წმიდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი (+დაახლ. 348)
ძვ. 12 დეკემბერი (ახლ. 25 დეკემბერი)

 ტროპარი:

პირველ კრებასა შინა გამოსჩნდი შენ მბრძოლად ძლიერად, საკვირველთმოქმედო, ღმერთშემოსილო სპირიდონ მამაო ჩვენო, მკუდარსა ჰკითხევდ რა, მეყვსეულად ხმა-გიყო შენ, რამეთუ გველი ოქროდ შესცვალე, და ლოცვათა შენთა ანგელოზნი გაქუნდეს თანაშემწედ და თანამწირველად შენ, ყოვლადსამღდელოო: დიდებაი, რომელმან გადიდა შენ, დიდებაი, რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდებაი, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

 კონდაკი:

სურვილითა ქრისტესითა იღუაწე, ყოვლადსამღდელოო, გონებაი ფრთოვან-ჰყავ და ბრწყინვალებითა საღმრთოთა ხილულისა საქმითა უხილავნი საქმენი ჰპოვენ, ღმრთივსულიერო, რამეთუ მსხვერპლ შეწირულ ღმრთისა იქმენ და კადნიერად მეოხ ხარ ჩუენ ყოველთათვის.

წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა III საუკუნის დასასრულს. მისი ცხოვრების შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის მწყემსი იყო, ჰყავდა ცოლ-შვილი, მთელ თავის სახსრებს შეჭირვებულ ახლობლებსა და მწირებს ახმარდა, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: ნეტარი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხმიდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) ზეობისას, სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უფლის რჩეულს ამის შემდეგაც არ შეუცვლია ცხოვრების წესი. საეკლესიო ისტორიკოსების მოწმობით, წმიდა სპირიდონი 325 წელს პირველი მსოფლიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა. კრებაზე მღვდელმთავარი სიტყვიერ პაექრობაში ჩაერთო ბერძენ ფილოსოფოსთან, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. უფლის რჩეულის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახა კაცობრივი ამაოდბრძნობის უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე: „მისმინე, ფილოსოფოსო, რას გეტყვი: ჩვენ გვწამს, რომ ყოვლადძლიერმა უფალმა თავისი სიტყვით არაფრისგან შეჰქმნა ზეცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა და შემდეგ აღსდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა რა პირველქმნილი ცოდვა და თანა აღადგინა ადამიანთა მთელი მოდგმა. გვწამს, რომ იგი თანაარსი და თანასწორია მამისა“. მღვდელმთავართან საუბრის შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე დამცველი გახდა. მან თავის მეგობრებს უთხრა: „სანამ არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთებების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლური გახდა, რადგან ადამიანს არ ძალუძს ღმერთს წინ აღუდგეს. თუ რომელიმე თქვენთაგანს შეუძლია, ისევე იფიქროს, როგორც მე ვფიქრობ, ირწმუნოს ქრისტე და ჩემთან ერთად შეუდგეს ამ ბერს, ვისი ბაგეებითაც თვით უფალი მეტყველებდა“.

მღვდელმთავარი სიყვარულით ზრუნავდა თავის სამწყსოზე. მისი ლოცვებით გვალვას განმაცხოველებელი წვიმა ცვლიდა, გადაუღებელი წვიმების შემდეგ კი ცა იწმინდებოდა, სნეულები იკურნებოდნენ, ეშმაკები განიდევნებოდნენ. ერთხელ წმიდანთან მივიდა ქალი მკლავებზე დასვენებული მკვდარი ჩვილით და შემწეობა ითხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა. ერთხელ წმიდა სპირიდონის ერთი მეგობარი უსამართლოდ განსაჯეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად წმიდანმა ქრისტეს სახელით შეაჩერა ადიდებული მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაული, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარიც გაათავისუფლა.

წმიდა სპირიდონის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაა ცნობილი: ერთხელ იგი ცარიელ ტაძარში შევიდა, კანდელებისა და სანთლების ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როცა წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა“, მას და დიაკონს ზევიდან დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ: „და სულისაცა შენისათანა“. კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: „უფალო, შეგვიწყალენ“. ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისკენ გაეშურნენ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ უფლის სახლს, ხმა მით უფრო ძლიერდებოდა. მაგრამ, როცა ტაძარში შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამოდენიმე ღვთისმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა, რამაც ყველანი განაცვიფრა.

წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი - ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერი - მას პატრიარქ აბრაამს ადარებს სტუმართმოყვარეობით. სოზომენე კი თავის „საეკლესიო ისტორიაში“ ასეთ საკვირველ ამბავს მოგვითხრობს წმიდა მღვდელმთავრის ცხოვრებიდან: დიდმარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახლს მწირი მიადგა: მგზავრი ძალიან დაქანცული ჩანდა, ამიტომ მეუფემ ასულს მიმართა: „სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადე“. ქალიშვილმა უპასუხა, სახლში არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა, გადანახული დამარილებული ღორის ხორცი შეეწვა. მეუფემ მწირს მაგიდასთან მოუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძზე უარი განაცხადა. მასპინძელმა კი უპასუხა: მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა: „ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის“ (ტიტ. 1,15).

