ღირსი იოანე დამასკელი (VIII)
ძვ. 4 დეკემბერი (ახლ. 17 დეკემბერი)

 ტროპარი:

მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღვარო, ყოვლისა სოფლისა მნათობო, და მღვდელმთავართა კანონო ღმრთივსულიერო, ყოვლადბრძენო იოანე, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

 კონდაკი:

გალობათა აღმწერელსა, პატიოსანსა და ღმრთისმეტყველსა, ეკლესიათა წარმმართებელსა და მოძღვარსა, და მტერთა წინააღმდგომთა მბრძოლსა იოანეს უგალობდეთ, რამეთუ საჭრველად აღიღო ჯუარი უფლისა და განაგდო მწვალებელთა საცდური, და ვითარცა მხურვალე მეოხი ღმრთისა მიმართ, ყოველთა მოანიჭებს ცოდვათა შენდობასა.

ღირსი იოანე დამასკელი 680 წელს დაიბადა სირიის დედაქალაქ დამასკოში, მართლმორწმუნე ქრისტიანთა ოჯახში. მამამისი - სერგი მანსური ხალიფას კარის ხაზინადარი იყო. იოანეს გარდა მას შვილობილიც ჰყავდა - ადრეულ სიყრმეში დაობლებული კოზმა. იოანემ და კოზმამ ოჯახშივე მიიღეს ბრწყინვალე განათლება კალაბრიელი ბერის, კოზმას ხელმძღვანელობით, რომელიც სერგიმ დამასკოს მონათა ბაზარზე ტყვეობისგან გამოისყიდა. ყმაწვილებმა, განსაკუთრებით კი იოანემ, საკვირველი ნიჭი გამოავლინეს და ადვილად შეითვისეს რიტორიკა, დიალექტიკა, ფილოსოფია, არითმეტიკა, ასტრონომია, მუსიკა, პოეზია, საღვთო წერილი. ამგვარად განსწავლული იოანე მამის გარდაცვალების შემდეგ ხალიფას პირველი მრჩეველი გახდა და ქალაქის თავის თანამდებობაც მიიღო.

ამ დროს ბიზანტიაში აღმოცენდა ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელმაც იმპერატორ ლეონ III ისავრიელის (717-741) მხარდაჭერით სწრაფად იწყო გავრცელება. იოანემ მართლმადიდებლობის სიწმიდის დასაცავად დაწერა სამი ტრაქტატი ხატმბრძოლთა წინააღმდეგ. წმიდანის ღვთივგაბრძნობილმა ნაწერებმა იმპერატორი გაააფთრა, მაგრამ რადგან მათი ავტორი ბიზანტიის ხელქვეითი არ იყო, მისი არც შეპყრობა შეეძლო და არც სიკვდილით დასჯა. მაშინ უსჯულო ლეონმა ცილისწამებას მიმართა: მისი ბრძანებით, დახელოვნებულმა კალიგრაფებმა იოანეს ხელწერით დაწერეს ეპისტოლე, რომელშიც დამასკელი მინისტრი იმპერატორს თითქოს სირიის დედაქალაქის დაპყრობაში ხელშეწყობას აღუთქვამდა. ეს ეპისტოლე უღმრთო თვითმპყრობელმა თავისი პირფერობითა და ლიქნით სავსე წერილთან ერთად ხალიფას გაუგზავნა. განრისხებულმა ხალიფამ საქმის გამოუძიებლად, ისე, რომ წმიდანს თავის მართლების საშუალება არ მისცა, ბრძანა, თანამდებობიდან გადაეყენებინათ ნეტარი, მარჯვენა მოეკვეთათ მისთვის და სხვათა დასაშინებლად ბაზრის მოედანზე ჩამოეკიდათ. მოკვეთილი მტევანი იოანეს იმავე საღამოს დაუბრუნეს დასამარხად, რის შემდეგაც წმიდანი ღვთისმშობლის ხატის წინ დაემხო და ყოვლადწმიდას მხურვალედ შესთხოვა, ხელი გაემრთელებინა. ამ ვედრებაში იოანეს ჩაეძინა. სიზმრისეულ ჩვენებაში ზეციური დედოფალი წარდგა მის წინაშე და უთხრა: „აჰა, განკურნებულ არს ხელი შენი და დაცხრომილ ტკივილთაგან, ამიერიდან ისწრაფე მიცემად ღმრთისა ლოცვათა შენთა“. გამოღვიძებულმა წმიდანმა იხილა, რომ მოკვეთილი მტევანი, მართლაც, მაჯასთან მკლავს მიერთებოდა, სიხარულითა და მადლიერებით აღივსო და უფალს შეჰღაღადა: „მარჯვენე შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა შენითა. მარჯვენემან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი“ (გამოსვლ. 15,16); ღვთისმშობლის ხატზე, რომლის წინაშეც განიკურნა, იოანემ ვერცხლის ხელი მიამაგრა სამადლობლად (იხ. 28 ივნისის საკითხავი).

მომხდარი სასწაული რომ შეიტყო, ხალიფამ ირწმუნა ვეზირის უდანაშაულობა და პატივი დაუბრუნა, მაგრამ ანგელოზებრივი ცხოვრებისაკენ მოსწრაფე იოანემ ამსოფელთან კავშირის გაწყვეტა განიზრახა, ხელისუფალს სთხოვა, წინ არ აღდგომოდა მის გადაწყვეტილებას და დაითანხმა კიდეც.

შინ დაბრუნებულმა უფლის რჩეულმა მთელი ქონება მოწყალებად გასცა, მონები გაათავისუფლა და თანაშეზრდილ კოზმასთან ერთად იერუსალიმის მოსალოცად გაეშურა. აქ, საბა განწმენდილის ლავრაში იოანე უბრალო მორჩილად შედგა, მაგრამ იღუმენს ძალიან გაუჭირდა მისთვის სულიერი წინამძღვრის მოძებნა: ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს გვარიშვილობითა და სიბრძნით განთქმული კაცი ბერისათვის შესაფერ მორჩილებას გამოიჩენდა. ბოლოს გამოჩნდა ერთი მოხუცი, ღვთივგაბრძნობილი ბერი, რომელმაც განაცხადა, რომ თავს იდებდა იოანეზე ზრუნვას. მოძღვარმა სენაკში წაიყვანა წმიდანი და ასე დაარიგა: „ნუ ჰლაღობ შენ შორის მყოფისა მაგის სიბრძნისა და მეცნიერებისათვის. და სწავლულობათა მაგათ, რომელნი გისწავლიან, რამეთუ არარაჲთ უდარეს მათსა არს სასწავლო მონაზონთაჲ, არამედ ფრიადცა რაჲმე უმეტეს და უმაღლეს არს ფილოსოფოსობაჲ ამათი“. შემდეგ ბერმა ნეტარ მოწაფეს უბრძანა, მისი რჩევის გარეშე წერილიც არ მიეწერა არავისთვის და არასოდეს გაეხსენებინა და წარმოეთქვა ის, რაც საერო წიგნებში ჰქონდა ამოკითხული. იოანე უდრტვინველად დამორჩილდა კურთხევას. ცოტა ხნის შემდეგ მოძღვარმა გადაწყვიტა, სულიერი შვილი სიმდაბლეში გამოეცადა და დაავალა, მონასტერში დამზადებული კალათები დამასკოში წაეღო გასაყიდად. ბერმა ძმების ნახელავს ღირებულებაზე ბევრად აღმატებული ფასი დაადო, წმიდა იოანემ, დამასკოს საუკეთესო ოჯახის შვილმა, მშობლიური ქალაქის ქუჩებში გლახაკივით ჩამოძონძილმა დაიწყო ბერების ნახელავის გაყიდვა. გამვლელები წმიდანის საქონლის ფასს რომ გებულობდნენ, დასცინოდნენ, მაგრამ ბოლოს ერთმა ყოფილმა მსახურმა იცნო და ისე, რომ არც გამოცნაურებია, ყველა კალათა შეისყიდა.

გამოხდა ხანი. საბაწმიდის ლავრაში მცხოვრებ ერთ ბერს ძმა გარდაეცვალა და იოანეს სთხოვა, რაიმე შეექმნა მის სანუგეშოდ. წმიდანი დიდხანს უარობდა, მაგრამ ბოლოს მოყვასისადმი თანალმობამ სძლია და დაწერა თავისი ცნობილი ტროპრები შესვენებულსა ზედა. „ჭეშმარიტად ამაო არს ყოველივე წარმავალი, და ცხოვრება ესე უმედგრეს აჩრდილისა და სიზმრისა, რამეთუ ცუდად ჰშფოთებს ყოველი მიწითშობილი“, - ვკითხულობთ ერთ-ერთ მათგანში. სულიერი შვილის ურჩობამ მეტად განარისხა იოანეს მოძღვარი და იგი სენაკიდან გააძევა. ამაო იყო წმიდანის ცრემლიანი მუდარა და ვერც ძმების შუამდგომლობამ გაჭრა. მაშინ ერთ-ერთმა მოსაგრემ მოძღვარს სთხოვა, ეპიტიმიით განესწავლა შემცოდე და ამ უკანასკნელმაც იოანეს მონასტრის ყველა არაწმიდა ადგილის დასუფთავება დაავალა. უფლის რჩეულმა სიხარულით მიჰყო ხელი დავალებულ საქმეს, მისმა სულიერმა მამამ კი, ნეტარის ასეთი სიმდაბლე და მორჩილება რომ იხილა, სიხარულით ჩაიკრა იგი გულში და ცოდვაც შეუნდო.

იმავე ღამეს მოძღვარს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ეჩვენა და უბრძანა, იოანესთვის მწერლობა არ აეკრძალა: „ამიერიდან უბრძანე მას თქუმად, რაცა სთნდეს, რამეთუ ნუგეშინის-მცემელი და ყოვლადწმიდა სული იტყვის ენით მისით“.

როცა ღირსი მამის შესახებ იერუსალიმის პატრიარქმა შეიტყო, მას მღვდლად დაასხა ხელი და თავის საკათედრო ტაძარში ქადაგება დაავალა, მაგრამ განმარტოებული ცხოვრებისკენ მოსწრაფე იოანე მალე დაუბრუნდა თავის სავანეს და აღსასრულამდე ღვთივსულიერ წიგნებსა და საგალობლებს ჰქმნიდა. ამის შემდეგ ნეტარმა მხოლოდ ერთხელ დატოვა ლავრა - 754 წელს, კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე გაემგზავრა და ამხილა ხატმბრძოლთა მწვალებლობა. ამისთვის იგი საპყრობილეში ჩააგდეს და აწამეს, მაგრამ, ღვთის ნებით, ცოცხალი გადარჩა. წმიდა იოანე დაახლოებით 780 წელს (სხვა ცნობით - 754 წლამდე) გარდაიცვალა, 104 წლის ასაკში.

იოანე დამასკელს ეკუთვნის მრავალი საგალობელი, საღვთისმეტყველო შრომა და ხატმბრძოლთა მწვალებლობის წინააღმდეგ მიმართული ეპისტოლე და აპოლოგია; მის ნაშრომებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს „ცოდნის წყაროს“, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება: „სიბრძნისმეტყველება“ („ფილოსოფიური თავები“), „მწვალებლობათა აღწერა“ და „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა“. საგალობლებს შორის უნდა გამოვყოთ „შენდამი იხარებს, მიმადლებულო“, რომელიც თავისი მარჯვენის სასწაულებრივი განკურნების სამადლობლად შექმნა.

იოანე დამასკელს ხატებზე თავზე სახვევით გამოსახავენ. ეს ის სახვევია, რომელშიც მისი მოკვეთილი მარჯვენა იყო გახვეული და რომელსაც შემდგომში თავზე შემოკრულს ატარებდა ღვთისმშობლის დიდი წყალობის მოსაგონებლად.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.