ტროპარი: ღმერთო მამათაო ჩვენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისაშენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშვიდობით განაგე ცხოვრებაი ჩვენი. |
კონდაკი: სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახვარი ხელთ-იდევ კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთ-მოქმედო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. |
ღირსი ნექტარიოსი ბიტოლიაში, კოზმა და დამიანეს სავანეში მოღვაწე მამამ აღზარდა. ნეტარი წმიდა მთაზე აღიკვეცა ბერად, შემდეგ კი ღირს მამათა, ფილოთეოზ და დიონისე ათონელების მორჩილებაში იმყოფებოდა. წმიდა ნექტარიოსმა იობივით უდრტვინველად დაითმინა მძიმე ხორციელი სნეულებანი და 1500 წლის 5 დეკემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა მამის ოთხი წლის შემდეგ აღმოყვანებული უხრწნელი ნაწილები საოცარ კეთილსურნელებას აფრქვევდა.
ღირსი ფილოთეოზ ათონელი (XV), ღირსი ნექტარიოსის მოძღვარი, ათონზე, კარიესის სავანეში მოღვაწეობდა. წმიდა ცხოვრებისათვის მას უფლისგან განჭვრეტის ნიჭი მიემადლა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.