სოზომენეს მიერ მოთხრობილი სხვა ისტორიაც მეტად დამახასიათებელია წმიდა სპირიდონისათვის. ნეტარს ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისთვის დაერიგებინა, ნაწილი კი - სესხად გაეცა. თავად მღვდელმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ მიანიშნებდა ხოლმე ბეღლისაკენ, სადაც ყველას შეეძლო აეღო, რამდენიც სურდა, შემდეგ კი, ამგვარადვე, ზედამხედველობის გარეშე, დაებრუნებინა.

სოკრატე სქოლასტიკოსის ცნობით, ერთხელ ქურდებს წმიდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განუზრახავთ და ბნელ ღამეში ფარეხში გადაპარულან, მაგრამ უჩინარ ძალას ისინი იქვე შეუბოჭავს. დილით მეუფე ფარასთან მისულა, ავაზაკები გაუთავისუფლებია და დაურწმუნებია დაეგდოთ უსჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით მოეპოვებინათ. ბოლოს კი ორივესთვის თითო ცხვარი უჩუქნია.

წმიდა სპირიდონის მთელი ცხოვრება საკვირველი უბრალოებითა და უფლის ძალით აღსრულებული სასწაულებით იყო გაბრწყინებული. ნეტარმა სპირიდონმა სიმართლითა და სიწმიდით გაატარა მიწიერი ცხოვრება და დაახლოებით 348 წელს მშვიდობით მიიცვალა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები - გარდა მარჯვენისა, რომელიც რომშია დაცული, - კუნძულ კორფუზე, მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. წმიდა მღვდელმთავარს ეკლესია ყველიერის შაბათსაც იხსენიებს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

წმიდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი (+დაახლ. 348)

წმინდა სპირიდონი დაიბადა კუნძულ კვიპროსზე, ტრიმიფუნტის ოლქის სოფელ ასკიაში, რომელიც ლევკუსიასა და ამოხოსტს შორის მდებარეობდა, დაახლოებით 250-60 წლებში. როგორც ჩანს, იმ დროსათვის საკმაოდ კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ცხვრის ფარას მწყემსავდა, სასულიერო წიგნების კითხვა შეეძლო. იგი ბავშვობის ასაკიდანვე კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო. განსაკუთრებით გამოირჩეოდა უპოვართა მიმართ სიბრალულითა და სტუმართმოყვარეობით, რითაც აბრაამსა და ლოთს მოგაგონებდათ. ღრმად ჰქონდა გულში ჩაბეჭდილი მოციქულ პავლეს სიტყვები: „კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა” (ებრ. 13,16).

სასულიერო წიგნების კვლევამ და გულწრფელმა ღმრთისმოსაობამ წმინდანი ცოდნასა და ქრისტიანულ სარწმუნოებაში განამტკიცა. წმინდა სპირიდონი შორს იყო ყოველგვარი ვნებისაგან (ვეცხლისმოყვარეობა, სიამაყე, ტყუილი, უქმისმეტყველება, სიხარბე და სხვა). იგი ყოველთვის კეთილგანწყობილი, თავაზიანი, თბილი, თავმდაბალი და სამართლიანი იყო, რის გამოც მუდმივად ჭეშმარიტი ღმრთიური ნათლით ბრწყინავდა; ყოველთვის გამოხატავდა სიყვარულს ღმრთისადმი და მოყვასისადმი. იგი დღენიადაგ შრომობდა და თავისი შრომის ნაყოფით ობლებს, ქვრივებს, ღარიბებს, ხეიბრებს ეხმარებოდა. მას ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისათვის დაერიგებინა, ნაწილი კი სესხად გაეცა. თავად მღვდელმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ ხელს გაიშვერდა ხოლმე ბეღელისაკენ, საიდანაც ვისაც რამდენი უნდოდა, იმდენს იღებდა, ხოლო შემდეგ ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე აბრუნებდა. ყოველივე ამას სიმდაბლით აკეთებდა და სხვებს მაგალითს აძლევდა. ზრუნავდა როგორც მოყვასზე, ასევე თავის მამულზე და ცხვრის ფარაზეც.

წმინდა სპირიდონი დაქორწინებული იყო ერთ პატიოსან, სათნო ქალზე, რომლისგანაც ქალიშვილი შეეძინა და სახელად ირინე უწოდა. ქრისტიანი წყვილი ღმრთის მცნებებით ცხოვრობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, წმინდა სპირიდონის მეუღლე ადრევე გარდაიცვალა და წმინდანს თავად მოუხდა ქალიშვილზე ზრუნვა.

წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი - ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერელი - სტუმართმოყვარეობით მას პატრიარქ აბრაამს ადარებს. სოზომენი კი თავის საეკლესიო ისტორიაში წერს: დიდი მარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა წმიდა სპირიდონის სახლს მწირი მოადგა. მეუფემ ასულს მიმართა: „სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადე“. მარხვის გამო საკვები მომარაგებული არ იყო, რადგან მღვდელმთავარი საზრდელს მხოლოდ გარკვეულ დღეებში იღებდა, ამიტომაც ქალიშვილმა მიუგო, არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა, გადანახული დამარილებული ღორის ხორცის მოტანა დაავალა. მეუფემ მწირს მაგიდასთან მიუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძებზე უარი თქვა; მასპინძელმა მიუგო: „მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა: „რამეთუ ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის“ (ტიტე 1, 15). აი, ამგვარად გამოხატა მან ჭეშმარიტი რწმენის ძალა და ღირსება.

