წმიდა მოდესტოსი - იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი (+633-634)
ძვ. 18 დეკემბერი (ახლ. 31 დეკემბერი)

 ტროპარი:

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღურად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღუდელ-მთავარო მოდესტოსი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 კონდაკი:

საღმრთოჲსა ქუხილისა საყჳრო სულიერო, მორწმუნეთა სიმტკიცეო და განმდევნელო წვალებისაო, სამებისა მსახურო, დიდო მღვდელმთავარო მოდესტოსი, ანგელოზთა თანა მდგომარეო მარადის, ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათჳს.

წმიდა მოდესტოსი - იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი კაბადოკიის სებასტიაში (მცირე აზია) დაიბადა, ქრისტიანთა ოჯახში. მან სიყმაწვილიდანვე იგრძნო მისწრაფება მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისკენ და, როცა ჟამმა უწია, ბერად აღიკვეცა. შემდგომში ნეტარი მოდესტოსი წმიდა თეოდოსი დიდის სავანის იღუმენი იყო პალესტინაში. ამ დროს სირიასა და პალესტინას თავს დაესხნენ სპარსელები, ოთხმოცდაათი ათასი ქრისტიანი ამოხოცეს და მართლმადიდებლური ტაძრები დაანგრიეს. მტერმა უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი იგდო ხელთ და მრავალ სხვა ქრისტიანთან ერთად იერუსალიმის პატრიარქი ზაქარიაც დაატყვევა. ამის შემდეგ იერუსალიმის ეკლესიის განმგებლობა დროებით წმიდა მოდესტოსს დაევალა.

ნეტარმა მოდესტოსმა ალექსანდრიის პატრიარქის, იოანე მოწყალის (ხს. 12 ნოემბერს) დახმარებით აღადგინა დარბეული ქრისტიანული საყდრები. მან პატივით დაკრძალა დახოცილი ბერები საბა განწმენდილის ლავრიდან. თოთხმეტი წლის შემდეგ პატრიარქი ზაქარია ტყვეობიდან დაბრუნდა და თან ცხოველმყოფელი ძელიც ჩამოასვენა. მისი მიცვალების შემდეგ იერუსალიმის ეკლესიის მწყემსმთავრად წმიდა მოდესტოსი დაადგინეს. უფლის რჩეული 634 წელს მიიცვალა, ოთხმოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.