წმიდა მოწამე ელეფთერი (+305-311)
ძვ. 15 დეკემბერი (ახლ. 28 დეკემბერი)

 ტროპარი:

მოწამემან შენმან უფალო ელეფთერი ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

 კონდაკი:

ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო ელეფთერი, სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

წმიდა მოწამე ელეფთერი იმპერატორ მაქსიმიანე ჰერკულესის (284-305; 307-311) კარზე დაახლოებული დიდგვაროვანი და მდიდარი კარისკაცი იყო. ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ იგი განერიდა სასახლეს და ცდილობდა, ლოცვითა და კეთილი საქმეებით სათნოჰყოფოდა უფალს. ბოლოს ერთმა მსახურმა იმპერატორთან დაასმინა ნეტარი ელეფთერი. უსჯულო თვითმპყრობელი ამაოდ ეცადა, ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან გადაედრიკა წმიდანი, რის შემდეგაც მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. ძაღლების საგლეჯად და ფრინველების საკორტნად მიგდებული მისი ცხედარი ერთმა კეთილმსახურმა ქრისტიანმა პატივით მიაბარა მიწას (მოწამის ხსენებას ეკლესია 4 აგვისტოსაც აღნიშნავს).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.