წმინდა სპირიდონი იმ ეპოქაში ცხოვრობდა, როდესაც ქრისტიანებს რომის იმპერატორები არაადამიანურად დევნიდნენ. გადმოცემის მიხედვით მაქსიმიანეს (308-313 წ.წ.) დროინდელი დევნისას, იგი დაჭერილი იყო და გათავისუფლდა მილანის ედიქტის (313 წ.) მიღების შემდეგ, რომლის ძალითაც ქრისტიანთა დევნა შეწყდა. დასავლეთის ეკლესიაც აღიარებდა მას, როგორც მაქსიმიანეს, ასევე გალერიუსისა და დიოკლეტიანეს (303 წ.) ეპოქის დროინდელ მოწამედ. დასავლელი ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ წმინდა სპირიდონი მღვდლად კურთხევამდე (305 წ.) მრავალი წელი იყო კატორღაზე მაღაროებში, სადაც ბევრი ტანჯვა გადაიტანა.

წმინდა სპირიდონს თვითონაც სურდა სრულად მიეძღვნა თავი ეკლესიისათვის და თავისი ქალიშვილიც, რა თქმა უნდა, მისივე თანხმობით, ეკლესიას მიუძღვნა. იგი შეუერთდა სასულიერო დასს: ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო შემდეგ - მღვდელმონაზვნად. წმინდა სპირიდონი სამაგალითო სასულიერო პირი იყო და ამიტომ მრევლის პატივცემას იმსახურებდა. იმდენად ღირსეულად ასრულებდა მღვდლის მოვალეობას, რომ როდესაც ტრიმიფუნტის საეპისკოპო ტახტი გათავისუფლდა, ახალ ეპისკოპოსად თავმდაბალი და მოშურნე სპირიდონი აირჩიეს. ეპისკოპოსის ხარისხში მისი სათნოებები გამრავლდა. ანგარება და სულმდაბლობა მისთვის სრულიად უცხო იყო. მუდმივ, მძიმე ღვაწლს იგი სიწმინდისაკენ მიჰყავდა. სიცოცხლის ბოლომდე წმინდა სპირიდონის თავსაბურავი იყო უბრალო, ფინიკის რტოებისგან დაწნული მწყემსის ქუდი, რომელიც ბავშვის ქუდის მაგვარია. მონაზვნების კუნკულ-ბარტყული აქედან მოდის.

წმინდა სპირიდონი ეპისკოპოსად 325 წელს დაადგინეს და როგორც ტრიმიფუნტის ეპისკოპოსი, პირველ მსოფლიო კრებაზე მიიწვიეს. მანაც მიიღო ეს მოწვევა, რათა ემხილებინა და დაეგმო არიოზის მწვალებლობა. კრება 325 წლის 20 მაისს დაიწყო. მასში, ეკლესიის 318 ღმერთშემოსილი მამის გარდა, კონსტანტინე დიდის მიერ გამოცემული სამეფო დეკრეტის საფუძველზე, მონაწილეობდნენ საქვეყნოდ აღიარებული ფილოსოფოსებიც. მათ შორის იყო სახელგანთქმული რიტორი, არიოზის მიმდევარი - ევლოღიც. არიოზის მიერ იერარქთა არგუმენტების გამომწვევად და მოხერხებულად მოგერიებამ განარისხა წმინდა სპირიდონი. იგი, ანთებული ჭეშმარიტი დოგმატებისადმი სიყვარულით და აღჭურვილი ღმრთისადმი რწმენითა და სასოებით, აუღელვებლად აღუდგა წინ ევლოღის. ზოგიერთი მართლმადიდებელი მას ურჩევდა, კამათში ღრმად არ შესულიყო, მაგრამ წმინდანი მტკიცე რწმენით ჩაება დიალოგში და ევლოღი მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოაქცია. წმინდა სპირიდონს თავადაც ურყევად სწამდა და სხვებსაც ასე ასწავლიდა, რომ მწვალებლობა არასოდეს მიიყვანს თავის მიმდევრებს ღმრთის სასუფევლამდე, რადგან იგი წმიდა სამებისაგან განდგომაა.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იმისათვის, რომ წმინდა სპირიდონს დაეცვა და თვალსაჩინოდ ეჩვენებინა წმიდა სამების შესახებ სწორი სწავლება, აგური აიღო და ხელი მაგრად მოუჭირა, რის შედეგადაც ხელს ზემოთ ცეცხლის ალი ავარდა, ქვემოთ - წყალი ჩამოიღვარა, ხოლო მის კურთხეულ ხელში კი თიხა დარჩა. ამასთანავე წმინდა სპირიდონმა განმარტა, რომ, როგორც აგურში თანამყოფობენ ცეცხლი, წყალი და თიხა, ასევე თანამყოფობენ წმინდა სამებაში მამა, ძე და სულიწმიდა.

