მღვდელმოწამე თეოდორე - ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი (+606)
ძვ. 3 დეკემბერი (ახლ. 16 დეკემბერი)

 ტროპარი:

საქმით მიემსგავსე მოციქულთა და საყდარსა მათსა ღირს იქმენ, საქმე მოიგე ნეტარო აღმყვანებელი ხედვად; ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლიად აღმოიტყოდი და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდა მღვდელმთავარო თეოდორე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 კონდაკი:

მღვდელთა შორის კეთილმსახურებითა გაბრწყინვებულმან, წამებისა გზისა სრულმყოფელმან, კერპთა სამსახურებელნი დაშრიტენ, ღმრთივგონიერებით ბრწყინვალე მქნელმან სამწყსოსა შენისამან; ამისთვისცა მაქებელნი შენნი საიდუმლოდ გიღაღადებთ შენ: ძვირთაგან მარადის მიხსნიდ ჩუენ ოხათა შენთა მიერ, მამაო წმიდაო თეოდორე.

მღვდელმოწამე თეოდორე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ალექსანდრიელ პატრიარქთა ნუსხაში არ ჩანს. ვარაუდობენ, რომ თეოდორე იმიტომ იწოდება მთავარეპისკოპოსად, რომ ის ქრისტიანობას დაუცხრომლად ქადაგებდა და მთელ ალექსანდრიას განამტკიცებდა სარწმუნოებაში. მას აიგივებენ წმიდა მღვდელმოწამე თეოდორესთან, რომელიც 12 სექტემბერს იხსენიება.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.