახებაც ხშირად მსმენია, მაინც იშვიათად ვლოცულობდი მასთან.

როდესაც რუსეთში ამ ხატიდან სასწაულებრივი მირონდენის ამბავი შევიტყვე, ამან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და დავიწყე სისტემატიური ლოცვა, რომლის დროსაც ვგრძნობდი განსაკუთრებულ მადლს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ხატი ცოცხლდებოდა ჩემს წინაშე და მისგან დიდი დედობრივი სითბო იღვრებოდა.

18 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედის ხსენების წინა დღეს, სადღესასწაულო ლოცვის შემდეგ მე, ჩემი და და სიძე მოვედით სახლში და გადავწყვიტეთ ხატები გაგვეწმინდა.

ხატების წმენდისას სიძემ იფიქრა, „შენ ხარ ვენახის“ ხატს ფონს გამოვუცვლიო და ხატი ჩარჩოდან ამოაბრძანა. მერე ისევ ჩასვა და კედელზე ჩამოკიდა. სწორედ ამ დროს შეამჩნია სიძემ, რომ მუყაოზე, რომელიც სიმაგრისათვის ჰქონდა ხატს დატანებული და რომელიც მაგიდაზე დარჩენოდა, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი გადასულიყო.

სასწაულის ხილვამ დიდი გავლენა იქონია ჩვენზე. მუყაოზე გადასული ხატიდან დიდი მადლი მოდიოდა, რაც გამოიხატა იმით, რომ მადლის მოქმედების შედეგად, სიძეს ღვარად სდიოდა ცრემლები, ხოლო მე როგორც კი მივუახლოვდი ამ სასწაულებრივად გადასულ ასლს, საოცარი ოქროსფრად მოლივლივე ნათელი შემომეღვარა თვალებში. არადა მას შემდეგ, რაც თვალის ჩინი დავკარგე, ასეთი საოცარი სინათლე არასოდეს მინახავს, რადგან ერთადერთი, რასაც ვხედავ, ეს არის მზე და მზის სინათლე სასწაულებრივი ნათელის სილამაზეს ვერ შეედრება.

ხატის ფოტოასლი კი ჩვეულებრივ მდგომარეობაშია. მას უკანა მხარეს ფირმა კოდაკის (KODAK) წარწერები აქვს და სერიული ნომრებიც. მუყაოზე მხოლოდ ხატი გადავიდა ყოველგვარი წარწერის გარეშე.

მინდა ისიც გავიხსენო, რომ ამ ფაქტიდან ერი დღით ადრე მქონდა უცნაურად აკვიატებული აზრი, რომ თითქოს უნდა მომხდარიყო სასწაული და გონებაში მიტრიალებდა სამი სიტყვა: ხატი უნდა გადავიდეს, მაგრამ რომელი ხატი და სად უნდა გადასულიყო, არ ვიცოდი.

ლაშა ცაიშვილი
19.12.2002

 

* * *

როგორღაც ერთმა მოძღვარმა უარი უთხრა ერთ-ერთ მორწმუნეს „შენ ხარ ვენახის“ ლამინირებული ხატის კურთხევაზე. ეს რომ შევიტყვე, დიდად განვიცადე. ღმრთისმშობელ მარიამს შევევედრე ორიგინალის წინაშე, რაიმე დამაფიქრებელი მაგალითი მიეცა ამ მოძღვრისთვის. გავიდა რამდენიმე დღე და ამოდის ჩვენს ტაძარში ორი აღელვებული ქალბატონი (რომელთაგან ერთი ხსენებული მოძღვრის სულიერი შვილი აღმოჩნდა) და გვთხოვენ პარაკლისის გადახდას უმძიმესი ავადმყოფისთვის, რომელიც მათი ნათესავია. ავადმყოფს ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, ამავე დროს ასაკოვანია და ექიმები №1 საავადმყოფოდან უარს ეუბნებიან ოპერაციის გაკეთებაზე, – ვერ გადაიტანს, საოპერაციო მაგიდაზე დარჩება, ასეთ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე. ამიტომაც ნათესავები ხელმოწერით ამოწმებენ, რომ პასუხისმგებლობას თავად იღებენ. ხვალ დილით უკვე ოპერაციაზე გაჰყავთ, თავზე თმებიც მოპარსეს, – მითხრეს ტაძარში ამოსულებმა. ჩვენც მოვუთხრეთ „შენ ხარ ვენახის“ ხატზე, სიმსივნიანისთვის გადავიხადეთ ჯანმრთელობის პარაკლისი და სნეულთან კანდელის ზეთი გავატანეთ, რათა ოპერაციამდე მოესწროთ და ზეთი ეცხოთ მისთვის. მათაც ორ-სამჯერ სცხეს ზეთი. ორიოდე დღის შემდეგ გავატანე სასწაულთმოქმედი ხატის ნაკურთხი, ლამინირებული ფოტოასლი. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა – ტვინის სიმსივნიანი ნაწილი ავადმყოფს ტრეპანაციის შემდეგ მოჰკვეთეს. როცა ნაოპერაციები გონს მოვიდა, მის თავთან დასვენებული ხატის ფოტოასლი აიღო და ცრემლიანი თვალებით ეამბორებოდა, გულში იკრავდა. სამი დღე ასე გრძელდებოდა. ნათესავებმა ვერ შესძლეს, ხელიდან გამოერთმიათ ხატი. სამი დღის შემდეგ, როდესაც მეტყველების უნარი დაუბრუნდა, დაეკითხნენ, რად არ ანებებდა ხატს. მაშინ ნაოპერაციებმა მოუთხრო, თუ როგორ ჩაიყვანეს ჯოჯოხეთში, რა იხილა იქ, როგორ იტანჯება თითოეული ცოდვილი: მრუში, კაცისმკვლელი, ნარკომანი, ცილისმწამებელი და ა.შ. კი, მაგრამ ხატს რატომ არ გვანებებდიო, – დაეკითხნენ ნათესავები. ამან ამომიყვანა ჯოჯოხეთიდანო, – მიუთითა „შენ ხარ ვენახის“ ხატზე ჯოჯოხეთიდან დახსნილმა. ამ ქალბატონმა, რომელიც მანამდე არ გახლდათ ეკლესიური, არ იცოდა, რომ არსებობდა ასეთი ხატი და იგი არასოდეს ენახა. ამის შემდეგ კი მოუთხრო მისმა ნათესავმა, ორიდან ერთ-ერთმა, ეკლესიურმა, რომელმაც პარაკლისი გადაგვახდევინა, თუ რა აღსრულდა მისთვის მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში. ნაავადმყოფარს სურვილი გაუჩნდა, თავად მოელოცა სასწაულთმოქმდი ხატი და ენახა მოძღვარი, რომელიც მისთვის ლოცულობდა. ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ ასეც მოხდა. მან მოგვითხრო, რაც თავს გადახდა და გამოხატა უდიდესი მოკრძალება და პატივისცემა ღმრთისმშობლის მიმართ.