არიანელები იძლივნენ და მამებმა მრწამსის პირველი შვიდი პუნქტი დაადგინეს. კრება მართლმადიდებელთა და მათი უშიშარი მცველის - წმინდა სპირიდონის გამარჯვებით დასრულდა, რაც, ყველაფერთან ერთად, განაპირობა მის მიერ მოხდენილმა სასწაულმაც, რომელსაც ეკლესია ტროპარში უგალობს: „გამოსჩნდი შენ მბრძოლად მწვალებელთა პირველსა შინა კრებასა და საწაულთმოქმედ-იქმენ, ღმერთშემოსილო სპირიდონ, მამაო ჩუენო...“. პირველი მსოფლიო კრების დასრულების (ჩვ.წ. 325 წ.) შემდეგ წმინდა სპირიდონის ერთადერთი ქალიშვილი - ირინე გარდაიცვალა. ეს ამბავი წმინდანმა ნიკეიდან ტრიმიფუნტში დაბრუნებისთანავე შეიტყო და, რადგან მტკიცედ სწამდა, რომ მიწიერი ცხოვრება მხოლოდ მარადიული, ზეციური ცხოვრებისათვის სამზადისია, მწუხარება ქრისტიანულად მიიღო და გადაიტანა.

ერთხელ მეუფესთან ერთი ქალი მივიდა, რომელსაც მისი ქალიშვილისათვის, როგორც სანდო ადამიანისთვის, შესანახად ძვირფასი სამკაული მიებარებინა და, როდესაც ირინეს გარდაცვალების ამბავი შეიტყო, მიბარებულის დაბრუნება წმინდა სპირიდონს მოსთხოვა. წმინდანმა ბევრი ეძება სამკაული, მაგრამ ვერსად მიაგნო და ბოლოს რამდენიმე მეგობართან ერთად ირინეს საფლავზე წავიდა. მამამ ქალიშვილს სახელით მიმართა და მანაც პასუხი გასცა; შემდეგ წმინდანმა ჰკითხა, თუ სად ჰქონდა შენახული მიბარებული სამკაული და ირინემაც აუხსნა სამალავის ადგილმდებარეობა. სპირიდონი დაემშვიდობა მას და „საყოველთაო აღდგომამდე” განსვენება უსურვა. ამ ამბავს გრიგოლ ღმრთისმეტყველიც იხსენებს.

ერთხელ კვიპროსზე საშინელი გვალვები დაიჭირა, რაც მოსახლეობას შიმშილობას უქადდა. წმიდა სპირიდონმა, წინასწარმეტყველ ელიას მსგავსად, ლოცვით მოიყვანა წვიმა, რომელიც შემდგომ მხოლოდ მისი ლოცვითვე შეწყდა. რამდენიმე წლის შემდეგ ერის ცოდვის გამო შიმშილობა ჩამოვარდა, რამაც პურის ვაჭრების სიხარული გამოიწვია, რადგან მათ პურის მაღალ ფასებში გაყიდვა შეეძლოთ. იმ დროს ტრიმიფუნტში ერთი ძალზე ძუნწი პურით მოვაჭრე ცხოვრობდა, რომელმაც სხვა ქვეყნებში დიდძალი პური შეიძინა, გემებით მშობლიურ ქალაქში ჩამოიტანა, ბეღლებში შეინახა და პურის კიდევ უფრო გაძვირებას დაელოდა. მან პურის გაყიდვა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ამ დროს მასთან ერთი ღარიბი კაცი მივიდა პურის სათხოვნელად, რათა ის და მისი ცოლ-შვილი შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ხარბი ვაჭარი კი უფულოდ არაფერს იძლეოდა. ღარიბმა წმიდა სპირიდონს მიმართა. ეპისკოპოსმა იგი დაამშვიდა და უთხრა: ნუ ტირი, სახლში წადი, სულიწმიდამ მაუწყა, რომ ის ვაჭარი მალე თვითონ მოგადგება პურის სათხოვნელადო. მართლაც, იმავე ღამეს საშინელი წვიმა წამოვიდა, ნიაღვარმა ბეღლებიდან პური ქალაქის ქუჩებში გაიტანა და იქ ღარიბმა ხალხმა მისი შეგროვება დაიწყო. პურის ვაჭარი კი თავისი სახლეულით ქუჩაში დარბოდა და ხალხს ევედრებოდა, დახმარებოდნენ, რათა ღატაკად არ ქცეულიყო. ბოლოს იგი იმ ღარიბ კაცსაც მიადგა, რომელსაც დახმარების ხელი არ გაუწოდა და პური სთხოვა. თუმცა ამ შემთხვევამ ჭკუა ვერ ასწავლა - მას სხვა ბეღლებიც ჰქონდა.

ერთხელ მასთან ერთი მიწათმოქმედი მივიდა პურის სასესხებლად იმ პირობით, რომ მოსავლის აღების დროს ჩაასესხებდა. ვაჭარმა ფული მოსთხოვა. მიწათმოქმედი ატირებული მიადგა წმიდა სპირიდონს, რომელმაც იგი დაამშვიდა და სახლში გაგზავნა. მეორე დილას კი მთელი ზოდი ოქრო თავად მიუტანა და უთხრა: „წაუღე ეს ოქრო ვაჭარს და გამოართვი იმდენი პური, რამდენიც გსურს, ხოლო რაცა მოსავალს აიღებ, პური ჩაასესხე და ოქრო უკან მოიტანეო“. როდესაც მიწათმოქმედმა მას ოქრო დაუბრუნა, წმიდა სპირიდონმა მიუგო: „წავიდეთ, ძმაო, და ეს ოქრო კვლავ მას დავუბრუნოთ, ვინ იგი გვიბოძა“. ისინი ბაღში შევიდნენ. წმიდანმა ოქრო მიწაზე დადო და ილოცა: „უფალო ჩემო, იესო ქრისტე, რომელმან ყოველივე შენი ნებით ქმენ, რომელმან ფარაონის თვალწინ მოსეს კვერთხი გველად აქციე, ინებე, რათა ეს ოქრო ისევ იმ ცხოველად იქცეს, რომელიც შენ ოქროდ გარდაჰქმენ“. ამ სიტყვებზე ზოდი შეინძრა და გველად იქცა, რომელიც სწრაფად გასრიალდა. ამის შემხედვარე მიწათმოქმედმა კანკალი დაიწყო, მიწაზე დაეცა და იძახდა: მე ამ სასწაულის ხილვის ღირსი არა ვარო.

