წმიდანი ნევადის უდაბნოში

2000 წლის ზაფხულში საქართველოში აშშ-დან ჩამოვიდა მართლმადიდებელ სასულიერო პირთა დელეგაცია. სტუმრებმა საქართველოს წმიდა ადგილები მოიარეს. ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. ამ მოგზაურობისას მათ თან ვახლდი. ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, მოხუცებულმა უკრაინელმა დიაკონმა საოცარი შემთხვევა მომიყვა, რომელიც ამერიკაში მოხდა: ჩვენთან, ამერიკაში, გარკვეული ხნის წინ ერთი ბერძენი მართლმადიდებლი მღვდელი ჩამოვიდა, რომელიც მანქანით მოგზაურობდა. სწორედ მაშინ, როდესაც ნევადის უდაბნოზე გამავალ ტრასაზე მიდიოდა, უდაბნოდან ცუდად ჩაცმული ადამიანი გამოვარდა, რომელსაც თმა და წვერი მოშვებული ჰქონდა. მან ისეთი სისწრაფით გადაუჭრა გზა, რომ მანქანამ ძლივს მოასწრო დამუხრუჭება. მათხოვრის გარეგნობის მქონე კაცი მივიდა ავტომობილთან, მინაზე დააკაკუნდა მღვდელს სახელით მიმართა: მამა ანდრონიკე, მე თქვენ აღსარება უნდა გითხრათ. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდი იქნებოდა მოძღვრის გაოცება. მან, რა თქმა უნდა, მაშინვე შეიმოსა ოლარი და უცნაური „მწირისაგან“ აღსარება მიიღო. აღსარების შემდეგ უცნობი ისევ უდაბნოში მიიმალა.

უფალს ყველგან ჰყავს თავისი რჩეულები და თუ ადამიანი ღვთის ერთგული, მისთვის თავდადებულია, მასზე სულიწმიდა ყველგან გადმოვა, იქნება ეს ათონის მთა, მცხეთა თუ ნევადის უდაბნო. ნევადის ტრასა ლას-ვეგასისაკენ მიემართება. ყველასათვის ცნობილია, რომ ეს ქალაქი კაზინოებისა და საროსკიპოების ცენტრია. ეს სასწაული, ალბათ, იმას მოწმობს, რომ თუკი ადამიანის სული და გული ღვთისკენ არის მიმართული, თანამედროვე ბაბილონის სიახლოვეშიც კი იგი სიწმიდეს შეინარჩუნებს და უფალი მასზე სასწაულს დაუშვებს.

მოამზადა ზურაბ ციხისელმა

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 10 (164), 2002 წ.