პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

განკითხვა, მხილება და განსჯა

ხშირად გვეკითხებიან, რა განსხვავებაა განკითხვასა და მხილებას შორის და რა არის განსჯა. რას ამბობს უფალი: ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ (მათე 7, 1-2). ხოლო რაც შეეხება მხილებას, სახარება გვასწავლის: უკეთუ ძმა შენი შესცოდავს, უნდა ამხილო; თუ არ შეისმენს, მაშინ მისი მხილება ორის ან სამის თანდასწრებით უნდა მოხდეს. თუ ამ შემთხვევაშიც არ ისმინა, მაშინ მხილება მოძღვრისა და ეკლესიის წინაშეა საჭირო, ხოლო უკეთუ ეკლესიისაც არ ისმინა, მაშინ იყოს იგი ვითარცა წარმართი (მათე 18, 15-17). განსჯა კი, როგორც წმიდა მამები ამბობენ, სათნოებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია. ხშირად მორწმუნემ არ იცის, როგორ განასხვავოს განკითხვა, მხილება და განსჯა ერთმანეთისაგან და განკითხვას მხილებას ან განსჯას უწოდებს, მაშინ როცა განკითხვა და მხილება ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდებიან. უპირველეს ყოვლისა, განკითხვა გამორიცხავს სიყვარულს, იგი უსიყვარულოდ, თავის თავზე დიდი წარმოდგენის შედეგად ნათქვამ სიტყვას წარმოადგენს. უსიყვარულოდ ნათქვამი სიტყვა კი ლოგიკურად იწვევს პიროვნების დამცირებას საკუთარი თავისა და სხვების წინაშე. ხდება მისი პიროვნების გაიგივება რაიმე კონკრეტულ საქმესთან, აბსოლუტიზაცია ცოდვისა და შეცდომისა, განვრცობა ცოდვისა მთელ პიროვნებაზე და დაჩრდილვა მისი სხვა კეთილი თვისებებისა. მხილება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სიყვარულს იმ პიროვნებისა, რომელსაც ამხელენ. მხილების მიზანი მოყვასის შეცდომიდან გამოყვანა და მისი სულიერი გადარჩენისათვის ზრუნვაა.

ჩვენ შეგვიძლია მხილების თვალსაჩინო მაგალითი წმიდა წერილიდან მოვიყვანოთ, კერძოდ, გავიხსენოთ როგორ მოიქცა ნათან წინასწარმეტყველი, როცა მას დავით მეფის მხილება სურდა. იგი წინასწარმეტყველთან როგორც წინასწარმეტყველი, ხოლო მეფესთან როგორც ერისკაცი მივიდა და უამბო იგავი იმის თაობაზე, როგორც წაართვა მდიდარმა კაცმა ღარიბს ერთადერთი საყვარელი ბატკანი, რომელსაც იგი შვილივით ზრდიდა და სტუმარს დაუკლა. როცა განრისხებულმა მეფემ ბრძანა, რომ სიკვდილის ღირსიაო ამის ჩამდენი, ნათანმა მხოლოდ მაშინ გაუმხილა, რომ მდიდარი კაცი, რომელმაც ღარიბის ერთადერთი ბატკანი უცხო სტუმარს - ბოროტ გულისთქმას დაუკლა, თვითონ იგი იყო, ვინც ურია ხეთელს წაართვა ერთადერთი სიმდიდრე - ლამაზი ცოლი. ასე გამოატანინა ბრძენმა წინასწარმეტყველმა მეფე დავითს განაჩენი საკუთარი თავისათვის, ამგვარ მხილებას ნაყოფიც მოჰყვა - სინანული. აი, ასე შეიძლება განვასხვავოთ განკითხვა მხილებისაგან. ჩვენი მხილება კი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად სამართლიანია, უსიყვარულობისა და სულმოკლეობის გამო განკითხვის ხასიათს ატარებს. როცა დანაშაულს ვამხელთ, სიმართლეს კი ვამბობთ, მაგრამ ამ სიმართლეში გამორიცხული რჩება ადამიანის ხსნა და მისი გამოყვანის სურვილი შეცდომიდან. უსიყვარულო მხილება კი კეთილ ნაყოფს არასოდეს გამოიღებს, რადგან ამ დროს ადამიანის სხვა მრავალი ღირსება სრულიად უგულებელყოფილი და დავიწყებულია. ამიტომ, ვიდრე მოყვასს ვამხელდეთ, ჯერ ღვთის წინაშე უნდა ვილოცოთ, დავმშვიდდეთ, სათქმელი გავიაზროთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვთქვათ სიტყვა. მიზანი კი ამ დროს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანის ხსნა უნდა იყოს და არა მისი დამცირება. ასე რომ ჭეშმარიტი მხილება ჩვენგან მოთმინებას, სულგრძელობასა და სიყვარულს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ იმ მცირე სიმართლესაც დავკარგავთ, რომელიც გვქონდა და საქმე მხილებასთან კი არა განკითხვასთან გვექნება, რასაც აუცილებლად უარესი შედეგი მოჰყვება, კერძოდ, სიძულვილი დაითესება, რომლის ნაყოფსაც ჩვენ მოვიმკით და ნაცვლად ერთობისა მოყვასს კიდევ უფრო დავშორდებით.