ერთხელ, ისევე როგორც მრავალჯერ, წმინდა სპირიდონი გაჭირვებულის დასახმარებლად მიიჩქაროდა. გზად ერთი მდინარე უნდა გადაელახა, მაგრამ ძლიერი წვიმების გამო იგი ადიდებულიყო და მისი გადალახვა შეუძლებელი გამხდარიყო. მდინარის პირას, ამაღლებულ ბორცვზე, მგზავრებს მოეყარათ თავი და მდინარეზე გადასასვლელად ხელსაყრელ შემთხვევას ელოდებოდნენ. ამ დროს წმინდა სპირიდონიც მივიდა და შეებრალა იქ მყოფი ხალხი, წვიმაში რომ სველდებოდა, ასევე - თავისი მეგობარიც, რომელიც მას ელოდებოდა. წმინდანმა ილოცა და კაცთმოყვარე ღმერთს მხურვალედ შესთხოვა დახმარება. შემდეგ მდინარეს შეჩერება უბრძანა. წყლის დონემ და სიჩქარემ მაშინვე სასწაულებრივად დაიკლო და არა მარტო მან, არამედ ყველა იქ მყოფმა სრულიად უსაფრთხოდ ფეხით გადალახა მდინარე, თან ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს, რომლმაც წმინდა სპირიდონის ლოცვა შეისმინა და ყველანი ასეთი სასწაულის ხილვის ღირსი გახადა. წმინდანიც ადიდებდა ღმერთს, რადგან, რომ დაეგვიანა, მის მეგობარს, რომელიც სასამართლო შეცდომის მსხვერპლი გამხდარიყო, სიკვდილს მიუსჯიდნენ. ადგილობრივი მმართველი ამ სასწაულმა ისე განაცვიფრა, რომ უსამართლოდ დატყვევებული მაშინვე გაათავისუფლა.

წმინდა სპირიდონის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაცაა ცნობილი: ერთხელ იგი ცარიელ ტაძარში შევიდა, სანთლებისა და კანდელის ანთება ბრძანა და ღმრთისმსახურება დაიწყო. როდესაც წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა“, მას და დიაკონს დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ: „და სულისაცა შენისა თანა.“ შემდეგ კი კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: „უფალო, შეგვიწყალე!“ ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფნი. ისინი ტაძრისაკენ გაეშურნენ, მაგრამ როცა შიგნით შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამდენიმე მღვდელმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა.

ერთხელ, უმთვარო, ღრუბლიან ღამეს, საქონლის ბაგაში ქურდები შეიპარნენ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა სპირიდონი სახლში არ იმყოფებოდა, ქურდებმა მიზანს ვერ მიაღწიეს. ღმერთმა იზრუნა თავის სამწყსოზე. მაინც რა მოხდა? ქურდები ზეციური ძალის მიერ უხილავი თოკებით შეიკრნენ. მათი მცდელობა, როგორმე დაეღწიათ თავი ტყვეობისაგან, უშედეგო აღმოჩნდა. გამთენიისას წმინდანიც დაბრუნდა და ბაგაში შევიდა. იქ კი მაგრად გაკოჭილი ქურდები ნახა. სანამ გაუშვებდა, ქრისტეს სიტყვისაებრ - „გიყუარდედ მტერნი თქუენნი” (მათე 5,44) - მშვიდად დაარიგა, მთელი ღამის უძილობით დატანჯულებს საჩუქრები დაურიგა და მამობრივი სიყვარულით გაისტუმრა.

სანამ ანტიოქიას დატოვებდა, წმინდანმა კიდევ ორი სასწაული მოახდინა. ერთ ქალს მან გარდაცვლილი შვილი მკვდრეთით აღუდგინა. როცა ცოცხალი შვილი იხილა, უსაზღვრო სიხარულისაგან დედაც გარდაიცვალა. ქალის მეზობლებმა წმინდანს ვედრება დაუწყეს, რათა მას დედაც აღედგინა. წმინდანმა უპასუხა: ღმრთისაგან ძალზე ბევრს ვთხოულობთო; მაგრამ გულგრილი მაინც ვერ დარჩა, მუხლმოდრეკილმა მოწყალე ღმრთის მიმართ მხურვალედ ილოცა და გარდაცვლილი ქალიც გაცოცხლდა. მკვდრეთით აღმდგარი დედა-შვილი ადიდებდა ღმერთს და მადლობდა წმინდა სპირიდონს.

იმ დროს, როდესაც ტრიმიფუნტში წმინდა სპირიდონი მღვდელმთავრობდა, ალექსანდრიის პატრიარქმა კრება მოიწვია, რათა ყველა ის კერპი დაემხო, რომლებსაც ალექსანდრიაში ზოგიერთები ჯერ კიდევ სცემდნენ თაყვანს. პატრიარქს ღმრთისაგან ეუწყა, რომ კერპების განადგურებას მხოლოდ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსი სპირიდონი შეძლებდა. იმავე წამს მან ოფიციალური მოწვევა შეადგინა და წმინდა სპირიდონს გაუგზავნა. მანაც არ დაახანა და ალექსანდრიაში ჩავიდა. როგორც კი წმინდანმა ნავსადგურში ფეხი დადგა, ჰოი საოცრებავ! იმავე წამს, უხილავი ძალით, კერპები მაშინვე ძირს გადმოცვივდნენ და დაიმსხვრნენ. შეიტყო თუ არა მომხდარის შესახებ, პატრიარქი, ამალასთან ერთად, მაშინვე ნავსადგურისაკენ გაემართა სასწაულთმოქმედ სპირიდონთან შესახვედრად. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი გააოცა არა მარტო ეგვიპტეში, არამედ კონსტანტინოპოლშიც და წმინდა წერილის სიტყვები დაადასტურა: „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა” (ფს. 67,34).

სასწაული წმინდა სპირიდონისათვის წარმოადგენდა არა მხოლოდ მწვალებელთა წინააღმდეგ მიმართულ, არამედ სნეულთა განკურნების, მკვდართა აღდგინებისა და სხვა მრავალი სიკეთის აღსრულების იარაღს. წმინდა სპირიდონის სასწაულებით აღსავსე ცხოვრება მანამდე გრძელდებოდა, სანამ კაცთმოყვარე ღმერთმა მას ზეციურ ცხოვრებაში გადასვლის შესახებ არ აუწყა. ერთხელ, მკის სეზონზე, როდესაც წმინდანი სხვებთან ერთად მინდორში მუშაობდა, მიუხედავად კარგი, მზიანი ამინდისა, უეცრად მოიღრუბლა და წვიმა წამოვიდა. წვიმის წვეთები მხოლოდ წმინდა სპირიდონს ეცემოდა თავზე და ასველებდა. წმინდანის თმა მოულოდნელად სამ ფერად: თეთრად, შავად და ოქროსფრად შეფერადდა. გარშემო მყოფები გაოცდნენ, მაგრამ წმინდანმა აუხსნა: „მეგობრებო, გაუწყებთ, რომ მალე ჩემი სული სხეულს დატოვებს. ღმერთი ჩემი გარდაცვალების დღეს განადიდებს და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამ დღეს ზეიმით აღნიშნავენ”. მართლაც, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ღმრთის მადლით ეს ყოველივე ახდა და საუკუნეების მანძილზე მისი სახელი სხვა წმინდანებთან ერთად განიდიდება.

წმინდა სპირიდონი აღესრულა ქრისტეშობიდან 348 ან 350 წელს. იგი დაკრძალეს ქ. ტრიმიფუნტის მოციქულთა სახელობის ტაძარში. გარდაცვალებიდან ერთი საუკუნის შემდეგ მისი სხეული საფლავიდან ამოაბრძანეს. საფლავის გარშემო არნახული კეთილსურნელება იდგა. უფალმა კეთილმორწმუნე მრევლს წმინდანის უხრწნელი სხეული მიჰმადლა და მათაც შესაფერისი პატივი მიაგეს მას და ტაძარს მისი სახელი მიანიჭეს. მისი უხრწნელი სხეული სასწაულთმოქმედების ძალას დღემდე ინარჩუნებს.

მართლმადიდებელი ეკლესია წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს ძვ.სტ. 12 დეკემბერს/ახ.სტ. 25 დეკემ. აღნიშნავს. წმინდა მღვდელთმთავარს ეკლესია ყველიერის შაბათსაც იხსენებს (ხს. ყოველთა ღირსთა მამათა, ღუაწლით გაბრწყინვებულთა)

კვიპროსელები დიდი მოწიწებითა და სიყვარულით იყვნენ განმსჭვალულნი საკუთარი თანამემამულე მღვდელმთავრის მიმართ და მისი წმინდა ცხოვრებისა და უხრწნელი ნაწილების გამო, რომლებსაც თითქმის სამი საუკუნე ტრიმიფუნტში ინახავდნენ, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. არაბთა თავდასხმების შედეგად, კვიპროსზე ვითარება შეიცვალა და წმინდანის ნაწილები, მეტი უსაფრთხოებისათვის კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. ცნობილია, რომ მე-XI-XII ს.ს.-ში წმინდანის უხრწნელი ნაწილები ესვენა წმ. სოფიას ტაძარში, სადაც წირავდნენ პატრიარქები და მსახურებებს იმპერატორები ესწრებოდნენ. აქვე აღინიშნებოდა წმ. სპირიდონის დღესასწაული ორდღიანი ლოცვებითა და ლიტანიით. ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლში წმინდანის სხეულიდან გამოაცალკევეს მარჯვენა ხელის მტევანი და 1592 წ. რომის პაპს კლიმენტი VIII-ს გაუგზავნეს.

