ღირსი პარდოს განდეგილი (VI)
ძვ. 15 დეკემბერი (ახლ. 28 დეკემბერი)

 ტროპარი:

ცრემლთა მდინარითა უდაბნო უქმი მოიმუშაკე, და სიღრმით სულისათ სულთქუმითა ასეულიდ შრომანი ნაყოფიერ-ჰყვენ, და იქმენ მნათობ, და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო პარდოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

 კონდაკი:

სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახვარი ხელთ-იდევ კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთ-მოქმედო მამაო პარდოს, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

ღირსი პარდოს განდეგილი რომში დაიბადა. სიჭაბუკეში იგი მეეტლედ მსახურობდა. ერთხელ, როცა ნეტარი იერიქონისკენ მიემგზავრებოდა, მისმა ეტლმა პატარა ბავშვი გაიტანა. თავზარდაცემული პარდოსი ბერად აღიკვეცა და არიონის მთას მიაშურა. იგი თვლიდა, რომ მსჯავრი უნდა მოეხადა, როგორც მკვლელს და სიკვდილს ეძიებდა. პარდოსი ლომის ბუნაგში მივიდა რომ მისგან დაგლეჯილს ამოხდომოდა სული, მაგრამ ამაოდ. განდეგილი ღვთის ნებას დამორჩილდა, თავის მთას დაუბრუნდა და მარხვასა და ლოცვაში გალია სიცოცხლე (VI).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.