მომხდარის შესახებ ეკლესიურმა ნათესავმა თავის მოძღვარს მოუთხრო... ასე მისცა თავად ღმრთისმშობელმა მარიამმა ხსენებულ მოძღვარს დამაფიქრებელი მაგალითი „შენ ხარ ვენახის“ სასწაულთმოქმედ ხატთან დაკავშირებით. მოგვიანებით ამ მოძღვარმა თავად გამოგზავნა თავისი ერთ-ერთი სულიერი შვილი, რათა ხატთან უშვილოთა შემწეობის პარაკლისი გადაგვეხადა.

მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი

 

* * *

„შენ ხარ ვენახის“ ხატს განწირული ადამიანებიც დაუხსნია სიკვდილისაგან. აი, ერთ-ერთი მაგალითი:

ორიოდე წლის წინ სისხლის გადასხმის ინსტიტუტში მიმიყვანეს აგონიაში მყოფ ახალგაზრდა ქალთან, რომელსაც მესამე შვილი საკეისრო კვეთით ამოუყვანეს. ექიმს დაუდევრობით ტამპონი დარჩენია მის ორგანიზმში, რასაც სისხლის მოწამვლა მოჰყოლია. ეს უკვე მესამე საავადმყოფო იყო, სადაც მისი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ. იქ მისულს შესასვლელში აწ განსვენებული აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი შემხვდა დილაადრიან, რომელიც ასე ადრე საგანგებოდ მის მოსანახულებლად მოსულიყო, და დავეკითხე, თუ იყო იმედი გადარჩენისა. „ჰა,ჰა, – მიპასუხა მან, – არის ერთი პროცენტი და არც არის. ღმერთს თუ შეუძლია მისი დახსნა. ჩვენ ადამიანურად უკვე ყველაფერი ვეცადეთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს“. რეანიმაციულ განყოფილებაში შესულს დამხვდა უგონოდ მყოფი, ხელოვნურ სუნთქვაზე მიერთებული ახალგაზრდა ქალი, რომელსაც დედა, მეუღლე და პატარა ქალიშვილები დასტიროდნენ. მომაკვდავს თავთით „შენ ხარ ვენახის“ მცირე ზომის ხატი დავუსვენეთ და ღმრთისმშობლის პარაკლისი გადავუხადეთ გამოსაჯანმრთელებლად. ვლოცულობდი და მეც ცრემლი მახრჩობდა. მომაკვდავს, თითქოს ესმისო ლოცვისა, ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა. პარაკლისის შემდგომ შუბლსა და გულზე „შენ ხარ ვენახის“ კანდელიდან აღებული ზეთი ვცხეთ. დავლოცეთ მისი სახლეულიც და შეძლებისდაგვარად ნუგეში ვეცით. მეორე დილით გახარებული ნათესავები ტაძარში ამოვიდნენ, უფალსა და ღმრთისმშობელ მარიამს სამადლობლად სანთლებს უნთებდნენ „შენ ხარ ვენახის“ ხატთან. თურმე პარაკლისის შემდგომ ავადმყოფს მალევე დაუბრუნდა გრძნობა და იმდენად გამოკეთდა, რომ იმავე საღამოს რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს, ხოლო ერთ კვირაში სახლში გამოწერეს გამოჯანმრთელებული, ახალშობილი მონათლეს და დედასა და შვილს სასწაულთმოქმედ ხატთან სამადლობელი პარაკლის გადავუხადეთ.

მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი