წმიდა მოწამე ანასტასი
ძვ. 5 დეკემბერი (ახლ. 18 დეკემბერი)

 ტროპარი:

მოწამემან შენმან უფალო (სახელი) ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

 კონდაკი:

ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო (სახელი), სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

წმიდა მოწამე ანასტასის აიგივებენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას მოწამეობრივად აღსრულებულ წმიდა ანასტასისთან, რომლის ხსენებაც 25 ოქტომბერს აღინიშნება.

წმიდა მოწამე ანასტასი ცხოვრობდა მესამე საუკუნის მეორე ნახევარში ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ აკვილეში. მისიონერული მოღვაწეობისას ის შეიპყრეს დალმაციის ქალაქ სალონში და წარუდგინეს მოსამართლეს. თამამად და უყოყმანოდ აღიარა მოწამე ანასტასიმ ქრისტე, როგორც ჭეშმარიტი ღმერთი და შემოქმედი ყველა ქმნილებისა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას მიესაჯა სიკვდილი. სხეული წმინდა ანასტასისა წარმართებმა ჩააგდეს ზღვაში. მართალმა ქრისტიანმა, მდიდარმა მატრონა ასკალოპიამ, მოიძია წმიდანის სხეული და ღირსეულად დაკრძალა მისი ეზოს ეკლესიაში. მოწამის წმიდა ნაწილები მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ.