წმიდა სოფრონი, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი (VI)
ძვ. 9 დეკემბერი (ახლ. 22 დეკემბერი)

 ტროპარი:

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღურად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღუდელ-მთავარო სოფრონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 კონდაკი:

საღმრთოჲსა ქუხილისა საყჳრო სულიერო, მორწმუნეთა სიმტკიცეო და განმდევნელო წვალებისაო, სამებისა მსახურო, დიდო მღვდელმთავარო სოფრონი, ანგელოზთა თანა მდგომარეო მარადის, ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათჳს.

წმიდა სოფრონი, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა, კუნძულ კვიპროსზე. იგი მრავალ მეცნიერებას დაეუფლა, მაგრამ ყველაზე მაღლა წმიდა წერილს აყენებდა. უფლის რჩეული გამოირჩეოდა კეთილმსახურებით, გლახაკთმოყვარეობით და ასკეტური ცხოვრებით, რის გამოც უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. კვიპროსის ეპისკოპოსის, წმიდა დამიანეს გარდაცვალების შემდეგ მთელი ხალხის სურვილით დაქვრივებულ კათედრაზე ღირსი სოფრონი აღასაყდრეს. ახალ ხარისხში იგი ბრძნულად და სიყვარულით განაგებდა თავის სამწყსოს. გარდაიცვალა VI საუკუნეში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.