მრავალწლიანი ბრძოლების შედეგად თურქებმა ბიზანტიის აღმოსავლეთ ტერიტორიებისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი დაიპყრეს, გარშემოერტყნენ კონსტანტინოპოლს და 1453 წლის 29 მაისს, იმპერატორ კონსტანტინე XI პალეოლოგის მამაცური წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალაქი აიღეს. მღვდელმა გიორგი პოლიევქტოსმა ღმრთის შეწევნით მოახერხა წმ. სპირიდონის, ასევე იმპერატორ თეოფილეს მეუღლისა და იმპერატორ მიქაელ III-ის დედის - დედოფალ თეოდორას წმინდა ნაწილები და ტომრებში მოთავსებული სიწმინდე სხვა ბარგთან ერთად ურემზე დაასვენა და ასე, დიდი ტანჯვა-წამებით, სამშვიდობოს გააღწია. იგი ჯერ პატარა ქალაქ პარამითიაში ჩავიდა, ხოლო შემდეგ, 1456 წელს - კუნძულ კერკირაზე, რომელიც 1386 წლიდან ვენეციელებს ჰქონდათ დაპყრობილი. აქ, ამ კუნძულზე, მამა გიორგიმ, ისევე როგორც მრავალმა სხვა დევნილმა ბერძენმა, კარგი თავშესაფარი იპოვა.

წმ. სპირიდონი ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო კრების დროიდან იყო ცნობილი, როგორც სასწაულთმოქმედი, ამიტომ როდესაც 1456 წ. კერკირაზე მისი უხრწნელი ნაწილები ჩააბრძანეს, მთელი კუნძული უსაზღვრო სიხარულმა მოიცვა. ხალხმა ეს ფაქტი ღმრთის წყალობად აღიქვა. კერკირას ეკლესიის ხელმძღვანელობამ (იმ დროს პირველიერარქი იყო ანდრია სოტერიანოსი, 1452-1472 წ.) წმ. სპირიდონისა და წმ. დედოფალ თეოდორას უხრწნელი ნაწილები წმ. ათანასეს სახ. ტაძარში (დღეს აღარ არსებობს) დააბრძანა. 1489 წ. წმ. სპირიდონის უხრწნელი ნეშტი რამდენიმე თვით წმ. ლაზარეს სახელობის ტაძარში, ხოლო შემდეგ მთავარანგელოზთა სახ. ცნობილ ტაძარში (განადგურდა 1940 წ. საჰაერო დაბომბვისას) გადაასვენეს. ტაძრის კურთხევა შედგა 1589 წელს, სწორედ იმ დღეს, როდესაც გარიციდან წმინდანის უხრწნელი ნაწილები გადმოაბრძანეს. მართლმადიდებლობისათვის მებრძოლი წმინდანისადმი ეკლესიის განსაკუთრებული პატივისცემის გამოსახატავად (და აგრეთვე იმისათვის, რომ ტაძარი პაპისტების ხელყოფისაგან დაეცვათ), იგი მსოფლიო საპატრიარქომ სტავროპიგიალურად გამოაცხადა.

1577 წლის 4 დეკემბერს ვენეციის სახელმწიფომ ვულგარისების ოჯახს წმინდა სპირიდონის სახელზე ტაძრის ასაშენებლად ქალაქის ცენტრში ნაკვეთი გამოუყო. ტაძარი, რომელიც მაშინ აშენდა, არის რიგით მეექვსე, რომელმაც წმინდა სპირიდონს კუნძულ კერკირაზე უმასპინძლა, და რომელშიც დღემდეა დაბრძანებული წმინდანის უხრწნელი სხეული. ადგილობრივი მოსახლეობის კეთილმორწმუნეობამ და წმინდანის სასწაულებმა, რომლებიც ღრმად აღიბეჭდა ქრისტიანთა სულებში, ტაძრის მშენებლობაში ხალხის მხურვალე და საყოველთაო მონაწილეობა განაპირობა. ისტორია გვამცნობს, რომ მასში კერკირელთა გვერდით სხვა ეროვნების ქრისტიანებიც მონაწილეობდნენ. შუა საუკუნეებში კერკირას მეორე სახელი -კორფუ - ეწოდა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა მას მაინც უძველესი სახელით მოიხსენებს (კუნძული მდებარეობს იონიის ზღვაში-ადრიატიკის ზღვის სამხრეთით (სიგრძე 61 კმ., სიგანე 9 კმ., ფართობი 593 კვ.კმ., ყველაზე მაღალი წერტილი-906 მ., მოსახლეობა-113 000, კუნძულის ცენტრი-ქ. კორფუ. თუმცა ბერძნები კუნძულს კვლავ კერკირას ეძახიან, სხვები კი კორფუს, ანუ მწვერვალებს და იმ ორ ციხესიმაგრეს გულისხმობენ, რომლებიც გარს ერტყმის ძველ ქალაქს. გადმოცემის მიხედვით აქ ერთ დროს თავს აფარებდნენ კოლხეთიდან გამოქცეული მედეა და იაზონიც. კუნძული უკვე ბრინჯაოს ხანიდან იყო დასახლებული. გარკვეული ხნის მანძილზე კუნძული წარმოადგენდა ცალკე რესპუბლიკას ინგლისის პროტექტორატის ქვეშ. დიდი ხანი კორფუ იყო ვენეციის გავლენის ქვეშ. შესაბამისად ქ. კორფუს არქიტექტურა არის ვენეციური და საბერძნეთის სხვა ქალაქებისგან ძლიერ განსხვავდება. კუნძულზე მთავარი რელიგია მართლმადიდებლური ქრისტიანობაა. კუნძულზე არის 600-დე ეკლესია, ვლაქერნის და „პანაღია მირტიოტიცას” მონასტრები და წმ. დედოფალ თეოდორას საფლავი.).