ყოველივე ამის მიზეზი ისევ ჩვენ ვართ, რადგანაც არ გვაქვს სათნოებათაგან უდიდესი - სულიერი განსჯა. პავლე მოციქული ამბობს: ჩვენ გონება ქრისტესი გვაქვსო (თავის თავს, მოციქულებსა და კეთილმორწმუნე ქრისტიანებს გულისხმობს). გონება ქრისტესი სწორედ სულიერ განსჯას ნიშნავს და მისი შეძენა გამოცდილებით, ლოცვით, მარხვითა და სულიერი აზროვნებით შეიძლება. ადამიანს ამ გამოცდილების შეძენა წმიდა მამების ნააზრევის და მათი ცხოვრების შესწავლით შეუძლია. როდესაც ადამიანი სულიერი განსჯის გამოცდილებას შეიძენს, მაშინ იგი ქრისტიანობის სწორ ფორმასაც იპოვის და განკითხვისგანაც დაცული იქნება. აქედან ჩანს, რომ მიზეზი განკითხვისა ჩვენი სულიერი სიზარმაცეა; ჩვენ ყველა მოვლენისა და მოქმედების სულიერი განსჯა გვეზარება და მექანიკურად, ზედაპირულად ვმსჯელობთ და ვმეტყველებთ. გამოცდილების შეძენა მაშინ ხდება, რაჟამს განსაცდელს რწმენით დავძლევთ. უფალი კი თითოეულ ჩვენგანს საკმაო განსაცდელს უგზავნის საკუთარი თავის უკეთ დასანახად. ეს განსაცდელნი იმიტომ გვეგზავნება, რომ საქმეს პირველ რიგში ჩვენი თავის გამოსწორებით უნდა შევუდგეთ, საკუთარ თავზე მუშაობით, საკუთარი ცოდვების განცდითა და მათი დაძლევით ჩვენ ვიძენთ გამოცდილებას სულიერი განსჯისა, რომელიც გვახვედრებს როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მხილება და განკითხვას თავიდან ვიცილებთ. თუ ჩვენ თავს ვპატიობთ, მაშინ სხვასაც ვაპატიებთ, ხოლო თუ საკუთარი თავის მიმართ მკაცრნი ვართ, მაშინ გვესმის სხვას რამდენად უჭირს და უფრო კაცთმოყვარენი, მოწყალენი და შემწყნარებელნი ვხდებით. ამიტომაც გვეუბნება მოციქული: სხვისი ტვირთი მან იტვირთოს, ვინც თქვენს შორის ძლიერი, განსწავლული და გამოცდილიაო. ჩვენ შეიძლება მრავალი მაგალითი ვიცოდეთ წმიდანთა ცხოვრებიდან, მაგრამ საკუთარი ცოდვების განცდისა და მისგან მიღებული გამოცდილების გარეშე გონებას ქრისტესას ვერ შევიძენთ და განკითხვას თავს ვერასოდეს ვერ დავაღწევთ. ამიტომ, როცა ჩვენ მომავალზე ვფიქრობთ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს საკუთარი თვალიდან დირეს ამოღება უნდა იყოს. ეს ყოველმა ჩვენგანმა იცის, მაგრამ სამწუხაროდ არ ასრულებს, რის გამოც ვისჯებით და მომავალშიც დავისჯებით. ეს მოვლენა მხოლოდ პიროვნული როდია, იგი პიროვნებაში იწყება, და ოჯახზე, საზოგადოებასა და მერე მთელ ერზე ვრცელდება.

