ტროპარი: შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთაისა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო პეტრე. |
კონდაკი: სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახვარი ხელთ-იდევ კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთ-მოქმედო მამაო პეტრე , ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. |
ღირსი პეტრე მდუმარე, გალატელი იერუსალიმში მოღვაწეობდა (+429). იგი წელიწადში ორჯერ იხსენიება, 1 თებერვალს და 25 ნოემბერს.
პეტრე გალატელი ცხრა წლის იყო, როდესაც ღვთის სიყვარულისთვის ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და ჯერ იერუსალიმს მიაშურა, შემდეგ კი ანტიოქიაში დაემკვიდრა. აქ წმიდანმა ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა, საზრდელს მხოლოდ დღეგამოშვებით ღებულობდა. გულმოდგინე მოღვაწეობისთვის მან უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი მამა 429 წელს გარდაიცვალა 90 წლის ასაკში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.