ტროპარი: უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოსად, და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი ღმერთ-შემოსილო მამაო წმიდაო რომანოზ, მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა მადლი ზეცით მოიღე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა რომელნი სარწმუნოებით შენდა მოივლტიან. დიდება, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდება, რომელმან გვირგვინოსან-გყო შენ, დიდება, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა. |
კონდაკი: სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახვარი ხელთ-იდევ კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთ-მოქმედო მამაო რომანოზ, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. |
ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი ქალაქ როსაში დაიბადა და ანტიოქიის მახლობლად მოსაგრეობდა V საუკუნეში. დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფალმა მას განჭვრეტისა და კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანის ლოცვებით მრავალი უშვილო დედაკაცი დაიხსნა ბერწობისაგან. წმიდა რომანოზი მკაცრი მმარხველი იყო და ჯვალოს ქვეშ მძიმე ჯაჭვებს ატარებდა. ნეტარმა მრავალი წელი იცხოვრა დაყუდებაში ისე, რომ ცეცხლი არ აუნთია. ბოლოს ღრმად მოხუცებულმა ღირსმა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.