ასე რომ, უკეთუ სულიერად არ განვისწავლებით, განკითხვის სულისაგან ვერასოდეს განვთავისუფლდებით და შურიცა და ღვარძლიც მუდამ იქნება ჩვენს შორის რაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ მწარე ნაყოფსაც გამოიღებს. ბევრმა შეიძლება თავი თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპით იმართლოს, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს საკუთარ თავში ჩაღრმავებისა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს სწრაფი ტემპიც ცხოვრებისადმი ჩვენი არასწორი დამოკიდებულებითაა გამოწვეული. უფალი გვეუბნება: ნუ ზრუნავ ხვალისათვის, რადგანაც ყოველ დღეს თავისი სიბოროტე ეყოფა. ჩვენ ეს შეგონება დავიწყებული გვაქვს. დღეს არაფერი გაგვიკეთებია კეთილი და უკვე ხვალინდელი დღისათვის ვზრუნავთ და მის შექმნას დღეს ვცდილობთ. ამიტომაც ჩვენ რეალობის ნაცვლად წარმოდგენების სამყაროში ვვარდებით და რადგანაც იმაზე ვზრუნავთ, რასაც საფუძველი არა აქვს, ხელოვნურად ვქმნით საფუძველს, რის გამოც იწყება ცხოვრების ტემპის აჩქარება; რაც არ მომწიფებულა, დღეს გვინდა მოვიწიოთ, და რაც მოწეულია, იმის აღებისათვის არ გვცალია, იმიტომ რომ უკვე ხვალინდელზე ვზრუნავთ და წლების გასაკეთებელი საქმის ერთ დღეში მოსწრებას ვცდილობთ. ამ მხრივ გარეგნულად თითქოს დასავლეთში უკეთესადაა საქმე, რადგანაც ეკონომიკურად იქ მეტს აკეთებენ და ასწრებენ, მაგრამ იქ უხილავად ირღვევა ადამიანი, როგორც პიროვნება და ოჯახი, ხოლო სადაც პიროვნება და ოჯახი ირღვევა, იქ სახელმწიფოსაც რღვევა ელის. ეკონომიკური და პოლიტიკური წარმატება მხოლოდ მაშინ იქნება მყარი, თუ მას მყარი ზნეობრივი საფუძველი ექნება. მაშასადამე, არასწორი დამოკიდებულებით ცხოვრების ტემპს ჩვენ თვითონ ვაჩქარებთ და მერე ვწუწუნებთ, რომ დრო აღარ გვრჩება საკუთარ თავში ჩასახედად და მის შესაცნობად. ამის მიზეზი შურიცაა, რადგანაც ჩვენ ერთმანეთს მატერიალური სიმდიდრისა და ამქვეყნიური დიდების მოხვეჭაში ვეჯიბრებით.

მსოფლიო მასშტაბით ეს პროცესი ალბათ შეუქცევადია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცალკეულ პიროვნებას არ შეუძლია შეცვალოს თავისი ცხოვრების რიტმი და გამოცდილებითა და განსწავლით სულიერი განსჯა ანუ გონება ქრისტესი არ შეიძინოს. საფუძველი ამისა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, სიყვარულია. ვისაც არა აქვს სიყვარული ქრისტესი, ის სულიერ ცხოვრებაში წარმატებებს ვერასოდეს მიაღწევს, ამიტომაც უპირველეს ყოვლისა, ჩვენს თავში უნდა მოვიძიოთ, გვაქვს თუ არა სიყვარული ქრისტესი, რომელიც ყოველგვარი ცოდვისა და მათ შორის განკითხვის ცოდვისაგანაც თავის დაღწევის საწინდარია, რანდენადაც ქრისტეს სიყვარული უცილობლად გულისხმობს მოყვასის სიყვარულსაც.

გაზეთი „მადლი“ № 4 (70), 1993 წ.