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი სხეული, რომელიც დაბრძანებულია სარკოფაგით ქ. კორფუს მთავარ ტაძარში, კუნძულის უდიდეს სიწმიდეს წარმოადგენს, მფარველმა წმინდანმა მრავალჯერ იხსნა კუნძული სხვადასხვა განსაცდელებისგან: ოთხჯერ სტიქიური უბედურებისგან, ორჯერ შავი ჭირისაგან, ერთხელ შიმშილისაგან, და ერთხელაც თურქთა შემოსევისაგან. კუნძული კერკირა იყო საბერძნეთში ერთადერთი ტერიტორია, რომელიც თურქებმა ვერ დაიპყრეს. 1716 წ. თურქთა ურიცხვ ლაშქარს, რომელიც კუნძულის დაპყრობას აპირებდა, ცაში, კუნძულის თავზე გამოეცხადათ ბერი, რომელსაც ხელთ ცეცხლოვანი მახვილი ეპყრა. შეშინებულმა თურქებმა სასწრაფოდ დატოვეს ის ტერიტორია და მხოლოდ შემდეგ შეიტყვეს, რომ კუნძულის მფარველი წმ. სპირიდონი იყო. ამის შემდეგ კუნძულ კერკირას მოსახლეობამ თავისი წმინდა მფარველისადმი მადლიერების გამოსახატავად დააწესა ლიტანიები (წმინდანის უხრწნელ სხეულს მინის ლუსკუმით გამოაბრძანებენ და კუნძულს შემოატარებენ), რომლებიც დღემდე არ შეუწყვეტია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ოთხი ლიტანია, რომლებიც თავისი ორგანიზებულობითა და ხალხმრავლობით ყველაზე გამორჩეულია მთელს ბერძნულ სამყაროში. მორწმუნეები მათზე დასასწრებად არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან. ყველანი გაოცებული რჩებიან წმინდანის უხრწნელი სხეულის ხილვით. ტრადიციის მიხედვით, ლიტანიის დროს მღვდელი ხელს ჩაჰკიდებს ხოლმე წმინდა სპირიდონის უხრწნელ ხელს და ასე დაჰყვება წმინდანს მსვლელობის დასრულებამდე; და ეს 300 წლის მანძილზე ყოველწლიურად ხდება. ცხადია, რომ უხრწნელობას წმინდანის სხეული მხოლოდ მისი სასწაულებრივი თვისებების გამო ინარჩუნებს. წმინდანის სხეულს აკლდა მარჯვენა მტევანი, რომელიც 1984 წლის 10 დეკემბერს მიტროპოლიტ ტიმოთესა და მისი წინამორბედის - ნეტარხსენებული პოლიკარპეს მოწადინებით რომიდან კერკირაზე გადმოაბრძანეს.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. მისი უხრწნელი სხეული ყოველთვის იწვევდა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას. ემანუელ თეოტოკისი კერკირას ისტორიისადმი მიძღვნილ წიგნში წმინდანის უხრწნელი სხეულის შესახებ წერს: “(სხეული) რბილი და ელასტიურია, გამოსცემს კეთილსურნელებას, იგი უხრწნელია. როდესაც მის სხეულს ლიტანიობისას მინის ლუსკუმით გამოაბრძანებენ, წმინდანის სახის ნაკვთები ფართოვდება”. სხეული დღესაც უხრწნელად ინახება. სხეული ცოცხალივით გამოიყურება, თითის შეხებისას იზნიქება და შემდეგ ისევ სწორდება. წელიწადში 3-4-ჯერ უცვდება ფაჩუჩი, ის მიდის ყველასთან, ვისაც სწამს მისი და მას მოუხმობს დასახმარებლად. წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს აცმევენ აბრეშუმის, ოქრომკედით ნაქარგ ფაჩუჩებს (იხ. გარეკანის III გვ.), რომელსაც ყოველ წელიწადს 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ ხოლმე. ამ ფაჩუჩებს ანაწილებენ მორწმუნე მრევლში.

უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით კრწანისის ტერიტორიაზე ღმრთისმშობლის „ღირს არსის“ ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარი აშენდა. ტაძრის მშენებლობა 2008 წლის მაისში დაიწყო და შემოწირულობების წყალობით თითქმის ერთ წელიწადში დასრულდა. ეკლესია ჯვარგუმბათოვანი სტილისაა და ქართული წითელი აგურით არის ნაშენები. გამორჩეულია ტაძრის გუმბათი, რომელიც წმინდა სპირიდონის ქუდის იდენტურია და მის ფორმებს იმეორებს. ტაძარში წმინდანის სასწაულმოქმედი ხატი და ფეხთსამოსელია (ფაჩუჩი) დაბრძანებული. წმინდანის ფაჩუჩი საგანგებოდ ამ ტაძრისთვის ათონის წმინდა მთიდან ჩამოაბრძანეს. აქვე აშენდება კელიები, სადაც მონასტერში მოღვაწე მამები დაიდებენ ბინას.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა