ღირსი სტეფანე ახალგაბრწყინებული (+912)
ძვ. 9 დეკემბერი (ახლ. 22 დეკემბერი)

 ტროპარი:

შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთაისა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო სტეფანე.

 კონდაკი:

სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახვარი ხელთ-იდევ კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთ-მოქმედო მამაო სტეფანე, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

ღირსი სტეფანე ახლადგაბრწყინებული კეთილმსახური კონსტანტინოპოლელი მღვდლის, ზაქარიას ძე იყო. იგი სიყრმიდანვე მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლის დიდი ტაძრის ღვთისმსახურთა დასში. მამის გარდაცვალების შემდეგ ღირსმა სტეფანემ დაყუდებული ცხოვრება იტვირთა და სულ უფრო და უფრო ამკაცრებდა ღვაწლს. ნეტარმა სრულყოფილების ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ უფალმა წმიდა მოციქულ პეტრეს და წმიდა ანტიპას (იხ. 11 აპრილის საკითხავი) ხილვის ღირსი გახადა. წმიდა მამა სქიმაში აღესრულა 912 წელს (სხვა ცნობით, IX საუკუნეში). მას „ახლადგაბრწყინებულს“ უწოდებენ, რადგან ფიცხელი ღვაწლით ძველ მოსაგრეებს მიმსგავსებულმა, დიდი მადლი მოიგო და მათ ბრწყინვალე დასს შეერთო.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.