მღვდელმოწამე კლიმენტი - რომის პაპი (+101)
(25 ნოემბერი / 8 დეკემბერი)

 ტროპარი:

რომელი ღმრთისა მიერ ყოვლადდიდებულითა სასწაულთმოქმედებითა ყოველთა კიდეთა სოფლისათა განაკვირვებ და ყფროს ღელვასა ზღვისასა და სიღრმესა წყლისასა შეიქმ განყოფილად პატიოსანსა ხსენებასა შენსა მარადის წადიერად მოლტოლვილთა ღმრთივაღშენებულსა შენსა ეკლესიასა საკვირველთმოქმედებითა შენთა ნაწილთათა, და შემდგომად ერთა გამოსვლისა ზღვისა უკუე სრბისა-ჰყოფ შეერთებასა, სასწაულთმოქმედო კლიმენტი, ყოვლადსაკვირველო მღვდელმოწამეო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხოვრებად სულთა ჩვენთათვის.

 კონდაკი:

საღმრთოსა ვენახისა ვაზად მღვდელთმოქმედითა ყოველთა გამოუჩნდი მწთოლვარე სიბრძნისა სიტკბოებასა, მეოხებითა შენითა, ყოვლადპატიოსანო, აცხოვნენ მონანი შენნი, რაითა შეგითხზნათ საცნაური გალობაი, ვითარცა ძოწეულნი და შევსწირეთ შენდა, კლიმენტი წმიდაო.

მღვდელმოწამე კლიმენტი რომში დაიბადა იმპერატორ ტიბერიუს I-ის (14-27) დროს. მამამისი, ფავსტო, მდიდარი და დიდებული წარმართი იყო, დედა - საოცრად მომხიბლავი მათიდია კი - იმპერატორის ახლო ნათესავი. ცოლ-ქმარს ორი ტყუპი ძე ჰყავდა, კლიმენტი მათი ნაბოლარა ვაჟი იყო. ოჯახი მშვიდად ცხოვრობდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მათთან დასახლდა ფავსტოს ძმა, რომელმაც, მათიდიასადმი ვნებით შეპყრობილმა და ქალის სიმტკიცით გაბოროტებულმა, მისი შეურაცხყოფა დაიწყო. მათიდიამ არ ისურვა ქმრისთვის გაემხილა ავკაცის მზაკვრობა, და გადაწყვიტა, თვითონ განშორებოდა იქაურობას. მან მეუღლეს თხოვა, ათენში გადასულიყო საცხოვრებლად. ხანგრძლივი და დაჟინებული თხოვნის შემდეგ ფავსტომ მდიდრული ხომალდი აუგო მეუღლეს და უფროს შვილებთან ერთად ათენში გაგზავნა. რამდენიმე დღის შემდეგ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, აბობოქრებულმა ზღვამ ხომალდი იმსხვერპლა, გონდაკარგული მათიდია კი ნაპირზე გამორიყა. აქ იგი შეიფარა ერთმა კეთილმა ქვრივმა დედაკაცმა, რომელიც ცდილობდა, შვილების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება შეემსუბუქებინა მისთვის. მათიდიას უფროსი ძეები - ფავსტო და ფავსტიანე ზღვის მეკობრეებმა თავიანთ გემზე აიყვანეს და კესარიაში მონებად მიჰყიდეს ერთ კეთილმსახურ ქალს, რომელიც ღვიძლი შვილებივით ზრდიდა მათ. ძმებს ყოველგვარ მეცნიერებას ასწავლიდნენ. ისინი ქრისტეს მოძღვრებასაც გაეცნნენ და მოინათლნენ, შემდეგ კი მათ ქვეყანაში საქადაგებლად ჩასულ პეტრე მოციქულს დაემოწაფნენ.

მამამ არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ. სხვადასხვა გარემოებათა გამო მან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიტყო, რომ მისი ცოლ-შვილი ათენში არ ჩასულა და უკვალოდ გაქრა. საშინლად დამწუხრებულმა ფავსტომ პატარა კლიმენტი ერთგულ მონებს მიაბარა აღსაზრდელად, თვითონ კი დაკარგული ცოლ-შვილის საძებრად გაეშურა.

მშობლებს მოწყვეტილი კლიმენტი რომში იზრდებოდა. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო, ფუფუნებით იყო გარემოცული, მაგრამ ახლობლების დაკარგვით დადარდიანებულმა ყმაწვილმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა ელოდა ადამიანს სიკვდილის შემდგომ და ცდილობდა ცხოვრების არსს ჩასწვდომოდა. როცა დედაქალაქამდე მიაღწია ცნობებმა ქრისტესა და მის სწავლებაზე, ნეტარმა დატოვა სახლი, მამული და იქით გაეშურა, სადაც მოციქულები ქადაგებდნენ. ალექსანდრიაში კლიმენტი მოციქულ ბარნაბას შეხვდა, შემდეგ კი პალესტინაში ჩავიდა, პეტრე მოციქულის ხელით მოინათლა და მისი მოსწავლე, განუყრელი თანამგზავრი და მისი ღვაწლისა და ტანჯვით სავსე ცხოვრების მუდმივი თანაზიარი გახდა. პეტრეს თან ახლდნენ კლიმენტის ძმები ფავსტო და ფავსტიანეც, მაგრამ მათ, ბუნებრივია, ერთმანეთი ვერ იცნეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.