ტროპარი: მოწამეთა შენმან უფალო ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი. |
|
კონდაკი: ვარსკულავი ელვარე აღმოხედთ, უცთომელ მზესა გვაუწყებთ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულნო ღუაწლით-შემოსილნო, სრულიად დაშრიტეთ სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენთ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხართ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. |
წმიდა მოწამენი: სამოცდაორი ხუცესი და სამასი ერისკაცი აფრიკაში ეწამნენ 477 წელს. იმპერატორ ზენონის (475-491) ზეობისას ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ვანდალთა სამეფოს მმართველმა ჰუნერიხმა (477-484) არიანელ ეპისკოპოსთა თანადგომითა და ხელშეწყობით მართლმადიდებელთა დევნა დაიწყო. როცა მორწმუნეები ერთ-ერთ ტაძარში შეიკრიბნენ საღვთო ლიტურგიის ფარულად აღსასრულებლად, მათ ბარბაროსთა მხედრობა დაესხა თავს. მლოცველთა ნაწილმა გაქცევით უშველა თავს, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში უფრო მტკიცე სამასი ქრისტიანი კი ნებით ჩაბარდა მტერს. უღმრთოებმა ისინი ჯერ აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს. სამოცდაორი ხუცესიდან ორი დაწვეს, სხვებს ენები ამოაჭრეს, მაგრამ, ღვთის მადლით, მათ მაინც განაგრძეს ქადაგება და არიანელთა ცრუსწავლების მხილება.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.