ტროპარი: მოწამემან შენმან უფალო (სახელი) ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი. |
კონდაკი: ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო (სახელი), სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. |
წმიდა მოწამე პარამონი და სხვანი სამას სამოცდაათნი მის თანა 250 წელს, იმპერატორ დეკიუსის (249-251) მეფობისას აღესრულენ ქრისტესთვის. ბითვინიის (მცირე აზია) მთავარმა, აკვილინემ სამას სამოცდაათი მართლმორწმუნე შეაპყრობინა და წამებით აიძულებდა მათ, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ. ქრისტიანთა ტანჯვა რომ იხილა, ადგილობრივმა მკვიდრმა, დიდებულმა პარამონმა შესძახა: „რამდენი უდანაშაულო იღუპება იმისთვის, რომ უსულო კერპებს არ სცემს თაყვანს!“ ამისთვის ისიც შეიპყრეს, ენა გაუხვრიტეს, სხეული მახვილებით დაუსერეს, დაბოლოს, სხვა სამას სამოცდაათ მოწამესთან ერთად თავი მოჰკვეთეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.